ცესკო: კენჭისყრისა და შემდგომ დღეებში საოლქო საარჩევნო კომისიებში, დაახლოებით, 1 941 საჩივარია შესული

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, კენჭისყრისა და შემდგომ დღეებში საოლქო საარჩევნო კომისიებში, დაახლოებით, 1 941 საჩივარია შესული.

ცესკო-ს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის, გიორგი სანტურიანის განცხადებით, აქედან საარჩევნო სუბიექტებმა წარადგინეს 1 272, ხოლო სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა 564.

,,კენჭისყრის დღესთან დაკავშირებული საჩივრები ძირითადად შეეხებოდა პროცედურილ საკითხებს, ხოლო კენჭისყრის დღის შემდგომი საჩივრები საუბნო საარჩევნო კომისიების შედეგებსა და კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმებს კანონიერებას.

აღსანიშნავია, რომ საჩივრების უმეტესობა საოლქო საარჩევნო საარჩევნო კომისიებში პროცედურების დარღვევით იყო წარდგენილი, რის გამოც საარჩევნო სუბიექტების მიერ წარდგენილი 901 საჩივარი შესწავლისა და სათანადო სამართლებრივი შეუსაბამობის გამო დარჩა განუხილველი, ხოლო ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ წარდგენილი საჩივრებიდან 126.

აღსანიშნავია რომ საჩივრების წარდგენის პროცედურები 2020 წლის არჩევნებისთვის არ შეცვლილა და ანალოგიური იყო ბოლო წლების საჩივრების წარდგენის პროცედურისა. მაგალითად, ხშირად იყო ისეთი შემთხვევა, როდესაც საუბნო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმებისა და საუბნო საარჩევნო კომისიის შედეგების ბათილად ცნობას პარტიის სახელით ითხოვდა საჩივრების წარსდგენაზე არაუფლებამოსილი პირი და ამგვარი საჩივრების რაოდენობა იყო საკმაოდ მრავალრიცხოვანი. ასევე იყო შემთხვევები, როდესაც ამგვარი მოთხოვნებით საჩივრები წარადგინეს სადამკვირვებლო ორგანიზაციის დამკვირვებლებმა მაშინ, როცა მათ არ გააჩნდათ სადამკვირვებლო ორგანიზაციების სახელით საჩივრის შეტანის უფლებამოსილება.

ამასთან, შემაჯამებელ ოქმებთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ გვინდა აღვნიშნოთ, რომ ყველა კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმიდან განსხვავებული აზრი წარმოდგენილი იყო მხოლოდ ოთც შემთხვევაში, ხოლო მცირე გამონაკლისის გარდა, შემაჯამებელ ოქმებზე ფიქსირდება კენჭისყრის დღეს უბანზე მყოფი ყველა კომისიის წევრის ხელმოწერა.

ასევე, გვინდა, აღვნიშნოთ, რომ საუბნო საარჩევნო კომისიის შედეგების შემაჯამებელი ოქმებისა და საუბნო საარჩევნო კომისიის შედეგების ბათილად ცნობის მოთხოვნით საჩივრების წარდგენის პროცედურისა და დარღვევის გამო განუხილველად დატოვების შემთხვევებში საოლქო საარჩევნო კომისიები თავიანთ დასაბუთებაში უთითებდნენ ოქმებისა და მონაცემების სისწორეზე, რათა მონაცემების სისწორე არ დამდგარიყო კითხვის ნიშნის ქვეშ“, – განაცხადა გიორგი სანტურიანმა.

მანვე საზოგადოებას მიაწოდა ინფორმაცია შედეგების გადათვლასთან დაკავშირებით.

„სულ საოლქო საარჩევნო კომისიებმა მოცემული მდგომარეობით გადაითვალეს 39 უბნის შედეგი, აქედან ექვს შემთხვევაში საკუთარი ინიციატივით, 14 შემთხვევაში განცხადება – საჩივრის საფუძველზე, ხოლო 19 შემთხვევაში სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე. ჯამში გადათვლის პროცესი შეეხო 24 500-მდე ამომრჩეველს და შესაბამისი რაოდენობის ხმებს. აღსანიშნავია, რომ უმეტესი უბნის შემთხვევაში შედეგები დარჩა უცვლელი, ზოგიერთი კი დაზუსტდა და შეიცვალა საარჩევნო კომისიების გადაწყვეტიკებით. ასევე, შეგახსენებთ, რომ ამჟამად სააპელაციო სასამართლოებში მიმდინარეობს საქმეთა განხილვა და ინფორმაციის განახლებასთან ერთად წარმოგიდგენთ განახლებულ ინფორმაციას“, – განაცხადა გიორგი სანტურიანმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები