“გაცილებით იოლია, ყველგან გამოვიყენოთ პირბადე და დავიცვათ მინიმალური წესები, სხვა ყველაფერი, რაც შეზღუდვებისკენ წაგვიყვანს, დაგვაზიანებს და მეტ ეკონომიკურ ფასს გადავიხდით”

“გაცილებით იოლია, ყველგან გამოვიყენოთ პირბადე და დავიცვათ მინიმალური წესები, სხვა ყველაფერი, რაც შეზღუდვებისკენ წაგვიყვანს, დაგვაზიანებს და მეტ ეკონომიკურ ფასს გადავიხდით”, – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა დღეს საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.
როგორც მან განაცხადა, აუცილებელია ვირუსის გავრცელების შეკავება.
„ყველა გამოსვლაში როგორც პრემიერმინისტრი, ასევე ეპიდემიოლოგები იმეორებენ, რომ საუკეთესო გზა შეკავებისა არის პირადი ჰიგიენის დაცვა. პირველ ყოვლისა, ეს არის პირბადეები. შეზღუდვებით შეკავება ძვირი დაგვიჯდება. ახლა, პრაქტიკულად, გავდივართ ბეწვის ხიდზე. ეპიდემიოლოგიური კუთხით, სიტუაცია მართვადია და ეს უნდა შევინარჩუნოთ, დაახლოებით, ამ დონეზე. შემდეგ, თავისთავად, გავრცელების ტრენდი წამოვა ქვემოთ. არაფრით არ უნდა მოხდეს, რომ დღის განმავლობაში გაორმაგდეს და გასამმაგდეს ინფიცირებულების რაოდენობა. ამ შემთხვევაში, რასაკვირველია, ზეწოლა იქნება გაცილებით დიდი”, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.
მისი თქმით, პანდემიის დასრულების შემდეგ ყველა ქვეყანა შეფასდება ორი კრიტერიუმით: სად იყო გარდაცვალებულთა ყველაზე დაბალი პროცენტული რაოდენობა და ეკონომიკის ნაკლები დაზიანება.
„სამწუხაროდ, გარდაცვალება ყველგან იქნება და რაოდენობები გაიზრდება, მაგრამ აქ საუბარია პროცენტულად, სად იქნება ყველაზე დაბალი გარდაცვალების პროცენტი და სად იქნება ეკონომიკის ყველაზე ნაკლები დაზიანება. ეს იქნება მთავარი კრიტერიუმები, რითაც შეფასდება, რამდენად იყო წარმატებული ესა თუ ის მთავრობა და, მასთან ერთად, საზოგადოება და ქვეყანა. ყველა წინაპირობა არსებობს, რომ ჩვენ ამ მონაცემით ვიყოთ საუკეთესო. ამისთვის აუცილებელია, ჩვენმა თითოეულმა  მოქალაქემ დაიცვას წესები,” – აღნიშნა ივანე მაჭავარიანმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები