დავით ზალკალიანი დავით გარეჯის საკითხთან დაკავშირებით: სახელმწიფო იწყება საზღვრების განსაზღვრით

რადიო იმედის პოლიტიკურ თოქ-შოუ „კვირის პოლიტიკაში” საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით გარეჯის საკითხთან დაკავშირებით ისაუბრა.

მისი თქმით დავით გარეჯი საქართველოს სახელმწიფოებრიობასთან დაკავშირებული იყო დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის პირველივე წლებიდან, სამონასტრო კომპლექსს აქვს ისტორიულად უაღრესად დიდი მნიშვნელობა და მას კიდევ უფრო მეტ დამატებით მნიშვნელობას სძენს ის ფაქტი, რომ უკავშირდება საზღვრის დემარკაცია-დელიმიტაციის თემას.

„მოგეხსენაბათ, სახელმწიფო იწყება საზღვრების განსაზღვრით და სწორედ აქედან დაიწყო ჩვენი ურთიერთობა მეზობლებთან, როდესაც 90-იან წლებში საგარეო საქმეთა სამინისტროში ჩამოყალიბდა დემარკაცია-დელიმიტაციის კომისია და ერთ-ერთი პირველი მოლაპარაკებები სწორედ აზერბაიჯანთან გაიმართა” – თქვა ზალკალიანმა. მისი განცხადებით, 1996 წელს შეთანხმებულ პირველ ოქმში არის გაკეთებული უაღრესად მნიშვნელოვანი ჩანაწერი, სადაც არის პირდაპირი მინიშნება და პირდაპირი აღნიშვნა იმისა, რომ საზღვრის დემარკაცია-დელიმიტაცია უნდა განხორციელდეს 1938 წლის ხაზით. „რას ნიშნავს ეს: პირველ რიგში იმას, რომ 1938 წელს, როდესაც დაიშალა ამიერკავკასიის ფედერაცია, აუცილებელი იყო იმ რესპუბლიკებს რომლებიც შევიდნენ საბჭოთა კავშირში, შემოსაზღვრული ჰქონოდათ თავიანთი საზღვრები. ამიტომ, მეზობლები, საქართველო და აზერბაიჯანი, 1996 წელს შეთანხმდნენ, რომ სწორედ 1938 წლის ხაზი იქნებოდა განმსაზღვრელი ჩვენი დემარკაცია-დელიმიტაციის პროცესში. საფუძვლად იყო აღებული რუკა, რომლის მასშტაბი არის 1:500.000. ყველა ის დამატებითი მასალა, რაც მნიშვნელოვანი იქნებოდა ამ საზღვრის განსაზღვრისთვის არის ვალიდური და რელევანტური. აქედან გამომდინარე, ეს იყო საფუძველთ საფუძველი, პირველი, უაღრესად მნიშვნელოვანი შეთანხმება”, – განმარტა მინისტრმა.

ზალკალიანის თქმით, აუცილებელი იყო, შემდგომ წლებში, მოლაპარაკებების პროცესში, აქტიურად ყოფილიყო გამოყენებული 1938 წლის 1:500.000-იანი რუკის შესაბამისი, დამატებითი, კარტოგრაფიული მასალები, რაც სამწუხაროდ აღმოჩნდა, რომ არ იყო სრულფასოვნად და ეფექტიანად გამოყენებული: „ამას რა თქმა უნდა არკვევს პროკურატურა იმ სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, რაც არის აღძრული. მე ვერავითარ შემთხვევაში ვერ გავიზიარებ იმ პოზიციას, რომ ეს არის დაკავშირებული არჩევნებთან, რადგანაც პროცესი დიდი ხანია დაწყებულია”.

როგორც დავით ზალკალიანი აცხადებს, 2020 წლის 24 სექტემბერს, მეზობელი და სტრატეგიული პარტნიორის, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტისთვის, უკვე ჩატარებული იყო ძალიან სერიოზული მოსამზადებელი სამუშაო, მოძიებული იყო დამატებითი კარტოგრაფიული მასალები, ასევე საექსპერტო დასკვნები, რომლებიც მნიშვნელოვნად გაამყარებდა სახელმწიფოს პოზიციებს.

მინისტრმა ასევე ისაუბრა ამ საკითხის განვითარებასთან დაკავშირებით მმართველი გუნდის ხელისუფლებაში მოსვლის დასაწყისიდან.

„როდესაც ქართული ოცნება მოვიდა ხელისუფლებაში, დაიწყო მოძიება სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით. ძალიან ბევრი კითხვა არსებობდა, მაგალითად რამდენად ეფექტიანად ხდებოდა იმ რუკების გამოყენება, რომელიც ჩვენ ხელთ არსებობდა? როდესაც ჩვენ გავაკეთეთ ანალიზი, აღმოჩნდა რომ ყველაზე მნიშვნელოვანი რუკა, 1:200.000-იანი მასშტაბის, კომისიას არ გააჩნდა. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რუკა, რომელიც გაამყარებდა ჩვენს პოზიციებს. 2018 წელს, როდესაც დავინიშნე საგარეო საქმეთა მინისტრად, ბუნებრივია ერთ-ერთი პირველი საკითხი, რომელიც განსაზღვრული იყო პრიორიტეტებში, იყო სწორედ დემარკაცია-დელიმიტაციის საკითხი. მოგეხსენებათ კომისიებს ხელმძღვანელობენ მინისტრის მოადგილეები და სწორედ ჩემი მინისტრად დანიშვნის შემდეგ, ერთ-ერთი პირველი გადაწყვეტილება იყო, რომ ჩემი მოადგილე, ლაშა დარსალია გაუძღვებოდა ამ კომისიიის საქმიანობას. ბუნებრივია პირველი რაც გავაკეთეთ, იყო ანალიზი იმ მოცემულობის და მასალის რაც გააჩნდა კომისიას. უნდა აღინიშნოს, რომ საზღვრის დემარკაცია-დელიმიტაციისთვის, ძალიან რთულია 1:500.000-იანი მასშტაბის რუკით დადგინდეს ზუსტი საზღვრები საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის და საქართველოსა და მის სხვა მეზობლებს შორის. ამიტომ იყო აუცილებელი უფრო მსხვილი რუკის მოძიება და როდესაც ჩვენ საქმეში ჩავიხედეთ აღმოჩნდა, რომ ასეთი რუკა საერთოდ არ არსებობდა და კომისია არ ხელმძღვანელობდა 1:200.000-იანი მასშტაბის რუკით. ბევრი კითხვა არსებობდა, ჩემთან მოდიოდნენ სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, ექსპერტები, იყო მომართვა ჩვენი ეკლესიის მხრიდან – თუ რატომ არ ხდებოდა კომისიის ფარგლებში მსგავსი სახის რუკებით ხელმძღვანელობა, რაც დიდწილად გაამყარებდა ჩვენს პოზიციებს”, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

სექტემბერში, როდესაც საქართველოში ჩამოვიდა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი, უკვე სერიოზულად ვიყავით მომზადებული, რადგან გაგვაჩნდა ის კარტოგრაფიული მასალები, მათ შორის 1:200.000-იანი რუკის ორიგინალი, რომელიც ჩვენმა თანამემამულემ, დავით ხიდაშელმა მოიძია. მან მოიძია არა მხოლოდ ეს რუკა, არამედ სხვა დამატებითი მნიშვნელოვანი რუკები, სხვადასხვა ქვეყნების საარქივო მასალებიდან, მათ შორის რუსეთიდან, ამერიკიდან, გერმანიიდან, შვეიცარიიდან და საფრანგეთიდან.

“ეს არის მასალა, რომელიც აუცილებლად უნდა ყოფილიყო გამოყენებული – ის, თუ რატომ არ იქნა გამოყენებული, ამ კითხვაზე პასუხს პროკურატურა გასცემს იმ ძიების ფარგლებში, რომელიც ამჟამად მიმდინარეობს. თუმცა, ჩვენი პოზიციები ამჟამად არის გაცილებით უფრო ძლიერი და მკაფიო, გამომდინარე იქედან, რომ ჩვენ ხელთ გვაქვს ეს მასალები”, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ჟურნალისტის კითხვაზე მმართველი გუნდის ოპონენტებთან და აღნიშნულ თემაზე საქართველოს მესამე პრეზიდენტის განცხადებასთან დაკავშირებით, მინისტრმა განაცხადა, რომ „ცალსახაა, რომ იკვეთება ამ გუნდის პოლიტიკური პასუხისმგებლობა.

“რაც შეეხება სამართლებრივ პასუხიმგებლობას, მე არ ვარ ის პირი ვინც ამას იტყვის, ეს პროკურატურის პრეროგატივაა, თუმცა ვარ ერთ-ერთი პირი, ვინც არის დაინტერესებული, რომ რაც შეიძლება სწრაფად განვითარდეს პროცესები და გამოძიება, რათა ყველა კითხვას გაეცეს პასუხი. ის ფაქტი, რომ მაშინდელი მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან კეთდებოდა ისეთი განცხადებები, რომლებიც იყო დამაზიანებელი ჩვენი პოზიციონირებისთვის ამ კომისიაში, ეს არის მართლაც ძალიან დამაფიქრებელი. ამიტომ, მე ვსვამ მათი პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხს. ამის თქმის საფუძველს მიმყარებს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დასკვნა, რომელიც დღეს ჩვენ უკვე გაგვაჩნია. ჩვენ ამ კომისიის ფარგლებში, როდესაც დავიწყეთ დამატებითი მასალების მოძიება, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელიც გადავდგით იყო ის, რომ დავიქირავეთ ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი, ავტორიტეტული, ამერიკული იურიდიული კომპანია, რომელსაც გააჩნია გამოცდილება სახელმწიფოებს შორის საზღვრის დავის საკითხში. მას გადავეცით ჩვენს ხელთ არსებული მასალები, მათ შორის ახალი კარტოგრაფიული მასალები, რომლებიც ჩვენ მივიღეთ იმ პროცესის შედეგად, რა პროცესიც იყო დაწყებული და ვთხოვეთ, რომ წარმოედგინათ საერთაშორისო ექსპერტული დასკვნა 1:200.000-იან რუკასთან დაკავშირებით, რადგან ჩვენ გვესმოდა უამრავი სპეკულაცია ამ რუკასთან დაკავშირებით. ამჟამად, ჩვენი პოზიციები კიდევ უფრო გამყარებულია, რადგან გვაქვს საერთაშორისო, ავტორიტეტული ამერიკული კომპანიის დასკვნა, რომ ეს არის იმ მასშტაბის და მნიშვნელობის რუკა, რომელიც ამყარებს საქართველოს პოზიციებს. უფრო მეტიც, იგივე დასკვნაში ასევე ძალიან მკაფიოდ წერია, რომ მაშინდელი მაღალი თანამდებობის და პოლიტიკური პასუხისმგებლობის პირების მიერ გაკეთებული საჯარო განცხადებები მნიშვნელოვანწილად ასუსტებს საქართველოს პოზიციებს. აქედან გამომდინარე, ჩვენ უკვე გვაქვს ძალიან სერიოზული არგუმენტები, ფაქტობრივი მასალები, საერთაშორისო დასკვნები, რაც გვაძლევს საშუალებას, გავამყაროთ ჩვენი პოზიციები და წავიდეთ რაც შეიძლება წინ.

კიდევ ერთი სპეკულაცია, რაც მოვისმინეთ, თითქოს ამის გაკეთება არ შეიძლებოდა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის კონფლიქტის ესკალაციის დროს – საზოგადოებას მინდა შევახსენო: ჩვენ ეს პროცესი დავიწყეთ გაცილებით ადრე, ვიდრე მოხდებოდა კონფლიქტის ესკალაცია აზარბაიჯანსა და სომხეთს შორის. 24 სექტემბერს, როდესაც მე ვუმასპინძლე აზერბაიჯანის, ჩვენი ერთ-ერთი მთავარი სტრატეგიული პარტნიორის, საგარეო საქმეთა მინისტრს, საერთოდ არ იყო ეს ესკალაცი დაწყებული და მათი პოზიცია იყო ძალიან ადეკვატური. ჩვენ ერთობლივად გამოვედით

პრეს-კონფერენციაზე და ვთქვით, რომ ეს საკითხი არის მნიშვნელოვანი და უნდა გადავიდეს სამსჯელოდ კომისიის ფარგლებში” – განაცხადა მინისტრმა​.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები