გიორგი გახარია: წერტილოვანი შეზღუდვები, დისციპლინა და წესების დაცვა არის გასაღები, რომელიც გვიტოვებს შესაძლებლობას, ეკონომიკა კი არ გავანადგუროთ, არამედ, პირიქით, გავაძლიეროთ
“წერტილოვანი შეზღუდვები და დისციპლინის და მკაცრი წესების დაცვა, რაც არის პირბადის ტარება, დისტანციის დაცვა, ეს არის ის გასაღები, რომელიც ჩვენ გვიტოვებს შესაძლებლობას, გრძელვადიან პერსპექტივაში, ვირუსთან თანაცხოვრების გზით, ჩვენი ეკონომიკა არ გავანადგუროთ და, პირიქით, გავაძლიეროთ’, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ეს არის, რაზეც უნდა შევთანხმდეთ და ამ შეთანხმების შემდგომ უნდა გვესმოდეს, რომ არანაირი პანიკის საფუძველი ვაიპოლიტიკოსებისა და ვითომ ექსპერტების მხრიდან არ არსებობს.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ვირუსის გავრცელების ტემპის შესამცირებლად ყველაფერი კეთდება, თუმცა, ამის მიუხედავად, შემთხვევების მატება იქნება.
„ასეთი მატება იყო მოსალოდნელი და ყოველთვის ვამბობდით, რომ მეორე ტალღის პირობებში ინფიცირებულების ზრდა იქნება, თუმცა, ჩვენ ამ ზრდის რესურსი გვაქვს. დღეს ჯანდაცვის სისტემა უფრო მომზადებულია, ვიდრე იყო 6-7 თვის წინ, თუმცა, ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ რესურსები ამოუწურავი არ არის. პირველ ყოვლისა, უნდა გავუფრთხილდეთ ერთმანეთს და გავუფრთხილდეთ ქვეყნის შემდგომი ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობას. წერტილოვანი შეზღუდვები და დისციპლინის და მკაცრი წესების დაცვა, რაც არის პირბადის ტარება, დისტანციის დაცვა, ეს არის ის გასაღები, რომელიც ჩვენ გვიტოვებს შესაძლებლობას, გრძელვადიან პერსპექტივაში, ვირუსთან თანაცხოვრების გზით, ჩვენი ეკონომიკა არ გავანადგუროთ და პირიქით, გავაძლიეროთ. ეს არის, რაზეც უნდა შევთანხმდეთ და ამ შეთანხმების შემდგომ უნდა გვესმოდეს, რომ არანაირი პანიკის საფუძველი, ვაიპოლიტიკოსების, და ვითომ ექსპერტების მხრიდან არ არსებობს”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.