„ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ სამშობლოს მიწისა და სიწმინდეების გამყიდველებს ფეხქვეშ მიწა ეწვოდეთ“ – შიხიაშვილი ნიკა მელიას დებატებში იწვევს
პარტია „ქართული მარში – ეროვნული მოძრაობის“ გენერალური მდივანი, ირაკლი შიხიაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერს, ნიკა მელიას დებატებში იწვევს. ამის შესახებ შიხიაშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
შიხიაშვილის თქმით, ის ხუთშაბათს, 15 ოქტომბერს ნიკა მელიას ოფისში მივა, ორ სკამს მიიტანს და მელიას დაელოდება.
შიხიაშვილი აცხადებს, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ „ქართული მარშის“ წინააღმდეგ მიზანმიმართული, ცილისმწამებლური კამპანია დაიწყო.
„მას შემდეგ, რაც „ქართულმა მარშმა“ დავით გარეჯში გამაფრთხილებელი აქცია ჩაატარა და მეზობელ აზერბაიჯანს დაუფიქსირა ქართველი ერის ურყევი ნება, რომ ქართველი ერი არასდროს დათმობს თავის სიწმინდესა და ტერიტორიას, „ქართული მარშის“ მიმართ „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი ანასხლეტებისგან, მთლიანად ამ ლიბერასტული სამყაროსგან, მათგან მართული სოროსვიზიებისგან დაიწყო მიზანმიმართული, ცილისწამებლური, ძალიან ბინძური პიარკამპანია. დაიწყეს ჩვენი მარგინალიზაციის პროცესი. მინდა, მივმართო საზოგადოებას და ჩავაყენო საქმის კურსში – „ქართული მარში – ეროვნული მოძრაობა“ ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ სამშობლოს მიწისა და მისი სიწმინდეების გამყიდველებს ფეხქვეშ მიწა ეწვოდეთ. ასევე, მინდა, გითხრათ – ჩემთვის ძალიან გაუგებარი იყო ნიკანორ მელიასგან განცხადებები, თითქოს, ჩვენ რუსეთუმეები, „ქართული ოცნებისგან“ მართული ძალა და „პუტინის მარში“ ვართ. არა მარტო ნიკანორ მელიასგან, ბევრი ლიდერისგან მომდინარეობს ეს სამარცხვინო, ცრუ ბრალდება. მე ნიკა მელიას ნაცსექტაში შედარებით ყველაზე პრინციპულ ადამიანად მივიჩნევ. თუმცა, ისიც გვახსოვს, ზეწოლის შედეგად როგორ გააკეთა მამათმავლების მხარდასაჭერი განცხადება. მიუხედავად ამისა, მე მივმართავ მას და ვუფიქსირებ ჩემს წინადადებას: ზეგ მე მივალ მასთან ოფისში, მივიტან ორ სკამს, ერთზე დავჯდები მე და დაველოდები მას, რომ გამობრძანდეს და მინდა, რამდენიმე კითხვაზე გამცეს პასუხი. თუ მას ექნება კითხვები, მეც მზად ვარ, გავცე პასუხი. მან მოიწვიოს ის ტელევიზიები, რომლებთანაც ძალიან მეგობრული ურთიერთობები აქვთ. მთელმა საქართველომ გაიგოს – ვინ ვინ არის, ვინ არის ანტისახელმწიფოებრივი ძალა და ვინაა სამშობლოსთვის თავდადებული ძალა. იმედი მაქვს, არ ამოეფარება თავის პარტიის შინაგანაწესსა და რეგლამენტს“, – განაცხადა ირაკლი შიხიაშვილმა.