რომან გოცირიძე: „ნაციონალური მოძრაობა“ ფრაქციის ფორმატში 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განხილვაზე უარს ამბობს
„ნაციონალური მოძრაობა“ ფრაქციის ფორმატში 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განხილვაზე უარს ამბობს”, – ამის შესახებ ფრაქციის თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ამ ბიუჯეტის განხილვას აზრი არ აქვს.
„ეს ბიუჯეტი არ იქნება მომავალი წლისთვის, შეიცვლება ხელისუფლება, ახალი ბიუჯეტი იქნება ის ბიუჯეტი, რომელიც ქვეყანაში ეკონომიკურ სტაბილურობას დაამყარებს. ამ ბიუჯეტის განხილვას აზრი არ აქვს. ბიუჯეტის შენიშვნებს 16 ოქტომბერს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში გავაგზავნით. დღეს განხილვაში მონაწილეობას არ მივიღებთ, რადგან მათი ბიუჯეტი ნახევარფაბრიკატია. მასში ჯანდაცვის ხარჯებიც კი არ არის მოცემული. ველოდებით, პანდემიასთან დაკავშირებით პროცესები როგორ განვითარდებაო – კატასტროფული მიმართულებით განვითარდა, დღეში 500 ინფიცირებული და რამდენიმე გარდაცვლილია. ნუთუ, პროგნოზის გაკეთება ძნელია, რომ, პირველ ყოვლისა, საჭირო იყო, ხუთი მილიარდი მოხმარებოდა ჯანდაცვის სფეროს გაძლიერებასა და ეკონომიკის ფეხზე დაყენებას. მოგებული დრო იმ პროცესების ალაგმვას უნდა მოხმარებოდა, რასაც, სამწუხაროდ, დღეს ვხედავთ, როცა ქვეყანაში ლარი ჩამოიშალა და გაიქცა ვირუსი, რეალურად, უკონტროლო ვითარებაა. მის განხილვას არავითარი აზრი არ აქვს”, – განაცხადა გოცირიძემ.