გერმანელთა სასტუმროები ძველ თბილისში – ზალცმანის სასტუმრო

თბილისური სასტუმროების ისტორია ერთი იმ ხიდთაგანია, რომლებიც საქართველოს ისტორიას ევროპის ისტორიასთან აკავშირებს. სასტუმრო, როგორც ეკონომიკური, სოციალური და არქიტექტორული ფენომენი ახალმა დრომ მოიტანა, და, შესაბამისად, ის იყო ამ ახალი დროის მონაბერი ბევრი სიახლის მიკროსამყარო. სასტუმრო წარმოადგენა ადგილობრივი თემისა და მის გარეთ არსებული უფრო დიდი საზოგადოების შეხვედრის ადგილს, სივრცეს, რომელიც, ერთი მხრივ, ცხადად აჩენდა განსხვავებას შინაურსა და გარეულს, “მე”-სა და უცხოს შორის და, მეორე მხრივ, ხელს უწყობდა მათ დაახლოებას.

XIX-XX საუკუნეთა მიჯნაზე სასტუმროს ბიზნესში ჩართული იყვნენ როგორც ქართველი მეწარმეები, ასევე, სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლები. აღსანიშნავია, რომ,ლ პირველ სასტუმროებს თბილისში მცხოვრები ევროპელები ხსნიან. მათ შორის არიან გერმანელები. გერმანელებს უკავშირდება სასტუმროები: მადერივეტცელი, ლონდონი და სხვ.

ზალცმანის სასტუმრო

ზალცმანის სასტუმრო მდებარეობდა რიყეზე – იქ, სადაც რამდენიმე გერმანელი კოლონისტის სახლები იდგა. სასტუმრო თეოდორ (ფრიდრიხ) ზალცმანმა მოაწყო თავისსავე აშენებულ სახლში.

თეოდორ ზალცმანი, ხელობით ხარატი, 1819 წელს ჩამოსახლდა ვიურტემბერგიდან. თავიდან მან ლუდსახარში გამართა და თბილისში პირველმა დაიწყო ლუდის დამზადება; შემდეგ დააარსა ლუდხანატრაქტირი, სადაც სტუმრებს საკუთარი პროდუქციით უმასპინძლდებოდა. სასტუმრო პირველად მან 1830 წელს გახსნა, მაგრამ, როგორც ჩანს, ვერ იმუშავა და მალე დაიხურა. 1833 წელს ზალცმანმა სასტუმრო კვლავ გახსნა და ამჯერად მისი წამოწყება ბევრად უფრო წარმატებული გამოდგა. მომდევნო ათი-თორმეტი წლის მანძილზე ზალცმანის სასტუმრო ქალაქში საუკეთესოდ ითვლებოდა. აქ ჩერდებოდა თბილისში ჩამოსულ ევროპელთა უმეტესობა. მას მრავალი მოგზაური იხსენიებს თავის ჩანაწერებში, მათ შორის, ფრედერიკ დიუბუა დე მონპერე, კარლ კოხი, ბარონი ავგუსტ ფონ ჰაქსტჰაუზენი, იდა პფაიფერი, ფრიდრიხ ბოდენშტედტი, რიჩარდ უილბრეჰემი და მორიც ვაგნერი.

ცნობები ზალცმანის სასტუმროს შესახებ 1834-1845 წლებს შორის მონაკვეთზე მოდის. ამის შემდეგ ევროპელი მოგზაურები აქ, ეტყობა, ნაკლებად ჩერდებოდნენ, თუმცა, სასტუმრომ 1860-იან წლებამდე იარსება.

ზალცმანის სასტუმროს შენობა არ შემორჩენილა. მოგზაურთა აღწერებით, ეს იყო მომცრო სახლი ძლიერ დამრეცკალთებიანი ასიმეტრიული სახურავითა და დაბალი შესასვლელი კარით. პირველ სართულზე ერთ მხარეს იყო საბილიარდო, მეორე მხარეს – საგანგებოდ გერმანელი სტუმრებისათვის მოწყობილი საერთო ოთახი ლურჯად შეღებილი კედლებით. აქვე ცხოვრობდა თვით თეოდორ ზალცმანიც მეუღლესა და ექვს შვილთან ერთად. სტუმრების საცხოვრებელი ოთახები მეორე სართულზე იყო.

წყარო: ქართულ-გერმანული არქივი

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები