დავით ზალკალიანი: ვაფასებთ კიბერუსაფრთხოების საკითხებზე ჩვენი პარტნიორებისაგან, მათ შორის, გაერთიანებული სამეფოს, აშშ-სა და ესტონეთისგან მომდინარე ორმხრივ მხარდაჭერასა და დახმარებას
არ არის გასაკვირი, რომ დღესდღეობით, რუსეთის სამიზნე, კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის ერთ-ერთი ყველაზე უფრო წარმატებული ინსტრუმენტი – რიჩარდ ლუგარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრია, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის ორგანიზებით გამართულ ღონისძიებაზე – ” საქართველოს კიბერუსაფრთხოების ფორუმი 2020″ განაცხადა.
ზალკალიანის თქმით, კიბერუსაფრთხოება არის გლობალური გამოწვევა, რომელიც უდიდეს საფრთხეს წარმოადგენს. ამას მოწმობს ბოლო პერიოდში კიბერ-თავდასხმების გაზრდილი რაოდენობა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, კორონავირუსის პანდემიის პირობებში, კიბერუსაფრთხოების საჭიროება კიდევ უფრო გაიზარდა, რაც გამოწვეულია მსოფლიოში ვირტუალურ კომუნიკაციებზე დამოკიდებულების გაზრდით.
მინისტრმა ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა კიბერუსაფრთხოების მნიშვნელობაზე და კიბერთავდაცვის შესაძლებლობების განვითარების პროცესში საერთაშორისო თანამშრომლობის აუცილებლობაზე.
“სამწუხაროდ, ჩვენ ყველანი ვხედავთ, რომ რუსეთის ფედერაცია ამ რთულ პერიოდშიც კი, განაგრძობს აგრესიულ, ოპორტუნისტულ ქცევას, რათა პოლიტიკური დივიდენდები მოიპოვოს, მათ შორის საქართველოს წინააღმდეგ გააძლიეროს დეზინფორმაციული და პროპაგანდისტული ომი, რაც მის ხელთ არსებული ჰიბრიდული საბრძოლო მოქმედების წარმოების ინსტრუმენტის ნაწილია. არ არის გასაკვირი, რომ დღესდღეობით, რუსეთის სამიზნე, კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის ერთ-ერთი ყველაზე უფრო წარმატებული ინსტრუმენტი – რიჩარდ ლუგარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრია.”- აღნიშნა ზალკალიანმა.
მინისტრმა ასევე ყურადღება გაამახვილა საქართველოსა და საერთაშორისო პარტნიორებს შორის კიბერ-უსაფრთხოების სფეროში მზარდ თანამშრომლობაზე, განსაკუთრებით 2019 წლის 28 ოქტომბერს საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული კიბერ-თავდასხმის გათვალისწინებით. მისი თქმით, აღნიშნული წარმოადგენს საერთაშორისო პარტნიორებთან კიბერ-თავდასხმაზე წარმატებული მჭიდრო თანამშრომლობის მაგალითს შესაბამისი გამოძიების ჩატარებისა და საზოგადოების ინფორმირების თვალსაზრისით.
საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ასევე გაიხსენა 2007-2008 წლებში, ესტონეთისა და ლიეტუვის წინააღმდეგ განხორციელებული კიბერ-შეტევები,ისევე როგორც 2008 წლის აგვისტოში, რუსეთ-საქართველოს ომის დროს, საომარი მოქმედებების პარალელურად განხორციელებული მასიური კიბერშეტევა საქართველოს წინააღმდეგ.
საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ აღნიშნული საფრთხის წინააღმდეგ ბრძოლის გზაზე წარმატების მიღწევა მხოლოდ ერთობლივ მობილიზაციას შეუძლია.
ამ კუთხით დავით ზალკალიანმა ყურადღება გაამახვილა საგარეო საქმეთა სამინისტროს მნიშვნელოვან როლზე, რომელიც დამაკავშირებელ ხიდს წარმოადგენს საქართველოსა და საერთაშორისო პარტნიორებს შორის.
“ძალიან ვაფასებთ კიბერუსაფრთხოების საკითხებზე ჩვენი პარტნიორებისაგან, მათ შორის გაერთიანებული სამეფოს, აშშ-სა და ესტონეთისგან მომდინარე ორმხრივ მხარდაჭერასა და დახმარებას; ასევე მრავალმხრივი ფორმატების ფარგლებში, იქნება ეს საქართველო-ევროკავშირის მაღალი დონის სტრატეგიული უსაფრთხოების დიალოგი, თუ ნატო-ს კოოპერაციული კიბერთავდაცვის ცენტრი, მიმდინარე შესანიშნავ თანამშრომლობას. მხარდაჭერისა და კარგი თანამშრომლობის მაგალითები მრავლადაა, რომლის კიდევ უფრო განვითარების სურვილი გვაქვს,”- განაცხადა ზალკალიანმა.
მინისტრის თქმით, კიბერუსაფრთხოების გაძლიერებისთვის აუცილებელია შესაბამის უწყებებს შორის უკეთესი კოორდინაცია და ინფორმაციის ეფექტიანი ურთიერთგაცვლის უზრუნველყოფა.
“თუმცა, ამგვარი ძალისხმევები ყოველთვის ფუჭად დარჩება, მანამდე სანამ საერთაშორისო პარტნიორობას არ გავაძლიერებთ და არ მოხდება საერთაშორისო დონეზე ჩვენი ძალისხმევების უკეთ გაერთიანება. საქართველო, თავის მხრივ, მოწოდებულია კვლავაც განაგრძოს საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობა, რათა მოხდეს პოტენციური რისკების მინიმიზაცია.”-აღნიშნა ზალკალიანმა.
სიტყვით გამოსვლისას, დავით ზალკალიანმა მოუწოდა საერთაშორისო საზოგადოებას, ყურადღება გაამახვილოს რუსეთის ფედერაციის ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ICT) მავნებლურ საქმიანობაზე საქართველოში და მსოფლიოს სხვა ნაწილებში. ამ თვალსაზრისით, დავით ზალკალიანი მიესალმა ევროკავშირის საბჭოს ბოლოდროინდელ გადაწყვეტილებას, მავნე კიბერ – საქმიანობაში ჩართულო პირების მიმართ შეზღუდვითი ზომების დაწესების შესახებ,რომელსაც საქართველოც შეურთდა.
დასასრულს, მინისტრმა მადლობა გადაუხადა საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს ოფისს აღნიშნული ფორუმის ორგანიზებისთვის.
“საქართველოს კიბერუსაფრთხოების ფორუმი 2020” ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის ორგანიზებითა და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით პირველად გაიმართა.
ღონისძიებას საქართველოს შესაბამისი უწყებების, დიპლომატიური მისიებისა და საერთაშორისო ინსტიტუტების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.