რა გავლენა ექნება ეკონომიკაზე კორონავირუსის შესაძლო მეორე ტალღას – ეკონომისტის განმარტება

რა გავლენა ექნება საქართველოს ეკონომიკაზე კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების მკვეთრ მატებას, – ამ საკითხთან დაკავშირებით მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ექსპერტმა ეკონომიკის საკითხებში, ვახტანგ ჭარაიამ ისაუბრა.

ჭარაიას განმარტებით, თუ ვირუსის შიდა გავრცელება ფართო არ იქნება და დღეს არსებული ტენდენცია შენარჩუნდება, ეკონომიკაზე დარტყმა განსაკუთრებულად დიდი არ იქნება.

„იმედია, კორონავირუსის მეორე ტალღა არ იქნება იმ ფორმით, რა ფორმითაც ცუდ სცენარში ველით.
როგორც ვიცით, ქვეყანაში ვირუსის მასობრივად გავრცელება არაა მიუხედავად იმისა, რომ გავრცელების მაჩვენებლი უკვე სამნიშნაა.
თუ სცენარი იქნება იმდაგვარი, რომ შიდა გავრცელებას ფართო განვითარება ექნება, მაშინ, სამწუხაროდ, სრულიად სხვა სურათს მივიღებთ – ეს ქართული ეკონომიკისთვის ბევრად უარესი იქნება.
რომ წავიდეს არსებული ტენდენციით, იმით, რაც დღეს გვაქვს, ეკონომიკაზე დარტყმა განსაკუთრებულად დიდი არ იქნება, თუმცა, რა თქმა უნდა, ქართული ეკონომიკა, ისევე როგორც მსოფლიოში ყველა სხვა, ნებისმიერი ეკონომიკა, კიდევ ერთ ნეგატიურ ტალღას მიიღებს.
სექტორებად რომ ჩავშალოთ: ტურიზმი, რომელიც ზაფხულში შიდა ტურიზმის სახით იქნა დაშვებული, ფაქტობრივად, სრულად ჩაიკეტება არა სახელმწიფოს მხრიდან, არამედ – თავად მოქალაქეების მხრიდან. ისინი თავად არ გადაწყვეტენ შიდა მოგზაურობას. თუ კორონავირუსი ისევ განაგრძობს გავრცელებას და არ იქნება ანტივირუსი დროულად, სავარაუდოდ, ზამთრის სეზონზეც გვექნება გარკვეული შეფერხებები, რაც მთლიანობაში ეკონომიკაზე ნეგატიურად აისახება. თუ ჩვენ სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციიდან წლის ბოლოსთვის 5- პროცენტიანი ვარდნის მოლოდინი გვაქვს, შეიძლება, ეს მაჩვენებლი ოდნავ გაიზარდოს. თუმცა, ამას დაზუსტებით ვერავინ იტყვის, რადგან ზუსტად არ ვიცით, თუ როგორ შეიძლება, შეიცვალოს მაკროეკონომიკური მდგენელები. ასევე, ადამიანების განწყობაც ძალიან მნიშვნელოვანია. ამის პროგნოზირება ძალიან რთულია. საორიენტაციოდ 5 % გვექნება ეკონომიკური ვარდნა. თუმცა, თუ საერთაშორისო ორგანიზაციებს დავეყრდნობით, 2021 წლიდან საქართველოშიც და გლობალურადაც შედარებით გაჯანსაღების პროცესი იწყება და ეკონომიკური ზრდის ტრენდზე გადავდივართ“, – განმარტა ვახტანგ ჭარაიამ.
ცნობისთვის, ბოლო პერიოდში საქართველოში კორონავირუსის შემთხვევებმა მნიშვნელოვნად მოიმატა. დღეს ორონავირუსის 196 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 2758 -ს შეადგენს.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები