როგორია საქართველოს ეკონომიკის პერსპექტივა გაუარესებული ეპიდვითარების ფონზე – გიორგი ცუცქირიძის განმარტება

როგორია საქართველოს ეკონომიკის პერსპექტივა ქვეყანაში გაუარესებული ეპიდვითარების ფონზე – ამ საკითხთან დაკავშირებით განმარტებები მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში საფინანსო საკითხების ექსპერტმა, პროფესორმა გიორგი ცუცქირიძემ გააკეთა.

მისი თქმით, ეკონომიკა არა მხოლოდ იმპორტის, არამედ ექსპორტის ჩანაცვლებაზე უნდა გადაეწყოს.

„ჩვენი ეკონომიკა თვითკმარი უნდა გახდეს – ჩაანაცვლოს იმპორტი, სადაც შესაძლებელია. მეორეც, ჩვენი მთავარი ამოცანაა, მოვახერხოთ ეკონომიკის ისე გადაწყობა, რომ ექსპორტი ჩავანაცვლოთ.
ჩვენ გვჭირდება საგარეო მოთხოვნის ახალ სტრატეგიაზე გადასვლა. ეკონომიკა არა მხოლოდ იმპორტის, არამედ ექსპორტის ჩანაცვლებაზე უნდა გადაეწყოს.
კოვიდკრიზისის პირობებში საერთაშორისო ვაჭრობაში მოთხოვნისა და მიწოდების ჯაჭვების წყვეტამ, რაც დღეს პოსტპანდემიური პერიოდისათვის დამახასიათებელი გაურკვევლობის ტენდენციებით მიმდინარეობს, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ეფექტი ეკონომიკაზე მნიშვნელოვნად გაზარდა.
წმინდა უცხოური ინვესტიციები შეიძლება, განვიხილოთ ეკონომიკური ზრდის კონტექსტში, უალტერნატივოდაც, რაც შეიძლება მიმართული იყოს როგორც იმპორტის ჩანაცვლების, ასევე – ექსპორტის ჩანაცვლების კუთხითაც.
იმპორტის ჩანაცვლება, განსაკუთრებით სტრატეგიულ სასურსათე  და ჯანდაცვის საქონელზე, კრიზისებისას საჭირო მარაგების გარდა, იმ თვალსაზრისითაც არის მნიშვნელოვანი, რომ ადგილობრივი პროდუქციის გამოშვების ზრდით იმპორტის ჩანაცვლება ახდენს რა შიდა მოთხოვნის სტიმულირებას, დადებითად მოქმედებს უცხოური ვალუტის ეკონომიაზეც, რადგან გაცილებით ნაკლები ვალუტა გაედინება ქვეყნიდან”, – განაცხადა ცუცქირიძემ.

მისივე განმარტებით, იმპორტის ჩანაცვლებისაგან განსხვავებით, ექსპორტის ჩანაცვლების ეფექტი გაცილებით მეტია.

„ჩვენ წინაშე გაცილებით აქტუალური ხდება ექსპორტის ჩანაცვლების მოდელზე გადასვლა, რადგან, იმპორტის ჩანაცვლებისაგან განსხვავებით, ექსპორტის ჩანაცვლების ეფექტი გაცილებით მეტია. შემოაქვს რა ქვეყანაში უცხოური ვალუტა, უცხოური ვალუტის გამომუშავებას ახორციელებს, უცხოური ვალუტის წმინდა შემოდინების მხარდაჭერით, რაც დადებითად მოქმედებს საგადამხდელო ბალანსზე, მისი დეფიციტის შემცირების მიმართულებითა და ეკონომიკის ზრდის ხელშეწყობით, მაკროეკონომიკურ სტაბილურობასაც უზრუნველყოფს; გარდა ამისა, ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერით დასაქმების სტიმულირებასაც ახდენს და დადებითად მოქმედებს ბიუჯეტის დეფიციტზეც.
ჩვენნაირი მცირე ზომის ეკონომიკისათვის საერთაშორისო ბაზრებზე აქცენტირება იძლევა შრომის ბაზრის სტრუქტურულ გაძლიერებას, მაღალკვალიფიციურ კადრებზე მოთხოვნის ზრდასა და ცოდნაზე ბაზირებულ ეკონომიკაზე გადასვლის შესაძლებლობასაც;
ამასთან, ექსპორტის ჩანაცვლება და გლობალურ ბაზრებზე ორიენტაცია, როგორც საგარეო მოთხოვნის სტიმულირება, ინვესტორთა გეოგრაფიასა და დივერსიფიკაციასაც, კიდევ უფრო გაზრდის.
ამიტომაც არის, რომ ექსპორტის ჩანაცვლების ამოცანა, იმპორტის ჩანაცვლებასთან შედარებით, კიდევ უფრო აქტუალური ხდება”, – განაცხადა ცუცქირიძემ.

მისივე თქმით, საქართველოს ეკონომიკის პერსპექტივებზე საყურადსაღებო და დამაიმედებელი საპროგნოზო შეფასება გამოქვეყნდა.

„აზიის განვითარების ბანკის“ ანგარიშის მიხედვით, მიმდინარე წლის დასაწყისში კორონაკრიზისით გამოწვეული ვარდნის შემდეგ, საქართველო ეკონომიკურ ზრდას 2021 წელს 4.5%-ით დაუბრუნდება. თუმცა, ADB მიმდინარე წელს ეკონომიკური ზრდის 5%-იან ვარდნას ვარაუდობს. შედარებისათვის ევროკავშირის ეკონომიკის საშუალო ვარდნის საპროგნოზო მაჩვენებელი 8 %, ხოლო გლობალური ეკონომიკის კიდევ უფრო მეტს – 11 % ს შეადგენს.
უკვე მომავალ წელს ეკონომიკის მოსალოდნელი 4,5 %- იანი ზრდა მოსალოდნელია, როგორც კერძო მოხმარებაში, ინვესტიციებსა და ექსპორტში, ასევე, ტურიზმში, რაც შიდა ტურიზმის წახალისებით განხორციელდა და გაზაფხულზე „ლოქდაუნის“ გამომწვევი წამყვანი მიზეზი იყო”, – განაცხადა გიორგი ცუცქირიძემ.

მისივე თქმით, სწორი გადაწყვეტილებაა, რომ საქართველოს მთავრობა „ლოქდაუნს“ აღარ აპირებს.

„საქართველოს მთავრობა არ აპირებს ახალი „ლოქდაუნის“ გამოცხადებას, შესაძლო მეორე ტალღის პირობებშიც კი. ეს არის აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება, რადგან „ლოქდაუნის“ პირობებში მოსახლეობისა და მთლიანად ბიზნესის შემოსავლები მნიშვნელოვნად იკლებს, ხოლო საპირისპიროდ, ეკონომიკის ხელოვნურად შენარჩუნების ხარჯები მნიშვნელოვნად იზრდება.
წლის პირველ ნახევარში ეკონომიკის იძულებითი ჩაკეტვის შემდეგ მიღებული გამოცდილება იძლევა იმის საშუალებას, რომ ზამთრის ჩაკეტვის გარეშეც მოხდეს პროცესების მართვა.
მართალია, ბოლო დღეებში გვაქვს ვირუსის მატების ტენდენცია, მაგრამ, მიუხედავად ცალკეული კრიტიკისა, მედიცინა, მოქალაქეები და ბიზნესი თანდათან ეგუებიან ვირუსის პირობებში ცხოვრებას”, – განაცხადა ცუცუქირიძემ.

შეგახსენებთ, ბოლო პერიოდში საქართველოში კორონავირუსის შემთხვევებმა მნიშვნელოვნად მოიმატა. დღეს ორონავირუსის 196 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 2758 -ს შეადგენს.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები