თამარ გაბუნია: მთელს მსოფლიოში დღეს უკვე კარგად არის აპრობირებული ბინაზე მკურნალობის პრაქტიკა

კოვიდსასტუმროები არის კიდევ ერთი ნაბიჯი, რომ შემთხვევების ჰოსპიტალს გარეთ მართვის გამოცდილება მივიღოთ და შემდეგ უფრო თამამად ვისაუბროთ ბინაზე მართვის პრაქტიკაზე, -ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.

მინისტრის მოადგილემ ასევე აღნიშნა, რომ მთელ მსოფლიოში დღეს უკვე კრგად არის აპრობირებული ბინაზე მკურნალობის პრაქტიკა.

„ეს არის გარკვეულწილად შუალედური ეტაპი ჰოსპიტალურ და ბინაზე მკურნალობას შორის. როგორც მოგეხსენებათ, მთელ მსოფლიოში დღეს უკვე კარგად არის აპრობირებული ბინაზე მკურნალობის პრაქტიკა. საქართველოში ჩვენ მაინც იმიტომ, რომ ამის შესაძლებლობა გვქონდა, ვარჩიეთ შემთხვევების ჰოსპიტალური მართვა. ამ მიმართულებით ბევრი კლინიკური გამოცდილება დაგროვდა და დღეს უკვე უფრო თამამად შეგვიძლია ვისაუბროთ ჰოსპიტლის გარეთ შემთხვევების მართვაზე. დღევანდელი პროტოკოლი, რომელიც უკვე მოქმედებს, გახლავთ, რომ პაციენტი, რომელიც არის მსუბუქი კლინიკური მდგომარეობით, 19-დან 65 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში, არ აქვს რომელიმე ქრონიკული დაავადება, რომელმაც შეიძლება, გამოიწვიოს კორონავირუსის გართულება და გააუარესოს მისი კლინიკური მდგომარეობა, გადაყვანილი იქნება ე.წ. კოვიდ-სასტუმროში, სადაც მას გაუგრძელდება სამედიცინო მეთვალყურეობა. ვინაიდან ასეთ შემთხვევაში პაციენტს პრაქტიკულად არ სჭირდება აქტიური სამედიცინო ჩარევები, მას სჭირდება იზოლაცია, სიმშვიდე და სამედიცინო მეთვალყურეობა, ეს პირობები შექმნილია კოვიდ-სასტუმროებში, რაც არის კიდევ ერთი ნაბიჯი იმისკენ, რომ გავიაროთ ჰოსპიტალს გარეთ მართვის ეტაპი, მივიღოთ ამგვარი გამოცდილება და შემდეგ უფრო თამამად ვისაუბროთ ბინაზე მართვის პრაქტიკაზე, რისთვისაც ოჯახის ექიმები უკვე მომზადებული არიან. ჯერ კიდევ მარტში დამტკიცდა ბინაზე მართვის პროტოკოლი და ოჯახის ექიმებმა ტრეინინგის პირველი ეტაპი გაიარეს, ახლა იგეგმება მეორე, რათა ჩვენ ვიყოთ მზად მეტად აქტიური ბინაზე დამყარებული მართვისთვის“, – აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

თამარ გაბუნია აცხადებს, რომ დღეს უკვე 155-მდე პაციენტია გადაყვანილი კოვიდ-სასტუმროში.

„მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, სამედიცინო გუნდები მათ ჯანმრთელობაზე მეთვალყურეობას განაგრძობენ. ზოგადად მობილიზებულია 500-მდე საწოლი, რათა ეს პრაქტიკა მეტად აქტიურად იქნას გამოყენებული“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები