გიორგი გახარია: მცხეთა განსახიერებაა საქართველოსი, ყველაფრის, რაც საქართველოს ისტორიასთან არის დაკავშირებული და როდესაც აქ ვსაუბრობთ მომავალზე, ეს პასუხისმგებლობა ყველას უნდა გვახსოვდეს

მცხეთა განსახიერებაა საერთოდ, საქართველოსი. აქ თავმოყრილია ყველაფერი, რაც კი საქართველოს ისტორიასთან არის დაკავშირებული და როდესაც აქ ჩვენ ვსაუბრობთ მომავალზე და ერთმანეთს ვპირდებით, ეს პასუხისმგებლობა ყველას უნდა გვესმოდეს და გვახსოვდეს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, მცხეთაში, მცხეთის, დუშეთის, თიანეთის და ყაზბეგის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის შალვა კერესელიძის წარდგენისას განაცხადა.

პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ მცხეთა სრული ასახვაა ამ ქვეყნის და საქართველოს ისტორიის.

„ჩემთვის დიდი პატივია თქვენთან ერთად აქ ყოფნა, მცხეთაში, მუზეუმად ქცეულ ქალაქში, რომელიც სრული ასახვაა ამ ქვეყნის და ჩვენი ისტორიის. შეუძლებელია, აქ ისაუბრო მომავალზე და არ გქონდეს წარსულთან ბმა. შეუძლებელია, არ შევთანხმდეთ იმაზე, რომ ჩვენი ხვალინდელი დღე, ხვალინდელი გეგმები უნდა იყოს დაკავშირებული წარსულთან – ჩვენს დიდებულ, გამორჩეულ წარსულთან, რომლის განსახიერებაც არის მცხეთა და სვეტიცხოველი. აქედან თქმული, რომ ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ იმაზე და ვიშრომოთ, რომ ეს ქვეყანა იყოს ეკონომიკურად ძლიერი, სამართლიანი და ევროპული სახელმწიფო, უდიდეს სიმბოლოს ატარებს. ამიტომ, ემოციურიც არის და დიდი პასუხისმგებლობაა, აქ, თქვენთან ერთად ყოფნა და მომავალ გეგმებზე საუბარი. მცხეთა განსახიერებაა საერთოდ, საქართველოსი. აქ თავმოყრილია ყველაფერი, რაც კი საქართველოს ისტორიასთან არის დაკავშირებული და როდესაც აქ ჩვენ ვსაუბრობთ მომავალზე და ერთმანეთს ვპირდებით, ეს პასუხისმგებლობა ყველას უნდა გვესმოდეს და გვახსოვდეს”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრმა მცხეთაში არსებულ გამოწვევებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ მიუხედავად ეპიდემიისა და ეკონომიკური კრიზისისა, არც ერთი დღით სისტემური პროექტები არ გაჩერებულა და არც გაჩერდება.

„უნდა შევთანხმდეთ, რომ ბევრი კარგი საქმე გვაქვს დაწყებული რომელიც ერთად უნდა დავასრულოთ. არ მინდა დეტალებში ღრმად წავიდე იმ კონკრეტულ მიღწევებზე, რომელიც მცხეთაშია. ბევრგან არის მოსაგვარებელი ისეთი საკითხები, როგორიცაა ინფრასტრუქტურა, წყალი. მიუხედავად იმისა, რომ სამელიორაციო პროექტები 9 ლოკაციაზე გაკეთდა და 4000 ჰექტარი მიწა მოირწყვება დამატებით, მიუხედავად ამისა, ამ მიმართულებითაც ბევრია გასაკეთებელი. მიუხედავად იმისა, რომ სამწუხაროდ, ცუდ პერიოდში ვცხოვრობთ, ეპიდემია, ეკონომიკური კრიზისია, არც ერთი დღით სისტემური პროექტები არ გაჩერებულა და არც გაჩერდება. ვიცი, რომ ამ რეგიონისთვის და მცხეთისთვის ქვეშეთი-კობის მონაკვეთს უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ასევე, ნატახტარი-ჟინვალის 2021 წელს დაიწყება და გაკეთდება. ეს ყველაფერი დამატებითი რესურსია მცხეთისთვის”, – აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

გიორგი გახარიამ ასევე ხაზი გაუსვა, რომ მცხეთისთვის ტურიზმს აქვს უდიდესი მნიშვნელობა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები