პაატა სალია: შემუშავებული გვაქვს სპეციალური პროტოკოლი, თუ როგორ უნდა ვიმოქმედოთ ასეთ ვითარებაში

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ში ინფიცირებულ თანამშრომელთან კონტაქტში მყოფი ყველა პირის გამოკვლევა მიმდინარეობს.

ამის შესახებ ბრიფინგზე ტელეკომპანიის გენერალურმა დირექტორმა, პაატა სალიამ განაცხადა.

მისი თქმით, თანამშრომელი, რომელსაც კოვიდ 19 დაუდასტურდა, სტაციონარშია გადაყვანილი.

„ჩვენს ერთ-ერთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. შესაბამისად, ის გადაყვანილია სტაციონარში. ჩვენ ასეთი მდგომარეობისთვის მზად ვიყავით ჯერ კიდევ ვირუსის პირველი ეტაპიდან, შემუშავებული გვაქვს სპეციალური პროტოკოლი, თუ როგორ უნდა ვიმოქმედოთ ასეთ ვითარებაში.
გავდივართ აქტიურ კონსულტაციებს და უშუალო კონტაქტზე ვართ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან, ვასრულებთ მათ რეკომენდაციებს. პირველ რიგში, რასაც ახლა ვაკეთებთ, არის ის, რომ მოძიებულ იქნას ყველა პირდაპირი კონტაქტი. გარდა ამისა, უკვე მივიღეთ ზომები, რომ ჩატარდეს ტესტები. ყველა იმ ადამიანს, რომელსაც უშუალო კონტაქტი ჰქონდა ჩვენს თანამშრომელთან, უნდა ჩაუტარდეს ტესტი და უახლოეს საათებში, მაქსიმუმ ხვალ გვეცოდინება, უდასტურდებათ თუ არა ვირუსი მის უშუალო კონტაქტებს. იმედი გვაქვს, ასე არ იქნება“, – განაცხადა პაატა სალიამ.

როგორც სალიამ განაცხადა, ტელეკომპანიის ხელმძღვანელობა მუშაობს იმაზე, რომ „რუსთავი 2“-მა მაუწყებლობა არ შეაფერხოს.

ტელეკომპანიის აღმასრულებელი დირექტორის, ირაკლი იმნაიშვილის განცხადებით, არხის ხელმძღვანელობა დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან კონსტულტაციებს გადის, როგორ განაგრძოს ტელევიზიამ მუშაობა, რათა მაუწყებლობა არ გაჩერდეს.

“პროტოკოლის თანახმად, სამი ძირითადი ეტაპია. პირველი – სიტუაციის და რისკების შეფასება, რომელ სტადიაზეც ჩვენ ახლა ვართ; მეორე – ამ რისკების მართვა და შემცირება. უპირველეს ყოვლისა, მართვა გულისხმობს, რომ ყველა თანამშრომელს, რომელიც ინფიცირებულთან იყო კონტაქტში, ჩაუტარდეს ტესტირება, ეს დაიწყება უახლოეს საათებში.

მესამე სტადია არის ის, რა ცვლილებები უნდა შევიდეს ჩვენს ყოველდღიურ დღის წესრიგში. აი, ამაზე მიდის დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან ამ წუთებში მუშაობა და ჩვენ შესაბამის პროტოკოლს დავნერგავთ, რომ ეთერი არ გაჩერდეს. სამწუხაროდ, ეს დღევანდელ ეთერზე აისახა. დღეს დაგეგმილი იყო „ღამის კურიერი“ და მივიღეთ გადაწყვეტილება, მხოლოდ დღეს ეს გადაცემა ეთერიდან მოგვეხსნა. ეს გადაწყვეტილება მივიღეთ იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ჯერ ბოლომდე არ გვაქვს რისკები შეფასებული და ჩვენ არ გვინდა, ჩვენი ოპერაციით საფრთხის ქვეშ დავაყენოთ სხვები“, – განაცხადა იმნაიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები