“ის სასწავლო დაწესებულებები, რომელთაც უკვე დაწყებული აქვთ სასწავლო პროცესი, უნდა გადავიდნენ დისტანციური სწავლების ფორმატზე”
განათლების სამინისტროში დიდ ქალაქებში სწავლის დაწყების გადადებასთან დაკავშირებით ბრიფინგი გაიმართა. როგორც მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე დგებუაძემ განმარტა, ის სასწავლო დაწესებულებები, რომელთაც უკვე დაწყებული აქვთ სასწავლო პროცესი, უნდა გადავიდნენ დისტანციური სწავლების ფორმატზე. გადაწყვეტილება ეხება როგორც საჯარო, ისე – კერძო სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებს.
„განათლების სისტემა მზად არის, სასწავლო პროცესი დაიწყოს როგორც საკლასო ოთახებში, ასევე, დისტანციურად. კორონავირუსის პანდემიის გამო, ზაფხულის განმავლობაში საქართველოს, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ინტენსიურად ემზადებოდა ე.წ. ჰიბრიდული მოდელისათვის, რაც სასწავლო პროცესის წარმართვას შერეული მეთოდით გულისხმობს. გარდა ამისა, სამინისტროს აქვს გაზაფხულის სემესტრის მნიშვნელოვანი გამოცდილება, რაც იძლევა იმის თქმის საფუძველს, რომ სასწავლო პროცესი დისტანციურ ფორმატში შეუფერხებლად წარიმართება.
მინისტრის ბრძანებით შექმნილი და დამტკიცებულია დისტანციური სწავლების წესი, შესაბამისი ცვლილებები შევიდა ეროვნულ სასწავლო გეგმაში. აღნიშნულის შესახებ ყველა სკოლა ინფორმირებულია.
სამინისტრომ უკვე უზრუნველყო სახელმძღვანელოებისა და პირველკლასელთა კომპიუტერების სკოლებისთვის მიწოდება, მოსწავლეებისათვის გადაცემა კი ეტაპობრივად უკვე დაწყებულია, რასაც თავად სკოლა უწევს ორგანიზებას.
გარდა ამისა, პანდემიის გამო, ზაფხულის განმავლობაში სამინისტრო ინტენსიურად მუშაობდა პროექტ “ტელესკოლის” ბადის აწყობაზე და გაკვეთილების ჩაწერაზე. ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად, ყველა კლასისა და საგნისათვის, ასევე, ეთნიკური უმცირესობებისათვის 15 სექტემბრიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხი – განათლება“ ეთერით მოსწავლეებითვის პროექტი „ტელესკოლა“ განახლდება.
სამინისტრომ სკოლებისთვის ასევე შექმნა ელექტრონული ჟურნალი, რომელიც მასწავლებლების მიერ სკოლის მოსწავლეების დასწრებისა და შეფასების ელექტრონულად აღრიცხვას გულისხმობს. ელექტრონული ჟურნალი დისტანციურ სასწავლო პროცესს კიდევ უფრო გააძლიერებს.
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო თანამშრომლობს დაავადებათა კონტროლის ცენტრთან, მივაწოდეთ პედაგოგების სიები და აჭარაში ნამყოფი 2 100-მდე მასწავლებლის ტესტირება მოხდება.
განათლების სამინისტრომ სრულად უზრუნველყო საჯარო სკოლების ყველა სავალდებულო საჭიროებებით აღჭურვა – მათ შორის, პირბადეებით, დეზობარიერებით, ზედაპირების სადეზინფექციო სითხეებით და თერმოსკრინინგის აპარატებით“, – განაცხადა ეკატერინე დგებუაძემ.