ლევან გოგიჩაიშვილის სამუშაო სივრცე სპეციალური სადეზინფექციო საშუალებებით დამუშავდება
“პარლამენტის წევრის, ლევან გოგიჩაიშვილის სამუშაო სივრცე სპეციალური სადეზინფექციო საშუალებებით დამუშავდება”, – ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
“როგორც ცნობილია, პარლამენტის წევრს, ლევან გოგიჩაიშვილს დაუდასტურდა კორონავირუსის ინფექცია. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციის თანახმად, ყველა პირი, ვისაც ჰქონდა ინფიცირებულთან კონტაქტი 5 სექტემბრის შემდეგ, გადავა თვითიზოლაციაში და ჩაუტარდება ტესტირება.
სპეციალური სადეზინფექციო საშუალებებით დამუშავდება დეპუტატის სამუშაო სივრცე. გარდა ამისა, პარლამენტის შენობაში გაგრძელდება რეგულარული დეზინფექცია. შენობაში შესვლისას ყველა პირი გაივლის თერმოკონტროლს. დაწესებულია მონიტორინგი პირბადის გამოყენებაზე. საკანონმდებლო ორგანო განაგრძობს ფუნქციონირებას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების შესაბამისად”, – ნათქვამია განცხადებაში.