დავით ზალკალიანი, ვიდეოკონფერენციის ფორმატში, რაშით მერედოვს ესაუბრა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილეს, საგარეო საქმეთა მინისტრს, რაშიდ მერედოვს ვიდეოკონფერენციის ფორმატში ესაუბრა.

უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა დეტალურად განიხილეს ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატში ურთიერთობების თემატიკა, მათ შორის, სავაჭრო-ეკონომიკურ, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ლოგისტიკის, ტურიზმის სფეროებში და, ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობის განვითარების საკითხები.

მინისტრებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს თანამშრომლობაზე საერთაშორისო სატრანსპორტო-სატრანზიტო დერეფნების ფარგლებში. კერძოდ, ხაზი გაესვა „ლაპის-ლაზულისა“ და „შავი ზღვა – კასპიის ზღვის“ სატრანსპორტე მარშრუტების პროექტებთან დაკავშირებით მრავალმხრივ ფორმატში მიღებული გადაწყვეტილებების რეალიზაციის მნიშვნელობას.

მხარეებმა ერთმანეთს გაუზიარეს ინფორმაცია კორონავირუსის პანდემიასთან გამკლავების პროცესში მიღებული ზომებისა და არსებული ვითარების შესახებ.

მინისტრებმა აღნიშნეს ეკონომიკურ თანამშრომლობაზე პანდემიით გამოწვეული უარყოფითი შედეგების მინიმიზაციის მიზნით ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები