“დაივინგის დასაშვებ სიღრმეზე ქვემოთ ჩავიდნენ” – მალდივებზე წყალქვეშა გამოქვაბულში მყვინთავების დაღუპვასთან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი

მალდივის კუნძულებზე, წყალქვეშა გამოქვაბულში დაკარგული ხუთი იტალიელი მყვინთავი დაღუპული იპოვეს. ინფორმაციას საერთაშორისო მედია ავრცელებს.

შემთხვევა 14 მაისს, ვაავუს ატოლში მდებარე Thinwana Kandu-ს წყალქვეშა გამოქვაბულში მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ჯგუფი გამოქვაბულის კვლევით სამუშაოებში მონაწილეობდა, როდესაც მათთან კავშირი შეწყდა.

სამძებრო-სამაშველო ოპერაციის ფარგლებში თავდაპირველად გამოქვაბულის შესასვლელთან ერთ-ერთი მყვინთავის ცხედარი აღმოაჩინეს, დაახლოებით 50 მეტრის სიღრმეზე კი დანარჩენი ოთხის ცხედარიც იპოვეს.

დაღუპულებს შორის იყვნენ იტალიელი მეცნიერები და გამოცდილი მყვინთავები, მათ შორის გენუის უნივერსიტეტის ეკოლოგიის პროფესორი მონიკა მონტეფალკონე და მისი ქალიშვილი.

მედიის ცნობით, შემთხვევის დროს რეგიონში რთული ამინდი იყო, ხოლო ჩაყვინთვის სიღრმე რეკრეაციული დაივინგისთვის დაშვებულ ზღვარს აღემატებოდა.

ოპერაციის მიმდინარეობისას დეკომპრესიული დაავადებით მალდიველი მაშველიც გარდაიცვალა. შემთხვევის მიზეზების დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები