უკრაინის უზენაეს სასამართლოში ყოფილ მაღალჩინოსნებთან დაკავშირებით კორუფციის საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს

უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს დეტექტივები, სპეციალიზებულ ანტიკორუფციულ პროკურატურასთან ერთად, უზენაეს სასამართლოში კორუფციის საქმეზე საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ, – ინფორმაციას ადგილობრივი მედია ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

უწყების ცნობით, საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს უზენაესი სასამართლოს მოქმედი და ყოფილი მოსამართლეების სამუშაო კაბინეტებში, საცხოვრებელ სახლებში და ავტომობილებში.

„კერძოდ, საუბარია უზენაესი სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეზე, რომლის საქმესაც ამჟამად უმაღლესი ანტიკორუფციული სასამართლო განიხილავს. დამატებითი დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი“, – აღნიშნულია განცხადებაში.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, ყოფილი თავმჯდომარის ვინაობა ოფიციალურად არ დასახელებულა, თუმცა, სავარაუდოდ, საქმე ვსევოლოდ კნიაზევს ეხება, რომელიც 2023 წლის 15 მაისს ადვოკატთან ერთად დააკავეს. გამოძიების ვერსიით, მან შესაძლოა 1.8 მილიონი დოლარის ოდენობის ქრთამი მიიღო.

კნიაზევი მოგვიანებით გირაოს გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები