მარტვილის მუნიციპალიტეტიდან იმერეთის ინტერმუნიციპალურ თავშესაფარში გადაყვანილ ძაღლებთან დაკავშირებით სურსათის ეროვნული სააგენტო დამატებით განმარტებას ავრცელებს

სურაათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მოქალაქეების გარკვეულ ჯგუფს, თავი შეიკავონ არასწორი და გადაუმოწმებელი ინფორმაციების გავრცელებისგან და განმარტავს: მიმდინარე წლის 8 აპრილიდან 1 მაისის ჩათვლით, მარტვილის მუნიციპალიტეტიდან იმერეთის ინტერმუნიციპალურ (ქ. ქუთაისი) თავშესაფარში გადაყვანილია ცოფით დაინფიცირებაზე საეჭვო 51 არავაქცინირებული ძაღლი, რომელთაგანაც 7 მოკვდა, მათ შორის, 3 ძაღლს ლაბორატორიული გამოკვლევით ცოფი დაუდასტურდა, ხოლო 4-ის სიკვდილის მიზეზი თანმდევი დაავადებები გახდა.

2026 წლის 18 მაისის მდგომარეობით, თავშესაფარში იმყოფება 44 ძაღლი. ისინი მოთავსებული არიან შესაბამისი პირობების მქონე იზოლირებულ ვოლიერებში, უზრუნველყოფილი არიან სასმელი წყლით და საკვებით. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, თუ თავშესაფარში გადაყვანილ ძაღლებს ოფიციალურად გამოუჩნდება მზრუნველობის ქვეშ აყვანის (მფლობელობა, მიკედლება) მსურველი, ცხოველის მფლობელის/მიმკედლებლის პასუხისმგებლობით მასზე წესდება 6-თვიანი ზედამხედველობა. აღნიშნულთან დაკავშირებით აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა ცხოველთა მოყვარულებთან, რათა საკითხი კანონმდებლობის ფარგლებში არსებული წესების დაცვით გადაწყდეს. თავშესაფარში გადაყვანილი ძაღლების აყვანის მსურველებმა ოფიციალურად უნდა მიმართონ მუნიციპალურ თავშესაფარს ან სურსათის ეროვნულ სააგენტოს. ძაღლების აყვანა შესაძლებელია მხოლოდ შესაბამისი პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში, რაც ითვალისწინებს: ცხოველის იზოლაციას, ადამიანებთან და სხვა ცხოველებთან კონტაქტის შეზღუდვას 6 თვის განმავლობაში (დაავადების ინკუბაციური პერიოდი). აღნიშნულ პერიოდში სახელმწიფო განახორციელებს ძაღლების რეგულარულ და მკაცრ კონტროლს. დადგენილებით გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდეგ, ცხოველებზე ზედამხედველობა წყდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები