დავით მათიკაშვილი: ევროპული სტრუქტურების ხელმძღვანელებისადმი ღია წერილი გამოძახილია იმ მოვლენების, რასაც ევროკავშირიდან ვხედავთ

“ევროპული სტრუქტურების ხელმძღვანელებისადმი ღია წერილი გამოძახილია იმ მოვლენების, რასაც ევროკავშირიდან ვხედავთ. წერილზე პასუხი იქნებოდა უსამართლო პოლიტიკის დასრულება საქართველოსთან მიმართებით”,- ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა პრემიერის ღია წერილზე საუბრისას განაცხადა.

მათიკაშვილის თქმით, კითხვა ისმის, სად მიდის ევროკავშირი და სად არის ღირებულებათა თანხვედრა ევროკავშირის შექმნის იდეასა და დღევანდელობას შორის.

„დანიაში პოლიციელები მომიტინგეებს უმოწყალოდ, ხელკეტებით გაუსწორდნენ და ადამიანებს გავეშებული ძაღლები მიუქსიეს. აქციის მონაწილეები არც პარლამენტის შენობის გადაწვას ცდილობდნენ, არც პრეზიდენტის სასახლის შტურმით აღებას და არც სახელმწიფოს გადატრიალების გეგმა ჰქონდათ. მსგავსი რევოლუციური სცენარით მოქმედება არ იყო, საქართველოსთან მიმართებით რომ პარალელი გავავლოთ. ეს ადამიანები წყნარად და მშვიდად ისხდნენ, კონკრეტულ საკითხს აპროტესტებდნენ. პოლიციელების ქმედებები არათუ ევროპულ სტანდარტს ესადაგება, არამედ ტოტალური საბჭოეთის ღრმა ისტორიიდან კადრებს გვახსენებს. კითხვა ისმის, სად მიდის ევროკავშირი და სად არის ღირებულებათა თანხვედრა ევროკავშირის შექმნის იდეასა და დღევანდელობას შორის? სად არის სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებები? ვხედავთ, რომ საქართველოსკენ თითს იშვერენ. არადა, 4 ოქტომბერს ქართული პოლიცია მაღალი სტანდარტებით მოქმედებდა, როცა 25 პოლიციელი აქეთ დაშავდა. ევროკავშირმა საქართველოსთან დიალოგი შეაჩერა და უსაფუძვლო, უსამართლო ცილისწამება და შენიშვნები გვესმის. ამ დროს სად არის ის გზა, რითაც ევროკავშირს სურს, საკუთარი ხალხი ატაროს? ღია წერილი გამოძახილია იმ მოვლენების, რაც საქართველოსთან მიმართებით ვიხილეთ და რასაც ევროკავშირის მხრიდან ვხედავთ. ამ ღია წერილზე პასუხი იქნებოდა უსამართლო პოლიტიკის დასრულება საქართველოსთან მიმართებით“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ევროპული სტრუქტურების ხელმძღვანელებს, ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, ანტონიუ კოშტასა და ევროპარლამენტის პრეზიდენტს, რობერტა მეცოლას ღია წერილით მიმართა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები