აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის 2025 წლის ანგარიში უმაღლეს საბჭოში წარადგინეს

აჭარის ტურიზმის  დეპარტამენტის ხელმძღვანელმა უწყების ანგარიში აჭარის უმაღლეს საბჭოში წარადგინა. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტზე გამოსვლისას, თინათინ ზოიძემ რეგიონის პოპულარიზაციის, ტურისტული პროდუქტების განვითარებისა და სერვისების გაუმჯობესების მიმართულებით გატარებულ ღონისძიებებზე ისაუბრა. ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, გასულ წელს, რეგიონში  4.8 მილიონზე მეტი შიდა და საერთაშორისო ვიზიტი განხორციელდა. +11,75%-ით გაიზარდა ვიზიტები  აჭარის მთიან მუნიციპალიტეტებშიც (471,822 ვიზიტი).

“აქტიურად მიმდინარეობს რეგიონის ცნობადობის გაზრდა და ტურისტული შესაძლებლობლობების პუპულარიზაცია 25-ზე მეტ სამიზნე ქვეყანაში. აჭარის რეგიონი წარმოდგენელი იყო 25-მდე საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე როგორც ევროპაში, ისე აზიასა და მეზობელ ქვეყნებში.

მედია ტურების ფარგლებში რეგიონს სტუმრობენ ცნობილი ბლოგერები, წამყვანი მედიისა და პრესის წარმომადგენლები სამიზნე ქვეყნებიდან. ინფო და მედიატურების ფარგლებში გასულ წელს რეგიონს 350-ზე მეტი უცხოელი ინფლუენსერი, ჟურნალისტი და ტურისტული სააგენტოს წარმომადგენელი ეწვია.

მთიან აჭარაში 26 მარკირებული ტურისტული ბილიკი და ახალი ტურისტული პროდუქტია მზად ტურისტების მისაღებად. მათ შორისაა ხიხანის განახლებული ტურისტული ბილიკი და ინფრასტრუქტურა, ჯვარიმინდორის ტურისტული თავშესაფრები, ქობულეთის ტორფნარის ახალი ტურისტული ბილიკი, მირვეთის ბილიკი განახლებული ინფრატრუქტურით და საპიკნიკე სივრცეები ყველა მუნიციპალიტეტში,”- აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები