იწვევს, თუ არა პირბადის დიდი ხნით ტარება ჯანმრთელობის პრობლემებს – ინფექციონისტის განმარტება

რა რისკებს შეიცავს პირბადის არასწორად გამოყენება? – ამ საკითხთან დაკავშირებით განმარტება ინფექციონისტმა, მაია ბუწაშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

მისი თქმით, პირბადის არასწორად მოხმარება გარკვეულ რისკებს მოიცავს.

„პირბადის არასწორად გამოყენება ძალიან ცუდია, რადგან მიკრობებით მისი დაინფიცირება ხდება. შესაბამისად, ერთი და იმავე პირბადის დიდხანს გამოყენება გარკვეულ პრობლემებთანაა დაკავშირებული. ამიტომ, თუ ვიყენებთ, უნდა გამოვიყენოთ სუფთა პირბადე. გამოყენებული, ჯიბეში, ჩანთაში ჩადებული პირბადე არ უნდა ვიხმაროთ. აქ მეორე მხარეა, რომ ფინანსურად ბევრისთვის პირბადე არც ისე ხელმისაწვდომია. დღეში რამდენჯერმე გამოცვლაა რეკომენდებული, ეს ფინანასური ტვირთია ჩვენი მოსახლეობისთვის, მაგრამ შესაძლოა, მრავალჯერადი პირბადე რამდენიმე გვქონდეს, მერე ყველა ერთად გავრეცხოთ და გავაშროთ. ასეა თუ ისე, პირბადე უნდა ვიცვალოთ, ის სველდება, ინესტება, თავის ფუნქციას კარგავს.
მე ვემხრობი იმ აზრს, რომ სკოლაში ბავშვებისთვის პირბადეები არ არის სავალდებულო. ძალიან ვშიშობდი იმას, რომ ბავშვებთან ხშირად მოხდებოდა დაბინძურება, დაუვარდებოდათ, მოიხსნიდნენ, მათ უჭირთ პირბადის გამოყენება და უარეს შედეგს მივიღებდით. ძალიან კარგია, გადაწყდა, რომ ბავშვებმა არ უნდა გამოიყენონ. მაგრამ მოზრდილებს მუდმივად მოვუწოდებთ, ატარონ პირბადე. ცხელა და ამან გაართულა პირბადის მოხმარება, იმედი გვაქვს, რომ აგრილებასთან ერთად მათი გამოყენება ცოტა უფრო ადვილი გახდება“, – განაცხადა ინფექციონისტმა.
იწვევს, თუ არა პირბადის დიდი ხნით ტარება ჯანმრთელობის პრობლემებს? – მაია ბუწაშვილმა განმარტება ამ საკითხთან დაკავშირებითაც გააკეთა.
„რაღაც სიმართლე ამაში არის იმიტომ, რომ ხანგრძლივი დროის განმავლობაში მაინც შეზღუდულია ჟანგბადის მიწოდება, ისეთი თავისუფალი არ არის სუნთქვა, როგორც – პირბადის გარეშე. განსაკუთრებით ძნელია მათთვის, ვისაც ჯანმრთელობის პრობლემა აქვს – სასუნთქი გზების, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მხრივ. ასეთმა ადამიანებმა ხანმოკლე პერიოდებით უნდა გამოიყენონ, მოიხსნან ხოლმე, გადაბმულად დიდი ხნის განმავლობაში ტარების შემთხვევაში მართლაც შეიძლება, შეექმნათ გარკვეული პრობლემები“, – განაცხადა მაია ბუწაშვილმა.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები