ინფექციონისტი: თუ სიფრთხილის ელემენტარულ ზომებს დავიცავთ, არჩევნები მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის შემცველი არ უნდა იყოს

ინფექციონისტ მაია ბუწაშვილის განცხადებით, თუ მოქალაქეები სიფრთხილის ელემენტარულ ზომებს დაიცავენ, არჩევნები მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის შემცველი არ უნდა იყოს. ამის შესახებ ბუწაშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

„არჩევნებთან დაკავშირებით არ მგონია, ძალიან მაღალი რისკები იყოს იმიტომ, რომ იქ კონტაქტი შედარებით მცირეხნიანია. გასაგებია, რომ საარჩევნო უბნებთან რიგებია, მაგრამ ეს შეიძლება, მოგვარდეს დისტანცირებითა და პირბადით. ამიტომ, თავად არჩევნების დღესთან დაკავშირებით განსაკუთრებული რისკები არ ჩანს, თუმცა, შედარებით სარისკოა წინასაარჩევნო შეხვედრები ბევრ ადამიანთან. კანდიდატებმა უნდა დაარეგულირონ, რომ ესეც წესების დაცვით მოხდეს. არჩევნები მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის შემცველი არ უნდა იყოს, თუ სიფრთხილის ელემენტარულ ზომებს დავიცავთ.

სასწავლო პროცესის დაწყება, რა თქმა უნდა, გარკვეულ რისკებს შეიცავს, თუმცა, არა – დიდს, ჩემი აზრით. ბავშვები შეიძლება, იყვნენ ინფექციის გადამტანები, მაგრამ ჩვენ თუ ეს ნაბიჯი არ გადავდგით, განუსაზღვრელად დიდხანს და უსასრულოდ ეს ბავშვები სახლში ვერ დარჩებიან. ეს ნაბიჯი უნდა გადაიდგას მჭიდრო მონიტორინგით და შემდეგ სიტუაცია გვიჩვენებს. ვფიქრობ, ამაზე უფრო მნიშვნელოვანი რისკის, ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით საზღვრების გახსნა იყო. აქაც, რა თქმა უნდა, უნდა გაფართოვდეს და მეტ ქვეყანაში აღდგეს მიმოსვლა“, – განაცხადა ბუწაშვილმა.
ცნობისთვის, დღეს საქართველოში კორონავირუსის 28 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა1596 გახდა. გამოჯანმრთელებულების რაოდენობა 15-ით გაიზარდა.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები