თვითგამოცხადებული ექსპრეზიდენტი კოკოითი თვითგამოცხადებული პრეზიდენტის, ბიბილოვის წინააღმდეგ – ბიბილოვის ხელისუფლება ბოლო დღეებს ითვლის

თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის, ბიბილოვის ხელისუფლება ბოლო დღეებს ითვლის. ცხინვალის მთავარ მოედანზე შეკრებილი ადამიანები ბიბილოვის მთავრობის გადადგომასთან ერთად პრეზიდენტის გადადგომასაც ითხოვენ. ასეულობით მომიტინგე თეატრალური მოედნიდან არ იშლება ერთადერთი მოთხოვნით: გადაგდეს ე.წ სამხრეთ ოსეთის მთავრობა და მასთან ერთად პრეზიდენტი ბიბილოვი. მომიტინგეთა დაშოშმინება ვერც აღმასრულებელი ხელისუფლების და მისი მეთაურის, ერიკ პუხაევის გადადგომამ შეძლო და ვერც შინაგან საქმეთა მინისტრის წინააღმდეგ აღძრულმა სისხლის სამართლის საქმემ. ინალ ჯაბიევის წამების ფაქტზე ამ დროისთვის დაკავებულია მილიციის 8 თანამშრომელი.

მიუხედავად იმისა, რომ ბიბილოვი ფასადურად ყველაფერს აკეთებს სიტუაციის სტაბილიზებისთვის, როგორც ჩანს, მისი მთავარი დასაყრდენი მაინც შინაგან საქმეთა მინისტრი იგორ ნანიევია, რომელიც, მიუხედავად გადადგომისა, ,,ეხო კავკაზას“ ინფორმაციით, 28 აგვისტოს, გვიან ღამით მაინც მივიდა სამინისტროში და საგანგებო თათბირი გამართა თანამშრომლებთან.

ცხინვალის მთავარ მოედანზე შეკრებილ მომიტინგეთა გამოსვლებში სულ უფრო მეტად ისმის უკმაყოფილება ბიბილოვის ხელისუფლების მისამართით. ,,ბიბილოვმა დაკარგა ხალხის ნდობა და მას ისღა დარჩენია გადადგეს!“ აცხადებს მმართველი პარტიის ლიდერი ცხოვრებოვი. გუშინ, გვიან ღამით, თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის ექსპრეზიდენტმა ედუარდ კოკოითმა, თანამემამულეებს მიმართა:
,,ბოდიშს ვუხდი ოს ხალხს და ჩემს მთავარ შეცდომას ვაღიარებ. შეცდომა კი ის იყო, რომ 2011 წელს პოლიტიკურ არენაზე გამოვიყვანე ალექსანდრე ბიბილოვი, ხოლო 2017 წელს მოგიწოდეთ ხმა მიგეცათ მისთვის პრეზიდენტის პოსტზე. ვგრძნობ პასუხისმგებლობას იმ თანამოაზრეების წინაშე, ვისთან ერთადაც, დიდი ბრძოლის შედეგად, მივაღწიეთ ალანური რესპუბლიკის აღიარებას. იმიტომ კი არ გვიღვრია სისხლი, რომ ხელისუფლებაში შემთხვევით მოხვედრილ ადამიანებს შეეძლოთ დაამცირონ და აწამონ ჩვენი უმცროსი თაობა, ჩვენი შვილები, ხოლო ჩვენს ხელისუფლებას დისკრედიტაცია გაუწიონ მსოფლიო საზოგადოების წინაშე და სახელი გაუტეხონ, განსაკუთრებით რუსეთის ფედერაციის თვალში… არ ვაპირებ გვერდზე გავდგე და დამკვირვებლის როლში ვიყო მაშინ, როდესაც ჩემს ხალხს აწამებენ. არ მაინტერესებს ვინ სჩადის ამას: ქართველი ფაშისტები თუ ჩემივე თანამემამულეები, რომლებიც შემთხვევითობის წყალობით მოხვდნენ სახელმწიფოს სათავეში.“

თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის ექსპრეზიდენტ კოკოითს ოკუპირებულ ტერიტორიაზე დღემდე ბევრი მომხრე ჰყავს. გაზეთი ,,ეხო კავკაზა“ ვარაუდობს, რომ თანამემამულეებისადმი კოკოითის ამ მიმართვის შემდეგ ბიბილოვს დიდი დრო არ დარჩენია პრეზიდენტის სავარძელში.

ია დანელია

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები