„თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს” დირექტორისა და ექიმის პროცესის პარალელურად, სასამართლოსთან ექიმები კოლეგების მხარდამჭერ აქციას მართავენ
თბილისის საქალაქო სასამართლოში „თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს” დირექტორისა და ამავე კლინიკის ექიმის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
სასამართლოსთან ექიმები კოლეგების მხარდამჭერ აქციას მართავენ.
სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების აღმასრულებელი მდივნის, არჩილ მორჩილაძის განცხადებით, მათ სჯერათ, რომ აღნიშნული პიროვნებები უდანაშაულოები არიან.
„ერთმნიშვნელოვნად ყველა თანხმდება, რომ წინასწარი პატიმრობის მოთხოვნა არ იყოს გამოყენებული, ვინაიდან ორი წელიწადია, გრძელდება ეს პროცესი, ყველაფერი ცხადია გამოძიებისთვის, ყველა თანამშრომლობს. ჩვენ გვჯერა, რომ ეს ადამიანები უდანაშაულონი არიან, სისხლის სამართლებრივი დანაშაული მათ არ ჩაუდენიათ და დაე, სასამართლომ გადაწყვიტოს ღია პროცესზე ეს ყველაფერი. ხოლო წინასწარი პატიმრობა ჩვენი აზრით, არის გაუმართლებელი და ჩვენმა გაერთიანებამ შუამდგომლობითაც მიმართა საქალაქო სასამართლოს, რომ გამოყენებული იქნას გირაო და არ იყოს წინასწარი პატიმრობა შეფარდებული”, – განაცხადა არჩილ მორჩილაძემ.
შეგახსენებთ, რომ თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს თანამშრომლებმა, სამსახურებრივი გულგრილობის, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით თაღლითობისა და უკანონო საექიმო საქმიანობის ფაქტზე, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, „თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს“ დირექტორი – გიორგი ლობჟანიძე და ამავე კლინიკის ექიმი – ვახტანგ ყიფიანი დააკავეს, ხოლო უკანონო საექიმო საქმიანობის ფაქტზე მაგდა ხოჭოლავას მიმართ დაუსწრებლად იქნა გამოტანილი დადგენილება ბრალდებულად პასუხისგებაში მიცემის შესახებ.