The Heritage Foundation: ვაშინგტონმა უნდა განავითაროს თავისი პრაგმატული და მომავალზე ორიენტირებული პოლიტიკური დღის წესრიგი თბილისთან მიმართებით
The Heritage Foundation-ი სტატიას აქვეყნებს სათაურით „მეტი დემოკრატია და ღია ბაზრები საქართველოს წინსვლის გზაა“.
სტატიის ავტორები ენტონი კიმი და მამუკა წერეთელი აღნიშნავენ, რომ არსებული პანდემიით განპირობებული ეკონომიკური გაურკვევლობა უფრო ფართომასშტაბიანი და რთულია, ვიდრე წარსულში განცდილი ეკონომიკური გამოწვევები.
„შეერთებული შტატები და საქართველო გვერდიგვერდ იბრძოდნენ ადრე საერთო მტრების წინააღმდეგ. იგივე გადამწყვეტი პოზიცია და თანამშრომლობა იქნება საჭირო არსებულ ვითარებასთან განმკლავებისთვის. შეერთებულ შტატებსა და საქართველოს გაცილებით მეტის შეთავაზება და უფრო დიდი სარგებლის მოტანა შეუძლიათ ერთმანეთისთვის დღენიადაგ განვითარებადი პარტნიორობიდან ძირითად პოლიტიკურ ფრონტზე. ვაშინგტონმა უნდა განავითაროს თავისი პრაგმატული და მომავალზე ორიენტირებული პოლიტიკური დღის წესრიგი თბილისთან მიმართებით“, – ნათქვამია სტატიაში.
სტატიის ავტორები მიიჩნევენ, რომ აღნიშნული მიზნების მიღწევისთვის საჭიროა გაგრძელდეს საქართველოს ხელშეწყობა ინსტიტუციონალური და სტრუქტურული რეფორმების განხორციელების გზაზე დემოკრატიისა და ეკონომიკური თავისუფლების გასაძლიერებლად.
„ფუნქციონირებადი კონსტიტუციური და საკანონმდებლო ჩარჩო შექმნილია. თუმცა, მეტად გასაძლიერებელია სამართლის უზენაესობისა და ბიზნეს დავების გადაჭრის სისტემა, რითაც გაუმჯობესდება საჯარო მომსახურების ხარისხი და გამჭვირვალობა, არასასურველი პოლიტიკური გავლენებისგან დაცული გახდება ძირითადი ინსტიტუტების დამოუკიდებლობა, რაც თავის წვლილს შეიტანს საქართველოს დემოკრატიის განვითარებასა და ეკონომიკური თავისუფლების ხარისხის გაზრდაში“, – აღნიშნულია სტატიაში.
ავტორები აღნიშნავენ, რომ აქცენტი უნდა გაკეთდეს ტექნიკურ-ეკონომიკურ თანამშრომლობაზე, რათა სრულად მოხდეს საქართველოს ეკონომიკური თავისუფლების მაღალ ხარისხზე კაპიტალიზაცია.
„საქართველომ ბოლო 25 წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი წინსვლა იქონია ეკონომიკური რეფორმების მიმართულებით, რაც ბევრი საერთაშორისო კვლევითაა აღიარებული. დიდი რაოდენობის კერძო საწარმოების შექმნა განპირობებული იყო ბიზნეს პროცედურებისა და მარეგულირებელი ნორმების სიმარტივით. თუმცა, საწარმოების გაფართოებისა და მეტი ადამიანის დასაქმების შესაძლებლობას არ იძლევა სისტემაში არსებული შემაფერხებელი ფაქტორები, რაც უსაფრთხოების კუთხით მნიშვნელოვანი შედეგების მქონე გადაუჭრელ ეკონომიკურ და სოციალურ პრობლემებად რჩება საქართველოში. ამ პრობლემის დიაგნოსტირება და მოგვარება საჭიროებს მეტად მიზანმიმართულ ორმხრივ ეკონომიკურ თანამშრომლობას“, – წერენ ავტორები.
სტატიაში ხაზგასმულია, რომ პრაქტიკული საფუძველი უნდა ჩაეყაროს ორმხრივი სავაჭრო შეთანხმების ფორმალურ მოლაპარაკებებს.
„შეერთებული შტატები იხილავს საქართველოსთან თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების გაფორმებას. ქვეყანასთან ამგვარი გარიგების დადება არ იქნება ნულიდან საქმის დაწყება. მაღალი დონის სავაჭრო და საინვესტიციო დიალოგი უკვე არსებობს ამ ორ ქვეყანას შორის. ამასთანავე, ორმხრივი საინვესტიციო შეთანხმება, ორმხრივი სავაჭრო და საინვესტიციო ჩარჩო შეთანხმებაც არის ხელმოწერილი. თანამედროვე სავაჭრო შეთანხმების ინსტიტუციონალიზაცია ლოგიკური ნაბიჯი იქნება აშშ-საქართველოს ეკონომიკური თანამშრომლობის დასაწინაურებლად, რადგან ის არის ძირითადი ფაქტორი რეფორმების განსახორციელებლად და პარტნიორობის გასაზრდელად. კონგრესი და ტრამპის ადმინისტრაცია ამას პრიორიტეტად უნდა მიიჩნევდეს. მხარი უნდა დაეჭიროს ინფრასტრუქტურის განვითარებას საქართველოში, რაც რეგიონულ დაკავშირებადობას უზრუნველყოფს, განვითარებად ეკონომიკურ თანამშრომლობასთან ერთად ცენტრალური აზიის, კავკასიის, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს შორის. შეერთებული შტატების სტრატეგიული ინტერესი ამ პროცესში ნათელია: ყველა ჩართული ქვეყნის ეკონომიკური სუვერენიტეტის გაძლიერება და ამ სივრცეში რუსეთის არსებული, ხოლო ჩინეთის მზარდი გავლენის შეზღუდვა“, – აღნიშნულია სტატიაში.