The Heritage Foundation: საქართველოს იმედის შუქურად მიიჩნევენ ევრაზიულ რეგიონში დემოკრატიული ძალისხმევისთვის

The Heritage Foundation-ი სტატიას აქვეყნებს სათაურით – „მეტი დემოკრატია და ღია ბაზრები საქართველოს წინსვლის გზაა“.
სტატიის ავტორები – ენტონი კიმი და მამუკა წერეთელი აღნიშნავენ, რომ საქართველოს დიდი ხანია, მიიჩნევენ პოსტსაბჭოთა სივრცის საბაზრო ეკონომიკის მქონე ყველაზე დემოკრატიულ სახელმწიფოდ, თუმცა საქართველო „მუდმივად იმყოფება მმართველობითი გამოწვევების წინაშე“.
„1991 წელს, საბჭოთა კავშირიდან დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან საქართველომ თვალსაჩინო წინსვლა განიცადა კორუფციასთან ბრძოლისა და თანამედროვე საჯარო დაწესებულებების განვითარების სახით. მსოფლიოში თავისუფლების შესახებ პუბლიკაციის უახლეს გამოშვებაში, რომელიც ყოველწლიური ანგარიშია და აფასებს პოლიტიკური უფლებებისა და სამოქალაქო თავისუფლების ხარისხს, საქართველო „ნაწილობრივ თავისუფალ“ ქვეყანათა რიცხვს მიაკუთვნა ორგანიზაციამ Freedom House. საქართველოს პარლამენტის მიერ 29 ივნისს საარჩევნო სისტემის რეფორმების შესახებ საკანონმდებლო ინიციატივის დამტკიცებით ვაშინგტონში მოქმედმა ორგანიზაციამ აღნიშნა, რომ „მნიშვნელოვანი კომპრომისი გაკეთდა საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს შორის, რაც შედეგად იქონიებს გაზრდილ პოლიტიკურ პლურალიზმსა და საქართველოს საარჩევნო პროცესებისადმი საზოგადოების ნდობას. ის ასევე ასახავს საქართველოს საჯარო და სამოქალაქო საზოგადოების წვლილს, რომელიც მრავალი თვის განმავლობაში რეფორმების მოთხოვნით წარმოებული წარმატებული კამპანიის შედეგად დადგა“. შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი მიესალმება საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების დამტკიცებას, რაც მეტად პროპორციულ საარჩევნო სისტემას აყალიბებს ქვეყანაში. ხსენებული აშშ უწყება ასევე „ისტორიულ“ მოვლენად მიიჩნევს ამ საკანონმდებლო ინიციატივის დამტკიცებას და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ „შეერთებული შტატები გააგრძელებს საქართველოს ძალისხმევის მხარდაჭერას დემოკრატიის, საარჩევნო პრაქტიკისა და სამართლის უზენაესობის გაძლიერებისკენ“, – ნათქვამია სტატიაში.
სტატიის ავტორები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ საქართველოს საპარლამენტო არჩევნებმა მიმდინარე წლის ოქტომბერში მეტად კრიტიკული მნიშვნელობა შეიძინა, რადგან გაზრდილია ფსონები საქართველოს დემოკრატიულობის დასამტკიცებლად, რამაც ჯეროვანი მმართველობა უნდა გააძლიეროს.
„საქართველოს “იმედის შუქურად” მიიჩნევენ ევრაზიულ რეგიონში დემოკრატიული ძალისხმევისთვის, რაც ძალიან კონტრასტულია პოსტ-საბჭოთა მეზობელ ქვეყნებთან. ვაშინგტონმა მეტი ყურადღება უნდა დაუთმოს საქართველოში მოსალოდნელ საარჩევნო პროცესს და უზრუნველყოს კონკრეტული მხარდაჭერის აღმოჩენა, რათა მიმდინარე წლის ოქტომბერში დაგეგმილი თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე საპარლამენტო არჩევნების დემოკრატიული პრაქტიკა დამკვიდრდეს“, – წერენ სტატიის ავტორები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები