არჩილ კბილაშვილი: „ლიდერფუდის“ საქმეში ახალი გარემოებაა

„ლიდერფუდის“ დამფუძნებლის, დავით ზეიკიძის ადვოკატი, არჩილ კბილაშვილი „ლიდერფუდის“ 50%-იან წილთან დაკავშირებით მიმდინარე დავაში გამოვლენილ ახალ გარემოებაზე საუბრობს.

კბილაშვილის განცხადებით, მისთვის მუდამ ნაკლებად საინტერესო იყო და ამ ეტაპზეც ასეა, თუ რა კონტრბრალდებებს უყენებს მას მოსარჩელე ირაკლი დუმბაძე. კბილაშვილი ამბობს, რომ „ლიდერფუდის“ საქმეში გამოვლენილი ახალი გარემოება ძირეულად ცვლის საქმის არსს და კიდევ უფრო ნათელს ხდის ორი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი დაუსწრებელი გადაწყვეტილების უსაფუძვლობას და შესაბამისად, უკანონობას. ადვოკატის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

“მე არ მინდა კომენტარი გავაკეთო ბ-ნი ირაკლი დუმბაძის მიერ ჩემი მისამართით გაკეთებულ გუშინდელ განცხადებაზე. მე მინდა ვისარგებლო ამ შესაძლებლობით, კიდევ ერთხელ მივუბრუნდე ლიდერი-ფუდის თემას და ძალიან მოკლედ ჩამოვთვალო ის უკანონობანი, რაც პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოებმა დაუშვეს დავით ზეიკიძესთან მიმართებით.

იმისათვის, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილება ყოფილიყო გამოტანილი, უტყუარად უნდა დადგენილიყო, რომ დავით ზეიკიძეს სარჩელი ჩაბარდა.

ჩვენს შემთხვევაში ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა დავით ზეიკიძისათვის სარჩელის ჩაბარება დაამყარეს:
1) მოსარჩელის ადვოკატის ოფისის მენეჯერის განცხადებას, რომ მან დავით ზეიკიძეს ნამდვილად სარჩელი გაუგზავნა;
2) იმ ვარაუდს, რომ ვიდეოკადრში, კურიერის ხელში არსებულ კონვერტში შეიძლებოდა სასამართლოს კონვერტი ყოფილიყო ჩადებული.
3) ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 17 ივლისის ექსპერტიზის დასკვნას, იმ მინიშნებით, რომ მამაკაცის ხელთ არსებულ კონვერტს კუთხეებში მუქი შეფერილობა აღენიშნებადა რომ კონვერტი, რომელიც კურიერმა ლიდერი-ფუდის ოფისს ჩააბარა სისქით შეესაბამებოდა 49 ფურცელ-მოთავსებულ კონვერტს, ანუ სარჩელს.

ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა გვერდი აუარეს, არ მოიხსენიეს, ან დამახინჯებულად წარმოაჩინეს მტკიცებულებები, რომლებიც დავით ზეიკიძისათვის სარჩელის ჩაბარებას გამორიცხავდნენ. ასეთი მტკიცებულება და გარემოება ბევრია. მე მხოლოდ მათ ნაწილს ჩამოვთვლი. ესენია:

1) შპს „ლიდერი-ფუდის“ სამეთვალყურეო კამერით გადაღებული ვიდეოჩანაწერი, რომელიც აჩვენებს, რომ კურიერი, რომელიც ოფისში შემოდის, ხელში ორივე გვერდიდან თეთრი კონვერტი უჭირავს. ეს კი გამორიცხავს სარჩელის ჩაბარებას, რადგან სასამართლოს კონვერტს ერთ გვერდზე მნიშვნელოვნად ლურჯი შეფერილობა აქვს. სასამართლო ამ მტკიცებულებაზე არაფერს ამბობს;

2) კონვერტი, რომელიც კურიერს ხელში უჭირავს არის ა-4 ფორმატის, ეს კი გამორიცხავს სასამართლოების ვარაუდს კონვერტის კონვერტში ჩადების შესახებ. სასამართლო ამ არგუმენტზე არაფერს ამბობს;

3) კურიერის – შალვა იაშვილის ჩვენება, რომელმაც სასამართლო პროცესზე სიტყვა-სიტყვით განაცხადა შემდეგი: „კონკრეტულ შემთხვევაში, საერთოდ, ზოგადად რომ სასამართლოს წერილი რომ მიმეტანოს ეგეთი რაღაც არ მახსოვს“. სასამართლო ამ მტკიცებულებაზე არაფერს ამბობს.

4) დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრი „ალტერნატივას“ 2019 წლის 25 ივლისის ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც ასკვნის, რომ ვიდეოფაილებში ასახული მამაკაცის ხელში არსებული კონვერტი, როგორც პირითი მხრიდან, ასევე ზურგითი მხრიდან არის თეთრი ფერის, ასევე ის, რომ კონვერტის სისქიდან გამომდინარე შეუძლებელია მასში ფურცლების რაოდენობის განსაზღვრა.სასამართლო ამ მტკიცებულებაზე არაფერს ამბობს;

5) მოსარჩელის მეუღლისა და შპს “ლიდერი-ფუდის“ კანცელარიის მუშაკის სატელეფონო მიმოწერა ვაიბერით. კერძოდ, მოსარჩელის მეუღლის კითხვაზე იყო თუ არა ლურჯი შეფერილობის ის კონვერტი, რომელიც მან დავით ზეიკიძისათვის გადასაცემად მიიღო, აღნიშნულ კითხვაზე, კანცელარიის მუშაკი ამბობს, რომ კონვერტი,რომელიც მან ჩაიბარა იყო მთლიანად თეთრი. სასამართლო ამ მტკიცებულებაზე არაფერს ამბობს და მას შეკრეჭილად წარმოაჩენს.

6) შპს “ლიდერი-ფუდის“ კანცელარიის მუშაკის მოწმის ჩვენება, რომელმაც განმარტა, რომ მის მიერ მიღებული კონვერტი იყო თეთრი. სასამართლო ამ მტკიცებულებაზე არაფერს ამბობს;

7) შპს “ლიდერი-ფუდის“ უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოწმის ჩვენება, რომელმაც განმარტა, რომ მიღებული კონვერტი იყო თეთრი, ხოლო მასში სარჩელის ნაცვლად მოსარჩელის წერილი აღმოჩნდა. სასამართლო ამ მტკიცებულებაზე არაფერს ამბობს;

მოსარჩელის მიერ მოპასუხისათვის გაგზავნილი 5 ანალოგიური წერილი, რომელიც სადავო გზავნილის ჩაბარებას უშუალოდ უსწრებდა წინ. ეს გარემოება ამყარებდა მოპასუხის პოზიციას, რომ მოსარჩელემ მეექვსე ჯერზეც ჩვეულებრივი წერილი გაუგზავნა მოპასუხეს და არა სარჩელი. სასამართლო ამ მტკიცებულებებზეც არაფერს ამბობს.

9) და რაც ყველაზე მთავარია, კანონი ითვალისწინებს, რომ სარჩელის ჩაბარება სასამართლო უწყებით უნდა იქნეს დადასტურებული, საქმეში კი სასამართლო უწყება არ დევს. სასამართლო ამ გარემოებაზე დუმს.

მიაქციეთ ყურადღება, დაუსწრებელი გადაწყვეტილება არსებითად ემყარება მოსარჩელის ადვოკატის ოფისის მენეჯერის (ანუ დაინტერესებული პირის) განცხადებას, რომ მან ნამდვილად სარჩელი გაუგზავნა დავით ზეიკიძეს და წინააღმდეგობრივ ვარაუდს იმის შესახებ, რომ ორი ერთნაირი ზომის ა4 ფორმატის კონვერტიდან, ერთი მათგანი მეორეში იქნა ჩადებული (თანაც 49 ფურცლის რაოდენობით). აქვე იმასაც აღვნიშნავ, რომ სააპელაციო სასამართლომ გვერდი აუარა პირდაპირ იმის თქმას, რომ ერთი კონვერტის მეორე კონვერტში ჩადებას იზიარებდა, თუმცა არაპირდაპირ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების ძალაში დატოვებით, მან მაინც გაიზიარა ზემოაღნიშნული დაშვება. ამ ყოველივეს დაემატა მოსარჩელის მიერ სასამართლოსათვის წარდგენილი ერთ დღეში „მომზადებული“ ექსპერტიზის დასკვნა, რისი ანალოგიც ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ისტორიაში არ მომხდარა, ამას დაემატა ისიც, რომ მეორე ინსტანციაში საქმე განიხილა იმ მოსამართლემ (ბ-ნმა მაკარიძემ), რომელიც დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამომტან მოსამართლესთან (ბ-ნ ქოჩიაშვილთან) ერთად ამჟამად სააპელაციო სასამართლოს პალატის ერთ შემადგენლობაშია და ყოველივეს შედეგად მივიღეთ ის, რომ დავით ზეიკიძეს 15 მილიონი აშშ დოლარის ქონება სასამართლო განხილვის გარეშე ჩამოერთვა. აი, რატომ ვაცხადებ, რომ ამ საქმის განხილვაში მე კორუფციის სავარაუდო ნიშნებს ვხედავ.

მიუხედავად იმისა, რომ ზემოაღნიშნული გარემოებანი სრულიად საკმარისია ქვედა ინსტანციის სასამართლოთა გადაწყვეტილებების გასაუქმებლად, მინდა განვაცხადო ერთი ახალი გარემოების შესახებ, რომელიც, ზემოაღნიშნულისაგან დამატებით, მაგრამ სხვა საფუძვლით, არსებულ ვითარებას ძირფესვიანად ცვლის.

იმის გამო, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არ გაიზიარა არც მოსარჩელის და არც მოპასუხის მიერ წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნები, ხოლო მეორე ინსტანციის სასამართლომ, განსხვავებით პირველი ინსტანციის სასამართლოსაგან, ერთის მხრივ, უარყო მოპასუხის მიერ წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნა, ხოლო მეორეს მხრივ, როგორც ეს ზემოთ იქნა აღნიშნული, ირიბად და მინიშნებით, მაგრამ მაინც, გაიზიარა მოსარჩელის მიერ წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნა, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ ჩემმა მარწმუნებელმა გადაწყვიტა განცხადებით მიემართა გენერალური პროკურატურისათვის მოსარჩელის – ბ-ნი ირაკლი დუმბაძის, მოსარჩელის ადვოკატის – ბ-ნი პაატა სალიას, სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტის ბ-ნი ლაშა ამბროლაძის და საქმის განმხილველი მოსამართლეების ბატონების ლაშა ქოჩიაშვილის და გენადი მაკარიძის წინააღმდეგ გამოძიების დაწყების მოთხოვნით, რადგან ჩემი მარწმუნებელი მტკიცედ არის დარწმუნებული, რომ ამ პირებმა მის წინააღმდეგ სხვადასხვა სახის ანგარებითი დანაშაული ჩაიდინეს მისი ქონების უკანონო დაუფლების მიზნით.

პროკურატურისათვის დამატებითი დოკუმენტების მოსაპოვებლად ჩემი მარწმუნებლის დაკვეთით ჩატარდა ახალი ექსპერტიზა, რომლის დასკვნაც გუშინ გახდა ცნობილი. ახალი ექსპერტიზის დასკვნით, შპს „ლიდერი-ფუდის“ სამეთვალყურეო კამერით გადაღებულ ვიდეოჩანაწერში, რომელიც 2019 წლის 22 მაისს კურიერის ოფისში შესვლას ასახავს, კურიერს ხელში უჭირავს არა ერთი, არამედ ორი კონვერტი.
აქვე ვაქვეყნებთ იმ ფოტოსურათებს, რომელიც ექსპერტმა ვიდეომასალის დამუშავების შედეგად ამოიღო და დასკვნას თან დაურთო. ამ ფოტოსურათებში მკაფიოდ და გარკვევით მოსჩანს ორი კონვერტი, რომელიც კურიერს ხელში უჭირავს. ამასთან ექსპერტი იმასაც ამბობს, რომ ორივე კონვერტი თეთრია. ამავდროულად, ექსპერტი ასკვნის, რომ ვიდეოჩანაწერში კადრში აღბეჭდილი კურიერის ხელში არსებული კონვერტების სისქის მიხედვით შეუძლებელია იმის დადგენა შეესაბამება თუ არა მათი სისქე 49 ფურცელ-მოთავსებულ კონვერტს. გარდა ამისა, ახალი ექსპერტიზის დასკვნით დგინდება, რომ კონვერტები იმ ნაწილში, რომლითაც იგი კურიერს ხელში უჭირავს თხელი სისქის არის. აქედან გამომდინარე, სამხარაულის ბიუროს ექსპერტის მიერ მის ექსპერტიზის დასკვნაში ასახული ფოტოსურათები არასწორი რაკურსით არის გადაღებული.

რას ნიშნავს ყოველივე ეს? ეს ნიშნავს იმას, რომ მთელი ის ვარაუდები და ვერსიები, რომელიც ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა დავით ზეიკიძისათვის სარჩელის ჩაბარების დასტურად გამოიყენეს, კიდევ ერთხელ, ოღონდ სხვა საფუძვლით თავდაყირა დგება, რადგან კურიერის ხელში ორი თეთრი კონვერტის არსებობის შემთხვევაში, გაუგებარი რჩება რომელი კონვერტია თბილისის საქალაქო სასამართლოსი და რომელ კონვერტს ჩაუტარა ექსპერტიზა სამხარაულის ბიურომ, რომელიც მხოლოდ ერთ კონვერტზე საუბრობს და მეორე კონვერტის შესახებ არაფერი აქვს ნათქვამი.
ეს ახალი გარემოება კიდევ ერთი დასტურია იმისა, თუ რატომ უნდა ეხელმძღვანელათ ქვედა ინსტანციის სასამართლოებს კანონის მოთხოვნით, რომელიც მოპასუხისათვის სარჩელის ჩაბარებას მხოლოდ სასამართლო უწყების (და არა ვიდეოჩანაწერის) მეშვეობით მოითხოვს. ვფიქრობ, აღნიშნული შემთხვევა კარგი გაკვეთილი უნდა იყოს მომავალში ყველასათვის, რათა კანონის მოთხოვნის მსგავსი იგნორირება აღარ მოხდეს“, – ნათქვამია არჩილ კბილაშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები