“ნინო ანანიაშვილი ასე ვერ გამანადგურებდა, მის უკან პრეზიდენტი სააკაშვილი რომ არ მდგარიყო!”

ინტერვიუ საქართველოდან პოლიტდევნილ ქორეოგრაფ თამაზ ვაშაკიძესთან

თამაზ ვაშაკიძის ადვოკატმა 16 წლის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს მიმართა და ვაშაკიძის საქმის გადახედვა ითხოვა და არა –   შეწყალება.

ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის ქორეოგრაფიული სასწავლებლის ხელმძღვანელს, ცნობილ ქორეოგრაფსა და პედაგოგს, თამაზ ვაშაკიძეს პრობლემები მას შემდეგ შეექმნა, რაც 2004 წლიდან დიდი თეატრის პრიმა ბალერინა, ნინო ანანიაშვილი პენსიაზე გავიდა და ქმართან, გრიგოლ ვაშაძესთან ერთად საქართველოში გადაწყვიტა მოღვაწეობის გაგრძელება. პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შვილის ნათლია და მისი ოჯახი პოლიტიკური ელიტის სათავეში მოექცნენ. გადაწყდა: ნინო ანანიაშვილი ინიშნებოდა საქართველოს ოპერისა და ბალეტის საოპერო დასის სამხატვრო ხელმძღვანლად, რომელსაც ერთდროულად უნდა გაეკონტროლებინა ქორეოგრაფიული სასწავლებელიც, როგორც მომავალი ბალეტის მსახიობების სამჭედლო და გადაეხალისებინა კადრები.

თუმცა, იყო ერთი პატარა უსიამოვნო დეტალი. ქორეოგრაფიული სასწავლებლის დირექტორი არა და არ თანხმდებოდა გადადგომაზე და ფიქრობდა, რომ მისი გადაყენების არც მორალური და არც კანონიერი საფუძველი არავის ჰქონდა, თვით პენსიაზე გასულ მსოფლიო ვარსკვლავსაც კი.

“კვირა” თამაზ ვაშაკიძეს დაუკავშირდა, რომელიც მე-17 წელია პოლიტ6იკური დევნილის სტატუსით რუსეთში ცხოვრობს:

-ბატონო თამაზ, თქვენი მოულოდნელი რეპრესია მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნას ჰგავდა..

-დიახ, ამას ნამდვილად არ ველოდი! ყველაფერი იმით დაიწყო, რომ პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა გადაწყვიტა ოპერა, პიონერთა სასახლე, ქორეოგრაფიული სასწავლებელი და ლამის მთელი საქართველო ეჩუქებინა ანანიაშვილი-ვაშაძის წყვილისთვის. მიხეილ სააკაშვილმა პირდაპირ სცენაზე წარუდგინა საოპერო დასს მათი ახალი დირექტორი: ნინო ანანიაშვილი იქნება თქვენი ხელმძღვანელიო. ეს ის პერიოდია, როდესაც ოპერის სამხატვრო ხელმძღვანელ გოგი ალექსიძეს 3 ადამიანი დაესხა თავს მოსკოვში, მძიმედ სცემეს და საავადმყოფოში უმძიმესი დიაგნოზით გადაიყვანეს. ყოველგვარი იურიდიული ნორმების დარღვევით, ანანიაშვილი იმავე დღეს დაინიშნა საბალეტო დასის სამხატვრო ხელმძღვანლად. გოგი ალექსიძე აღარავის მოუკითხავს!… გადის კიდევ ერთი თვე და კულტურის მინისტრის მოადგილე, თამთა ქვარიანი არაოფიციალურად მეუბნება, რომ უნდა დავწერო განცხადება და დავტოვო ქორეოგრაფიული სასწავლებლის ხელმძღვანელის თანამდებობა. ძალიან გამაკვირვა ამ წინადადებამ. ქვარიანმა დამამშვიდა: რას იზამთ, ხომ იცით, ვინც მოდისო…

– რა მოხდა მას შემდეგ, რაც ქვარიანს თანამდებობის დატოვებაზე უარი განუცხადეთ?

– დამიბარა კულტურის იმჟამინდელმა მინისტრმა, კოტე გაბაშვილმა და მთხოვა, თამაზ, უნდა წახვიდე, მე არაფერს ვწყვეტ, ხომ იცი, გადაწყვეტილია, რომ ყველაფერი ანანიაშვილს უნდა ჩავაბაროთო. რასაკვირველია, განცხადების დაწერაზე მინისტრსაც უარი ვუთხარი. ჩემი უარის შემდეგ, გაბაშვილის განცხადების თანახმად, მომხსნეს, როგორც არაკვალიფიციური სპეციალისტი.

-ბრძოლა გააგრძელეთ?

– რასაკვირველია. შევიტანე სარჩელი პირველი ინსტანციის სასამართლოში. სამინისტროდან არაოფიციალურად კიდევ ერთხელ მთხოვეს, გამომეტანა სარჩელი, თუმცა გავუძალიანდი და ეს არ გავაკეთე. 2004 წლის ივლისში ოფიციალურად მომხსნეს, სექტემბერში კი ქორეოგრაფიულ სასწავლებელში შევიდა კონტროლის პალატა და პროკურატურა. ამ დროისათვის სასწავლებლის დირექტორად ინიშნება გრიგოლ ვაშაძის ძმიშვილი, ზვიად ბაქრაძე, რომელიც იქამდე არასრულწლოვანთა კოლონიის ზედამხედველი იყო.

– სასწავლებელში, გარდა დირექტორობისა, თქვენ პედაგოგიც იყავით…

– არა მხოლოდ პედაგოგი, ბალეტმეისტერიც ვიყავი. რასაკვირველია, მექანიკურად გამათავისუფლეს ამ თანამდებობებიდანაც.

– მიხვდით, რომ ძალა აღმართს ხნავდა და ქვეყნიდან წახვედით?

-არა, არც მიფიქრია. მე წავედი მოსკოვში, სადაც მქონდა შემოთავაზება, დამედგა სპექტაკლი. 10 ოქტომბერს მქონდა “დიდი ვალსის” პრემიერა. ამ დროს მირეკავს ჩემი მეუღლე და მიყვება, როგორ შევარდა პროკურორი დავით მგელაძე საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში, სადაც ჩემი შვილი იწვა და ჩემს ცოლს ჰკითხა, სად არის თქვენი მეუღლეო. იყო იქ კიდევ საკმაოდ მკაცრი გაფრთხილებები ჩემი მისამართით. მოსკოვში კოლეგებმა, ეს რომ გაიგეს, შემომთავაზეს, აღარ დავბრუნებულიყავი სამშობლოში, სადაც კაცმა არ იცის, რა მელოდა. მიუხედავად ამისა, მე დავბრუნდი საქართველოში, ჩემი ფეხით მივედი პროკურატურაში და ვაპირებდი მათი კითხვებისთვის პასუხის გაცემას, თუმცა, კითხვები არ ყოფილა. პირდაპირ შემომთავაზეს: ან 100 000 ლარს მოიტან, ან წახვალ ციხეშიო. 100 000 ლარი საიდან უნდა მომეტანა? ვუთხარი, ეკატერინბურგში ვდგამ სპექტაკლს, 5000 დოლარის შემოტანა შემიძლია გირაოს სახით-მეთქი. არაფერი უთქვამთ. გადავედი თუ არა საზღვარზე (რომელიც დასამალი არავისთვის იყო) 2005 წლის 9 დეკემბერს, პროკურატურამ ჩემზე ძებნა გამოაცხადა. 2007 წელს კი, საქართველოს ხელისუფლების მოთხოვნით, რუსეთში დამიჭირეს, სადაც ოფიციალურად ვმუშაობდი ბალეტმეისტერად. მაშინ კი რუსეთის ხელისუფლებას მოვთხოვე პოლიტიკური თავშესაფარი.

– მას შემდეგ თქვენი ოჯახი არ გინახავთ?

– 3 წელია, ოჯახი არ მინახავს, ორი გოგონა და ვაჟი, ფაქტობრივად, უჩემოდ გაიზარდნენ. იქამდე ვახერხებდი და რუსული თეატრის მოწვევით ოჯახი 1 თვით ჩამყავდა ეკატერინბურგში.

– ბოლოს და ბოლოს, რაში გდებთ ბრალს პროკურატურა?

-ფულის გაფლანგვაში. ვითომ მე ვიწერდი პრემიებსა და ხელფასებს, ბუღალტრები აკეთებდნენ ქრთამს და მინაწილებდნენ მე. გოგონები ისე დააშინეს და გადაუარეს, თავად განსაჯეთ, ვინ გაუძლებდა სააკაშვილის 2005 წლის რეპრესიებს? ჩემი ყოფილი თანამშრომლები ბოდიშს მიხდიდნენ, მეტის გაძლება აღარ შეგვიძლია დაკითხვებზეო. ბოლოს და ბოლოს, 2008 წლის 24 სექტემბერს გაიმართა სასამართლო, რომელმაც დაუსწრებლად მომისაჯა 9 წელი.

-გადაწყვეტილება არ გაგისაჩივრებიათ?

-ჩემი ადვოკატი დიმიტრი გაბუნია იყო. მას უნდა გაესაჩივრებინა გადაწყვეტილება. როგორც ჩანს, გაბუნიას ეს არ გაუკეთებია. კანონით, თუ გადაწყვეტილება არ საჩივრდება, ესე იგი, მხარე ეთანხმება გადაწყვეტილებას. მაქვს ეჭვი, რომ ჩემი ადვოკატი ხელისუფლებასთან გარიგებაზე წავიდა.

-ახალი ხელისუფლების პოლიტდევნილთა სიაშიც ვერ მოხვდით?

-ეგრეთ წოდებული ბესელიას სიაში ნამდვილად ვიყავი, მერე როგორ ამოვვარდი იმ სიიდან, წარმოდგენა არ მაქვს. 2020 წლის 18 თებერვალს, გენპროკურორ შოთაძეს მივწერე, გადახედეთ ჩემს საქმეს-მეთქი. პასუხი ჯერ არ მიმიღია.

-ამ ხნის განმავლობაში ერთხელაც არ გიცდიათ ანანიაშვილთან კომუნიკაცია? ბოლოს და ბოლოს, ამდენი ხნის კოლეგები ხართ!

– ნინო ჩემი ახლო მეგობარი იყო. დედამისს მივულოცე კიდეც  საქართველოში მისი ჩამოსვლა. ჩამოვიდა, მომდგა და ტანკივით გადამიარა სააკაშვილის მთელმა რეჟიმმა. არადა, ნინოს შეეძლო, შემხვედროდა და დამლაპარაკებოდა. თუ რამეზე ვერ შევთანხმდებოდით, ეს სხვა საქმე იქნებოდა. მის უკან რომ საქართველოს პრეზიდენტი არ მდგარიყო, რასაკვირველია ადამიანის ასე განადგურებას ვერავის გაბედავდა.

– პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისთვის არ მიგიმართავთ შეწყალების თაობაზე?

– ზურაბიშვილს მხოლოდ იმიტომ მივმართე, რომ ჩემს საქმეს გადახედოს…კატეგორიულად უარს ვამბობ შეწყალებაზე. შეწყალება უნდა დამნაშავეს, მე კი დანაშაული არ ჩამიდენია. ჩემი შვილების წინაშე ხომ უნდა ვიყო პირნათელი? რას ჰქვია ქორეოგრაფიული სასწავლებლის ფული მოვიპარე, როცა იქეთ მიმქონდა ჩემი ფული სასწავლებლის საჭიროებისთვის?

-ახლა რას აპირებთ?

-ჩემი ერთდერთი იმედი საქართველოს გენერალური პროკურატურაა, რომელმაც ხელახლა უნდა შეისწავლოს საქმე და დაადგინოს ჩემი უდანაშაულობა. ბოლოს და ბოლოს, ხომ უნდა დავბრუნდე ჩემს სამშობლოში, რა დავაშავე ასეთი?!

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები