მაია ნიკოლეიშვილი: მარიამ ჯიშკარიანი არ არის სასამართლო სამედიცინო ექსპერტი, ის ფსიქიატრია, ექსპერტისთვის ინტერპრეტაციები დაუშვებელია
“ქალბატონი მარიამ ჯიშკარიანი არ არის სასამართლო სამედიცინო ექსპერტი. ის ფსიქიატრია. ექსპერტისთვის ინტერპრეტაციები დაუშვებელია”,- ასე უპასუხა ექსპერტმა, მაია ნიკოლეიშვილმა ტვ “ფორმულას” ეთერში ჟურნალისტის, ნინო ჟიჟილაშვილის კითხვას -“თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე ცენტრმა “ემპათიამ” თქვა – არ არის დაზიანებები, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ დაზიანებები არ იყო. ამ ორი ვერსიიდან მეორე არის უფრო რელევანტური, როგორც სრულფასოვანი ნათქვამი”.
ნიკოლეიშვილის თქმით, სიტყვები “ეს იქნებოდა” ექსპერტისთვის დაუშვებელია.
“ქალბატონი მარიამი არ არის სასამართლო სამედიცინო ექსპერტი. ის ფსიქიატრია. ექსპერტი თვითონ ამბობს თავის დასკვნას და არავითარ შემთხვევაში სხვისი პირით. ექსპერტი ამოდის იქიდან, თუ რა არის. ექსპერტი ყოვლისშემძლე არ არის. არის შემთხვევები, როდესაც ჩვენ ვამბობთ – არ ვიცით, ვერ ვადგენთ. მითქვამს ხოლმე, სიკვდილს თავისი ძალა აქვს. ისე ცვლის ზოგჯერ ადამიანს, რომ ვერაფერს ადგენ. წაგვართვა უკვე ყველაფერი, ინფორმაციის მიღების საშუალება, ასეთ დროს უძლურები ვართ და ვამბობთ – არ ვიცით.
მაგრამ “ეს იქნებოდა” – არის ფანტაზია, ექსპერტისთვის ეს სიტყვა დაუშვებელია. რა ვიცით, ჩვენ რა იქნებოდა. ჩვენ ვამბობთ იმას რასაც ვხედავთ, რასაც ვადგენთ და რაზეც შეგვიძლია ვიმსჯელოთ.
მე არ ვარ მკითხავი. მე ვარ სასამართლო სამედიცინო ექსპერტი და მხოლოდ ვამბობს იმას რაც არის, ინტერპრეტაცია არ შეიძლება”,- განაცხადა ნიკოლეიშვილმა.