ავთანდილ ცინცაძე: სპორტსმენები არიან ის ადამიანები, რომლებმაც შარშან 1200-ზე მეტჯერ ააჟღერეს საქართველოს ჰიმნი

თბილისის საკრებულოს საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატი, ავთანდილ ცინცაძე შალვა ნათელაშვილის მიერ სპორტსმენებთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება. ცინცაძის შეფასებით, „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის კომენტარი არასერიოზულია.
მისივე თქმით, ოპოზიციაში მყოფ პოლიტიკოსებს ქართველი ხალხის წარმატება არ უნდათ, რაც მათ ხელისუფლებაში ყოფნის დროს დაამტკიცეს.

„შალვა ყოველთვის არასერიოზული გამონათქვამებით გამოირჩეოდა. რა თქმა უნდა, მის განცხადებაზე სერიოზული კომენტარის გაკეთება არ შეიძლება და მის ნათქვამს, ცხადია, სერიოზულად ჩვენი საზოგადოებაც არ აღიქვამს. სპორტსმენები ის ადამიანები არიან, რომლებმაც მხოლოდ შარშან 1200-ზე მეტჯერ ააჟღერეს საქართველოს ჰიმნი ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ. უხერხულია, როცა მათზე საუბრობს ისეთი არასერიოზული ადამიანი, როგორიც შალვა ნათელაშვილია.

ე.წ. ოპოზიციურმა მხარემ კარგად უნდა გაითავისოს, რომ სპორტი და პოლიტიკა გამიჯნულია და ნუ ურევენ ერთმანეთში. სპორტსმენებს ჩვენ ხელისგულზე უნდა ვატარებდეთ, რადგან ისინი ჩვენს ქვეყანას მსოფლიოს აცნობენ.

მიუხედავად ყველაფრისა, შალვა ნათელაშვილისგან სერიოზული კომენტარი უფრო გასაკვირი იქნებოდა. საზოგადოებაც კარგად იცნობს მას. ჩვენ ვხედავთ, რომ ე.წ. ოპოზიცია ბოლო პერიოდში სპორტსმენებზე აგრესიულ ზეწოლასა და მათ ბულინგს განაგრძობს. ვიცით, რომ მათ არც ჩვენი სპორტსმენების და არც ჩვენი ქვეყნის წარმატება სურთ, ამიტომ მნიშვნელობა არ აქვს, შალვა ნათელაშვილის ენით გვეტყვიან ამას თუ – სხვისი მეშვეობით. ამის მტკიცება მათ აღარ სჭირდებათ, რადგან ყველაფერი კარგად დაამტკიცეს მაშინ, როდესაც ხელისუფლებაში იყვნენ”, – აღნიშნა ავთანდილ ცინცაძემ.

შეგახსენებთ, რომ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა ზემოხსენებული განცხადება „ტვ პირველის“ ეთერში გააკეთა.

„ჩვენ არ გვჭირდება ამდენი სპორტსმენი. მილიარდ-ნახევარია ინდოეთი, ხანდახან, ბოლო ადგილზე გადის ოლიმპიადაზე, მაგრამ მარსზე გაგზავნეს თანამგზავრი და, ტექნოლოგიების განვითარების მხრივ, უდიდესი სამყაროა დედამიწაზე.

ჩვენ გვჭირდება, პირველ ყოვლისა, სპორტსმენი, რომელსაც ეყვარება მოყვასი, დაიცავს სუსტს, ასახელებს ქვეყანას და არა – მოპოვებული ჩემპიონატის ჯილდოს გამო მოგვიკლავს ბავშვებს, იძალადებს, საარჩევნო პროცესებში ჩაერევა, საარჩევნო ყუთს თავზე დაგვამხობს, პოლიტიკოსების ცემაზე გადავა, ერთმანეთის დატერორებაზე გადავა. დაგვანებეთ, ძმაო, თავი. მე მირჩევნია ჩემპიონობას, შენ იყო ყანის მთოხვნელი, ხელებდაკოჟრილი, მოვალ და ხელებს დაგიკოცნი. არ მჭირდება, გულზე გეკიდოს მედალი და ხელებზე სისხლი გეცხოს ჩვენი შვილების”, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები