კობა კობალაძე: სამართლის წინაშე ყველა ვართ თანასწორი, არავის ნება-სურვილის გამო არც მართალი ადამიანი დაისჯება და არც მტყუანი გამართლდება
სასამართლომ “ქართული ოცნების” დეპუტატის, კობა კობალაძის შვილი და მასთან ერთად დაკავებული 5 პირი პატიმრობაში დატოვა.
როგორც დეპუტატმა, კობა კობალაძემ განაცხადა, სამართლის წინაშე ყველა თანასწორია.
“მე არ ვარ კოსმიურ ენერგიასთან კავშირში, რომ წინასწარ რაღაცები ვიცოდე. არის კონკრეტული ფაქტი, კონკრეტული ქმედება, ეს საკითხი სასამართლოს მივანდოთ. ვერ გადავერთვები იურისპრუდენციაში, ეს არ არის ჩემი პროფესია, ჩვენ ვსარგებლობთ პროფესიონალი იურისტის მომსახურებით. რაც შეეხება ჩემს, როგორც მშობლის, პოზიციას, საკმაოდ პასუხისმგებლობით ვცხოვრობ, მიცხოვრია და ვიქნები ასე მეც და ჩემი ოჯახის თითოეული წევრიც. თითოეულმა დაიწეროს გულის ფიცარზე – სამართლის წინაშე ყველა ვართ თანასწორი და არც არავის ნება-სურვილის, ან დაკვეთის გამო არც მართალი ადამიანი დაისჯება და არც მტყუანი გამართლდება”, – განაცხადა კობალაძემ.
24 ივნისს მომხდარი ძალადობისა და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე ექვს პირს დღეს პატიმრობა შეეფარდა.