წელს საქართველოში კალიების გავრცელების მაჩვენებელი მაღალია – სურსათის ეროვნული სააგენტო

სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დაცვის დეპარტამენტის უფროსის ნიკა მესხის განცხადებით, წელს გასულ წლებთან შედარებით კალიების გავრცელების მაჩვენებელი მაღალია.

ამის შესახებ ნიკა მესხმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. მისი განმარტებით, კალიების გავრცელებას ხელი კლიმატურმა პირობებმა შეუწყო.

„მიმდინარე წელს კალიების მაღალი გავრცელებაა. ამას ხელი შეუწყო იმ კლიმატურმა პირობებმა, რომელიც ხელსაყრელია კალიებისთვის. ამჟამად, ღონისძიებები ტარდება აღმოსავლეთ საქართველოს შემდეგ რეგიონებში: კახეთი, ქვემო ქართლი, შიდა ქართლი, მცხეთა -მთიანეთი, სამცხე-ჯავახეთი და ასევე თბილისის მიმდებარე ტერიტორიებზე. ამისთვის ვიყავით მზად, სრულად იყო და არის მობილიზებული სააგენტოს ტექნიკა, ასევე, ადამიანური რესურსი. ღონისძიებები დაიწყო უკვე, დაახლოებით, 2 თვის წინ და ახლაც აქტიურ ფაზაშია. დამუშავებულია 38 ათასი ჰექტარი ფართობი. ესაა იმ კალიების ორი სახეობა, რომლებიც ენდემურია. თუმცა აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს მათი გავრცელება არის ფართო, გასული წლებისგან განსხვავებით.
გატარებული ღონისძიებების შედეგად აცილებულია ძალიან დიდი დანაკარგები, რომელიც შესაძლებელია, რომ კალიებმა სოფლის მეურნეობასა და, ზოგადად, მწვანე საფარს მიაყენონ. გატარებული ღონისძიებების შედეგად, თავიდან იქნა აცილებული დიდი ეკონომიკური დანაკარგები, რაც შეიძლება, გამოწვეული ყოფილიყო კალიების მიერ სასოფლო-სამეურნეო კულტურების დაზიანებისგან.

გატარებული ღონისძიებები ანადგურებს ათასობით მავნებელს, რაც იწვევს მათი პოპულაციის რიცხოვნობის მკვეთრად შემცირებას. რისკი, რომ ასეთი შემოსევა და ფართო გავრცელება, რომელიც ღონისძიებების არგატარების შემთხვევაში შეიძლება, ყოფილიყო, დაბლა იწვევს. ღონისძიებები არის ეფექტური, საჭირო და გაგრძლდება მანამ, სანამ ამის საჭიროება იქნება“, – განაცხადა ნიკა მესხმა .

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები