სერბეთში არეულობის დროს 36 პირი დაშავდა, მათ შორის 19 სამართალდამცველია

სერბეთის დედაქალაქში ე.წ. კომენდანტის საათის დაწესებასთან დაკავშირებით დაწყებული არეულობა გვიან ღამით ისევ გაგრძელდა, რომლის შედეგად 36 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 19 პოლიციელია.

ამ მონაცემს ქვეყნის სასწრაფო დახმარების სამსახური ავრცელებს.

როგორც ქვეყნის შს მინისტრმა ბრიფინგზე განაცხადა, პოლიციელების ნაწილს ორი ფეხი აქვს მოტეხილი. მისივე თქმით, დემონსტრანტებს შორის მნიშვნელოვანი ტრავმები არავის მიუღია.

ბელგრადში საპროტესტო აქცია ორი დღის წინ დაიწყო მას შემდეგ, რაც ქვეყნის პრეზიდენტმა ე.წ. კომენდანტის საათი გამოაცხადა. ქუჩაში გამოსული ხალხი ალექსანდრე ვუჩიჩის გადადგომას ითხოვდა. მეორე დღეს საპროტესტო ტალღა ქვეყნის რამდენიმე ქალაქსაც გადაედო.

გვიან ღამით ხალხმა პარლამენტის შენობაში შესვლა ისევ სცადა. წინა ღამით კი ამ მცდელობას ცრემლსადენი გაზის გამოყენება მოჰყვა.

8 ივლისს ალექსანდრე ვუჩიჩმა განაცხადა, რომ საპროტესტო აქცია მეზობელი ქვეყნების სპეცსამსახურების ჩარევის ნიშნებს ატარებს, თუმცა მას არ დაუზუსტებია, რომელ სპეცსამსახურებს გულისხმობდა.

შს მინისტრმა, ნეიბოშა სტეფანოვიჩმა აქცია შეაფასა, როგორც “სხვადასხვა ბოროტმოქმედების, ფაშისტებისა და ექსტრემისტების მცდელობა” ხელისუფლების დამხობისა და სამოქალაქო ომის პროვოცირების გზით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები