საწვავის ხარისხის კონტროლი მკაცრდება – გაძვირდება თუ არა დიზელი და ბენზინი საქართველოში

მთავრობა საწვავის ხარისხის კონრტოლს ზრდის. იზრდება ჯარიმაც, რომლის გადახდაც არასტანდარტული საფქვავის მწარმოებლებს, იმპორტიორებსა და რეალიზატორებს მოუწევთ. 8 ათასის ნაცვლად, ჯარიმა, სავარაუდოდ, 20 ათასი ხდება. საკანონმდებლო ცვლილებით, რომლის განხილვაც პარლამენტში უკვე მიმდინარეობს, დამრღვევი პასუხს სისხლის სამართლის კოდექსითაც აგებს. რატომ გახდა აუცილებელი შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები – ამ საკითხზე „კვირა“ ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელ ვანო მთვრალაშვილს ესაუბრა.

ბატონო ვანო, როგორც გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, საწვავის ხარისხი ხშირ შემთხვევაში არ შეესაბამება სახელმწიფოს მიერ დადგენილ სტანდარტსა და ნორმას, რა არის ამის მიზეზი, სად ხდება საწვავის, ასე ვთქვათ, „გაკელთილშობილება“?

პრობლემა გამოიკვეთა მას შემდგომ, რაც გარემოს დაცვის სამინისტრომ მაისში მთელი რიგი ავტოგასამართი სადგურებიდან აღებულ საწვავის სინჯებში დადგენილ სტანდარტებთან შეუსაბამობები აღმოაჩინა. როგორც გაირკვა, თითქმის ყოველი მესამე სინჯიდან ერთმა შეუსაბამობა აჩვენა. მსგავსი კვლევები ადრეც ჩატარებულა და დარღვევების ასეთი მასშტაბი არ გამოვლენილა. ფაქტია, რომ დარღვევები არის და ამაზე რეაგირებაა საჭირო. როგორც ჩანს, მოქმედი ჯარიმები და სანქციები არ აღმოჩნდა შემაკავებელი ფაქტორი. გამოდის, ჯარიმა იმდენად უმნიშვნელოა, რომ საწვავის რეალიზატორს თუ იმპორტიორს უღირს ამ ჯარიმის გადახდა იმ მოგების სანაცვლოდ, რასაც ისინი არასტანდარტული საწვავის გაყიდვით იღებენ. რაც შეეხება იმას, თუ სად ხდება საწვავის დესტანდარტიზაცია – პირველ ყოვლისა, იმპორტის დროს. ჩვენთან, როგორც იცით, არ ხდება იმპორტის ტოტალური კონტროლი, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დარღვევის შესახებ რაიმე წინასწარი ინფორმაცია არსებობს. სახელმწიფო ენდობა იმ დოკუმენტაციას,რომელიც იმპორტიორს მწარმოებლისგან მოაქვს.

ანუ იმპორტირებული საწვავის თანმდევ დოკუმენტში მითითებული მონაცემები არ შეესაბამება საწვავის რეალურ შემადგენლობას?

დიახ, ასეა. თუმცა არამხოლოდ იმპორტიორების ნაწილი სცოდავს. საქართველოში არიან ადგილობრივი მწარმოებლებიც და რიგ შემთხვევებში არც მათი პროდუქცია შეესაბამება დადგენილ ნორმებს.

მოსალოდნელი საკანონმდებლო ცვლილებებით არასტანდარტული საწვავის წარმოება, რეალიზაცია და შემოტანა უფრო მკაცრად იქნება გაკონტროლებული და ჯარიმებიც იზრდება. გათვალისწინებულია სისხლის სამართლებრივი დევნაც. გამოიღებს ეს ყველაფერი შედეგს, გახდება საწვავი უკეთესი?

იმედი მაქვს, რომ კი. ეს იქნება ერთგვარი პრევენცია და ვფიქრობ, რომ ვითარება უკეთესობისაკენ შეიცვლება.

მოსალოდნელ ცვლილებებზე ბაზრის მთავარ მოთამაშეებს რა რეაქცია აქვთ?

როდესაც ბაზარზე უხარისხო პროდუქტი ჩნდება, ყველა კეთილსინდისიერი ოპერატორისა და მოთამაშის ინტერესი არის დარღვეული. ასე რომ, კანონის გამკაცრების აუცილებლობას ყველა აცნობიერებს და რაიმე გართულება და წინააღმდეგობა ბიზნესის მხრიდან მოსალოდნელი არ არის. უხარისხო პროდუქციის შემომტანი აპრიორი უპირატეს მდგომარეობაში. ამიტომ, კეთილსინდისიერ ბიზნესს გაცნობიერებული აქვს ამ ცვლილების აუცილებლობა. გარდა ამისა, ეს ცვლილებები ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებასაც წაადგება. როგორც ცნობილია, უხარისხო საწვევი გარემოსა და ჰაერს უკიდურესად აბინძურებს.

ეს საკანონმდებლო ცვლილება საწვავს ხომ არ გააძვირებს?

არა, კონტროლის ზრდასა და გაზრდილ ჯარიმებს საწვავის ფასთან კავშირი არ აქვს. ეს ცვლილებები ფასის ზრდას არ გამოიწვევს. ფასებზე სულ სხვა ფაქტორები მოქმედებს და ხარისხის კონტროლი აქ არაფერ შუაშია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები