ეკატერინე ტიკარაძე: ჩვენი ჯანდაცვის სისტემა კორონავირუსის გავრცელების ნებისმიერი ოდენობისა და ტალღისთვის მზად არის
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველოს ჯანდაცვის სისტემა და მთავრობა კორონავირუსის გავრცელების ნებისმიერი ოდენობისა და ტალღისთვის მზად არის.
მინისტრის თქმითვე, აუზებისა და ფიტნესდარბაზების შემოწმება დღეიდან დაიწყო.
„არასტაბილური სტატისტიკა არის ჩვეულებრივი მოვლენა კორონავირუსის გავრცელების პერიოდში, ვინაიდან ვირუსს არ ახასიათებს წინასწარი შეთანხმებები. ჩვენი ჯანდაცვის სისტემა და საქართველოს მთავრობა არის მზად ვირუსის გავრცელების ნებისმიერი ოდენობისა და ტალღისთვის. თქვენ იცით, რომ ძირითადი ინფიცირებულები ჩვენ დღესაც, ისევე, როგორც წინა პერიოდში, გვყავს საკარანტინე სივრცეებიდან. აქედან გამომდინარე, მივიჩნევთ, რომ ეს სტატისტიკა მოსახლეობისთვის ღელვის საგანს არ უნდა წარმოადგენდეს.
ამ ეტაპისთვის ჩვენ გვაქვს საკმაოდ გაფართოებული სამიზნე ჯგუფები და დღესდღეობით, ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, გაფართოებას არ ვგეგმავთ.
14 ივნისის შემდეგ ჩვენ აღარ გვქონია შიდა გადაცემის ფაქტები, აქედან გამომდინარე, არის სწორედ ის გადაწყვეტილებები მიღებული, რის შედეგადაც ჩვენ ვხსნით აუზებსა და ფიტნესდარბაზებს, ასევე, ვაწესებთ სხვა შეღავათებს.
დღეიდან უკვე დავიწყეთ ფიტნესკლუბებისა და აუზების შემოწმება. როდესაც დაიდება გარკვეული პროტოკოლები, რომელიც შემუშავებულია და მოვა შესაბამისობაში არსებულ მდგომარეობასთან, რომელიც დღესდღეობით აქვს ჩვენს აუზებსა და ფიტნესკლუბებს, დაიწყება მათი ეტაპობრივი გახსნა პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში“, – განაცხადა ტიკარაძემ.