უცხოური მედია: რუსეთის “დაყავი და დაიპყარი” სტრატეგიამ, ჯერჯერობით, შეზღუდა უსაფრთხოების თანამშრომლობა აშშ-ის ორმხრივ და მრავალმხრივ პლატფორმებზე, მაგრამ აშშ-ის გასვლამ კიდევ უფრო შეაფერხა პროგრესი
“მაშინ, როცა მსოფლიოში უსაფრთხოების ვაკუუმები მეტ მნიშვნელობას იძენს, შავი ზღვის რეგიონი ძალაუფლებაზე კონკურენციის ცენტრალურ პლატფორმად იქცა – ეს ის ტენდენციაა, რომლის ინტენსივობაც მხოლოდ მოიმატებს”, – გამოცემა EMERGING EUROPE აქვეყნებს სტატიას სახელწოდებით – „სტრატეგიული პარტნიორობა და კონკურენცია დიდ ძალაუფლებაზე შავ ზღვაში” .
როგორც სტატიაშია ნათქვამი, სტრატეგიული პარტნიორობა მნიშვნელოვან როლს ასრულებს შავ ზღვაზე კონკურენციის მხრივ. შავი ზღვის ქვეყნებს შორის საერთო საფრთხის არარსებობის პირობებში, ორმხრივი და მრავალმხრივი ალიანსების შექმნა აუცილებელი ხდება. სტრატეგიული პარტნიორობა შეერთებულ შტატებთან განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ რეგიონისთვის. თუმცა, რადგანაც აშშ უფრო და უფრო მეტ ყურადღებას უთმობს საშინაო დღის წესრიგს, შავი ზღვის ქვეყნები იძულებულნი არიან, ერთმანეთთან შექმნან ალიანსები. სამწუხაროდ, რეგიონული პარტნიორობა არცთუ ისე წარმატებული იყო რეგიონული უსაფრთხოების დამყარებაში.
სტატიის თანახმად, აშშ–სთან სტრატეგიული პარტნიორობა სასიცოცხლო მნიშვნელობისაა იმ ქვეეყნებისთვის, რომლებიც დასავლეთის უსაფრთხოების გარანტიებზე არიან დამოკიდებული და რომლებიც გაზრდილ საფრთხეს გრძნობენ რუსეთის მხრიდან.
ავტორის თქმით, აშშ–სთან ორმხრივი ალიანსები, ჯერჯერობით, არასაკმარისი გამოდგა შავი ზღვის უსაფრთხოების გაზრდისთვის – რუსეთის მიერ 2008 წელს საქართველოში შემოჭრა, 2014 წელს ყირიმის ანექსია და 2018 წელს აზოვის ზღვის ბლოკადა იმაზე მიანიშნებს, რომ რეგიონი ისეთივე დაუცველია, როგორც ეს იყო ცივი ომის ბოლოს.
შავი ზღვის უსაფრთხოების გარეშე, ზღვისპირა ქვეყნებმა უნდა შეიმუშაონ საკუთარი რეგიონული უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ჩარჩოები. რეგიონული ალიანსები და ორმხრივი სტრატეგიული პარტნიორობა შავ ზღვაში აგებულია კომპლექსური არქიტექტურის საფუძველზე, რომელიც მოიცავს შეზღუდული რესურსებით რეგიონის დაცვის უამრავ მცდელობას. შავი ზღვის ქვეყნებს შორის ოფიციალური თანამშრომლობა მრავალმხრივ და რეგიონულ დონეზე არსებობს, მაგრამ ეს, მეტწილად, არააქტიურია. შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაცია (BSEC), რომლის სათავო ოფისი სტამბოლში მდებარეობს, თავს უყრის შავი ზღვის გაფართოებული რეგიონის ყველა ქვეყანას. შეხვედრები ხუთ წელიწადში ერთხელ ტარდება, ბოლო სამიტი კი 2017 წელს გაიმართა.
BSEC მოიცავს მხოლოდ ეკონომიკურ თანამშრომლობას და არა უსაფრთხოებისა და ენერგეტიკის მიმართულებით. 2012 წელს რუმინეთმა დაიწყო სამმხრივი ფორმატი პოლონეთსა და თურქეთთან, მაგრამ ჩართულობა შემოიფარგლა ყოველწლიური შეხვედრებით, შავი ზღვის უსაფრთხოებაზე რეალური გავლენის მოხდენის გარეშე. რუმინეთმა ასევე შეიმუშავა სტრატეგიული ორმხრივი პარტნიორობა პოლონეთთან აღმოსავლეთ ფლანგზე და თურქეთსა და აზერბაიჯანთან შავ ზღვაში. რუმინეთის ურთიერთობები თურქეთსა და აზერბაიჯანთან ორიენტირებულია ეკონომიკურ განვითარებასა და ენერგეტიკულ უსაფრთხოებაზე (რუმინეთი არის შავი ზღვის ენერგიის დივერსიფიკაციის ძლიერი დამცველი). თურქეთთან თავდაცვის მიმართულებით თანამშრომლობა ნატო-ს ფარგლებში ხდება და საერთოდ არ არის დღის წესრიგში აზერბაიჯანთან. იმავდროულად, მიუხედავად უკრაინისა და საქართველოს დასავლური ინტეგრაციისადმი მხურვალე მხარდაჭერისა, რუმინეთსა და ამ ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული ორმხრივი თანამშრომლობა არ არსებობს. უკრაინულ-ქართული უმაღლესი სტრატეგიული საბჭო, ახალი სტრატეგიული პარტნიორობა, რომლის ფარგლებშიც უკრაინამ და საქართველომ პირობა დადეს, რომ კოორდინირებას გასწევენ ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში, შავ ზღვაში თანამშრომლობის ახალი ინიციატივების იმედს იძლევა.
გასარკვევი რჩება, თუ რამდენად შეუძლია ამ ორმხრივ ფორმატს, ხელი შეუწყოს დიდ ძალაუფლებაზე კონკურენციის დაბალანსებას და გაზარდოს უკრაინისა და საქართველოს უსაფრთხოება. საქართველომ, ასევე, წამოაყენა რუმინეთთან სტრატეგიული თანამშრომლობა რუმინეთთან 2019 წელს (საქართველო არის აზერბაიჯანულ-თურქულ-ქართული სამმხრივი თანამშრომლობის ერთადერთი წევრი, რომელსაც არ აქვს რუმინეთთან სტრატეგიული ურთიერთობა). ორმხრივ და სამმხრივ სტრატეგიულ პარტნიორობას, რა თქმა უნდა, შეუძლია რეალური მნიშვნელობა შემატოს თავდაცვის, ენერგეტიკისა და რბილი უსაფრთხოების მიმართულებით თანამშრომლობისთვის. მაგალითად, რუმინეთსა და აშშ-ს შორის ოცწლიანმა სტრატეგიულმა პარტნიორობამ შესაძლებელი გახადა დასავლეთის სამხედროს არსებობა შავ ზღვაზე. ეს გამოიხატება საჰაერო ძალების ბაზის არსებობით, რომელიც გადამწყვეტია ავღანეთში ოპერაციებისთვის და ბალისტიკური სარაკეტო თავდაცვის ბაზის არსებობით, რომელიც ევროპას ირანის მხრიდან თავდასხმებისგან დამცავ ქოლგას სთავაზობს”, – ნათქვამია EMERGING EUROPE-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში.
როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, შავი ზღვის ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის, მთავარია აზერბაიჯანისა და რუმინეთის ენერგორესურსები, ხოლო საქართველოში, თურქეთსა და უკრაინაში კი რეგიონალური ქსელის შესაქმნელად, სატრანზიტო და სამარაგო შესაძლებლობები უნდა განვითარდეს.
ამ პარტნიორობის წარმატების საფუძველზე, რუმინეთმა ასევე უზრუნველყო სტრატეგიული პარტნიორობა პოლონეთთან, თურქეთსა და აზერბაიჯანთან – სამივე მათგანი აგებულია საერთო რეგიონალური ინტერესების გარშემო. პოლონეთის შემთხვევაში, ეს არის ეკონომიკური ურთიერთკავშირი და განვითარება, რომელიც ახლა შედის აშშ-ის მიერ მხარდაჭერილ სამი ზღვის ინიციატივაში, რომელშიც პოლონეთმა და რუმინეთმა 500 მილიონი ევრო და 100 მილიონი ევრო ჩადეს. თურქეთისა და აზერბაიჯანის შემთხვევაში, რუმინეთთან ორმხრივი თანამშრომლობა აგებულია ბაქოს ენერგორესურსებისა და თურქეთის მხრიდან კასპიის გაზის ევროპაში ტრანზიტის შესაძლებლობის გარეშემო, აგრეთვე, საერთო ეკონომიკური ინტერესების გათვალისწინებით. თუმცა, ინიციატივები შავი ზღვის ურთიერთკავშირის გაზრდისთვის ეკონომიკური, ენერგეტიკული და უსაფრთხოების თანამშრომლობის გზით ბოლო წლებში შეჩერდა. იმავდროულად, ენერგეტიკა და რეგიონალური სატრანსპორტო თანამშრომლობა უმთავრესია აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთის სამმხრივი პარტნიორობისთვის. 2012 წლიდან, სამი ქვეყნის მინისტრები რეგულარულად იკრიბებოდნენ საერთო ენერგეტიკული პროექტების განსახორციელებლად, მაგალითად, ტრანს-ანატოლიური გაზსადენი, რომელიც ამჟამად ერთადერთია, რომელიც ევროპას ამარაგებს კასპიის ზღვიდან რუსეთის მიერ არაკონტროლირებადი ენერგორესურსებით და აკავშირებს რკინიგზებს. ეს სამმხრივი პარტნიორობა, სავარაუდოდ, გაგრძელდება, სამივე ქვეყნის მხრიდან მომავალი წლების სამოქმედო გეგმაზე ხელმოწერის საფუძველზე. შავი ზღვის უსაფრთხოების თანამშრომლობას წარმატების შერეული ისტორია აქვს. რუსეთის „დაყავი და დაიპყარი” სტრატეგიამ ჯერჯერობით შეზღუდა უსაფრთხოების თანამშრომლობა აშშ-ის ორმხრივ და მრავალმხრივ პლატფორმებზე, მაგრამ აშშ-ს გასვლამ კიდევ უფრო შეაფერხა პროგრესი. რეგიონალურ დონეზე კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი. საქართველოსა და უკრაინას შორის მორიდებული მცდელობები იმედის მომცემია, მაგრამ უსაფრთხოების ვაკუუმის დიდი ნაწილი კვლავ შესავსებია. რუმინეთის ლიდერობა შავი ზღვის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით უნდა გამყარდეს საქართველოსა და უკრაინასთან სტრატეგიული პარტნიორობის მეშვეობით. შავი ზღვის ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის, მთავარია აზერბაიჯანისა და რუმინეთის ენერგორესურსები, ხოლო საქართველოში, თურქეთსა და უკრაინაში სატრანზიტო და სამარაგო შესაძლებლობები უნდა განვითარდეს რეგიონალური ქსელის შესაქმნელად. გარდა ამისა, ბულგარეთის ენერგო პოლიტიკას ტრანზიტის შეთავაზება შეუძლია დივერსიფიკაციის სანაცვლოდ”, – წერს გამოცმება EMERGING EUROPE.