ვახტანგ მახარობლიშვილმა კარლ ჰარცელთან ევროკავშირის საბჭოს რეკომენდაციების იმპლემენტაციის საკითხები განიხილა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, ვახტანგ მახარობლიშვილმა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენელთან, კარლ ჰერცელთან შეხვედრა გამართა და ევროკავშირის საბჭოს რეკომენდაციების იმპლემენტაციის საკითხები განიხილა.

საგარეო უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეები მიესალმნენ ევროკავშირის საბჭოს მიერ მიღებულ რეკომენდაციებს მესამე ქვეყნებიდან ევროკავშირში მგზავრობაზე დროებით დაწესებული შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის შესახებ და ევროკავშირის მიერ განსაზღვრულ უსაფრთხო კატეგორიის 15 ქვეყანას შორის საქართველოს დასახელებას.

აღინიშნა, რომ ევროკავშირის საბჭოს რეკომენდაციების იმპლემენტაციის დოკუმენტი სარეკომენდაციო ხასიათისაა და ამ ეტაპზე წევრი სახელმწიფოების მხრიდან ხდება შემდგომი გადაწყვეტილებების მიღება როგორც საზღვრის გახსნის, ისე – საზღვარზე გადაადგილების პროცედურებთან დაკავშირებით. მხარეები შეთანხმდნენ, გააგრძელონ აქტიური კოორდინაცია როგორც ევროკავშირთან, ისე – წევრ სახელმწიფოებთან საბჭოს რეკომენდაციების აღსრულების მიმართულებით.

„მივესალმებით და მოხარულები ვართ ამ გადაწყვეტილების – ეს არის მართლაც მკაფიო აღიარება იმ საქმიანობისა და იმ პროცესისა, რომელიც გასწია საქართველოს ხელისუფლებამ COVID-19-თან ბრძოლის მიმართულებით. განვიხილეთ შემდგომ ეტაპზე, ორივე მხრიდან გადასადგმელი მნიშვნელოვანი ნაბიჯები. გამოიკვეთა, რომ წევრი ქვეყნები გადაწყვეტილებას ინდივიდურადაც მიიღებენ როგორც უსაფრთხოს ქვეყნების სიასთან, ისე – პროცედურულ ნაწილთან დაკავშირებით. შესაბამისად, ჩვენ უკვე დავიწყეთ აქტიური კონსულტაციები ჩვენს პარტნიორებთან, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან – საჭიროა, კოორდინებულად ვიმოქმედოთ და შესაბამისი გადაწყვეტილებები მივიღოთ, თუ რა ფორმითა და რა პროცედურების დაცვით მოხდება საზღვრების გახსნა”, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ.

თავის მხრივ, კარლ ჰერცელმა აღნიშნა, რომ ევროკავშირის გადაწყვეტილება წარმოადგენს იმ მნიშვნელოვანი სამუშაოს აღიარებას, რომელიც საქართველომ ბოლო თვეების განმავლობაში COVID-19-თან გამკლავების თვალსაზრისით გასწია.

„ეს ნამდვილი აქტივია საქართველოსთვის, რომელსაც ის უნდა ეყრდნობოდეს, მაგრამ, ამავდროულად, ცხადია, რომ ჩვენ ყველა მხრიდან მოვითხოვთ შემდგომ ინტენსიურ მუშაობას. ჩვენ უწყვეტ რეჟიმში ვიმუშავებთ სამინისტროსა და სხვადასხვა უწყებასთან, რათა უზრუნველვყოთ ამ პოტენციალის სრული რეალიზება. ვგულისხმობ მუშაობას როგორც აქ, საქართველოში, ისე – ბრიუსელში, ევროკავშირის დონეზე და ცალკეულ წევრ სახელმწიფოებთან. ჩვენ დიდი სამუშაო გვაქვს გასაწევი, თუმცა საქართველოს ძალიან კარგი პოზიცია აქვს, საიდანაც უნდა დაიწყოს ეს პროცესი”, – განაცხადა ჰერცელმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები