დავით თვალაბეიშვილი: მზად ვართ კომპრომისისთვის, რომ „ფრონტერას“ მიერ არსებულ საბადოებზე გარკვეული პირობებით მუშაობა გაგრძელდეს, რა თქმა უნდა, მათი მხრიდან გარანტიების მიღებით

“მზად ვართ კომპრომისისთვის, რომ შესაძლებელი იყოს „ფრონტერას“ მიერ არსებულ საბადოებზე გარკვეული პირობებით მუშაობის გაგრძელება, რა თქმა უნდა, მათი მხრიდან გარანტიების მიღებით”, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, დავით თვალაბეიშვილმა განაცხადა.

მინისტრის მოადგილე კომპანიას მოუწოდებს, რომ შეხვედრა შედგეს და საკითხები გაიარონ.

„ორი თვის წინ დასრულდა დავა საერთაშორისო არბიტრაჟში საქართველოსა და კომპანია „ფრონტერას“ შორის და ყველა მთავარ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც ქართულმა მხარემ დააყენა, პოზიტიური გადაწყვეტილება იქნა მიღებული. მისი მიღების შემდეგ, დარჩა გარკვეული კითხვები როგორც კომპანია „ფრონტერას“, ასევე – ჩვენი ამერიკელი პარტნიორების მხრიდან.

მინდა განვაცხადო, რომ ჩვენ მზად ვართ, ეს საკითხები გავიაროთ კომპანიასთან და ვეცადოთ, გამოვნახოთ იმგვარი კომპრომისი, რომ შესაძლებელი იყოს კომპანია „ფრონტერას“ მიერ არსებულ საბადოებზე გარკვეული პირობებით მუშაობის გაგრძელება, რა თქმა უნდა, მისი მხრიდან შესაბამისი გარანტიის მიღებით. ამასთან დაკავშირებით ჩვენ მოვუწოდებთ კომპანია „ფრონტერას“, რომ შეხვედრა შედგეს, რათა ეს საკითხები განვიხილოთ“, – აცხადებს დავით თვალაბეიშვილი.

საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, 2020 წლის 17 აპრილს საერთაშორისო საარბიტრაჟო ტრიბუნალმა, ერთი მხრივ, სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციასა“ და ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს, ხოლო მეორე მხრივ, „ფრონტერა რისორსიზ ჯორჯია კორპორეიშენსა“ და „ფრონტერა აშშ-ის“ შორის წარმოშობილ სადავო საკითხებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება გამოიტანა, რომელიც 1997 წლის 25 ივნისის პროდუქციის წილობრივი განაწილებისა და გადამამუშავებელი ქარხნის შესწავლის შესახებ კონტრაქტიდან გამომდინარეობს. საარბიტრაჟო ტრიბუნალმა მხარი დაუჭირა სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციისა“ და სსიპ ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს მიერ კონტრაქტის ნორმათა ინტერპრეტაციას და მათი სასარჩელო მოთხოვნების აბსოლუტური უმრავლესობა დააკმაყოფილა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები