როგორია რუსულ-ჩინური პროპაგანდა, რომელიც ჩვენს შიშებზე ნადირობს

კორონავირუსის პანდემია იდეალური ნიადაგი აღმოჩნდა რუსული და ჩინური პროპაგანდის გავრცელებისთვის და ეს, პირველ ყოვლისა, ევროპაში მოხდა. ჰიბრიდული ომის პირობებში, ამ სახელმწიფოებმა სცადეს ფსიქოლოგიური ქაოსისა და პანიკის დათესვა, რისთვისაც ცრუ ინფორმაციის მრავალწახნაგოვანი ნაკადი გამოიყენეს. განსაკუთრებით ყურადსაღებია კრემლის მედიის დეზინფორმაციულინარატივი იმის თაობაზე, რომ ევროკავშირი სუსტი და არაკომპეტენტური წარმონაქმნია და ევროპული ქვეყნების ხელისუფლებები პანდემიას ვერ ერევიან. ამ პროპაგანდისტული მესიჯების მიხედვით, რუსეთსა და ჩინეთს სანიმუშო მმართველები ჰყავთ, რომლებიც ყველაფერს აკონტროლებენ.

კორონავირუსთან დაკავშირებით მავნე დეზინფორმაციული კამპანიები საოცარ მასშტაბებზე გავიდა. 10 ივნისს ევროკომისიამ  ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ დეზინფორმაციულ კამპანიას ევროკავშირის ქვეყნებსა და მთელს მსოფლიოსთან მიმართებით რუსეთ-ჩინეთის დუეტი აწარმოებს.

„ძალიან საშიში იქნებოდა ამაზე რეაგირების არმოხდენა“, -განაცხადა ევროკომისიის ხელმძღვანლის მოადგილე ვერა იუროვამ. „პანდემიამ გვაჩვენა, რომ ცრუ ინფორმაცია შეიძლება, დიდი ზიანის მომტანი იყოს, მოკლას ადამიანები, ძირი გამოუთხაროს იმ ზომებს, რომლებსაც ქვეყნები ამ ვირუსთან ბრძოლისთვის იყენებენ“. მისი თქმით, სახელმწიფოს მიერ დასპონსორებული უცხოური პროპაგანდა ადამიანების შიშებსა და ეჭვებზე ნადირობს. ევროკავშირი ამ საფრთხეებთან ბრძოლისთვის დიდი ძალისხმევის გაწევას აპირებს. ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ევროკავშირი რუსეთისა და ჩინეთის ხელისუფლებებს დეზინფორმაციული კამპანიების გამართვაში ადანაშაულებს. თუმცა, მოსკოვიც და პეკინის ბრალდებებს “უსაბუთოს” უწოდებენ და ყველაფერს უარყოფენ.

არადა, ევროკავშირის სამსახურებმა კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით გავრცელებული დეზინფორმაციის უამრავი მაგალითი დაასახელეს. ჯერ კიდევ 2015 წელს რუსული დეზინფორმაციის გამოსავლენად ამ ორგანიზაციაში სამუშაო ჯგუფი – EastStratcom-ი შეიქმნა. მის ოფიციალურ საიტზე უკვე წარმოდგენილია ნიმუშებად კორონავირუსთან დაკავშირებული დეზინფორმაციული ხასიათის ასამდე ინფორმაცია.

დასავლეთში ფიქრობენ, რომ რუსეთი გამიზნულად ავრცელებს პანდემიასთან დაკავშირებით მითებს, შეთქმულების თეორიებსა და “ფეიკებს”. იგივე მოხდა 1980-იან წლებში, როდესაც კრემლმა   იმის თაობაზე გაავრცელა დეზინფორმაცია, რომ შიდსი აშშ-ის ლაბორატორიაში შექმნეს.  მოგვიანებით, რუსეთის საგარეო დაზვერვის ყოფილმა ხელმძღვანელმა, ევგენი პრიმაკოვმა განაცხადა, რომ ამ მითის გავრცელება მისი უწყების მიერ შემუშავებული ოპერაცია „ინფექციის“ დეზინფორმაციული ქვაკუთხედი იყო.

იმათ შორის, ვინც “ფეიკებს” ქმნის, მრავალნაირი მედია და ონლაინრესურსიც ფიგურირებს. მათ შორის არის NewsFront-იც, რომელთა „კორესპოდენტების“ უმრავლესობა თითქოს და მოხალისეები არიან. ამ საიტს მრავალენოვანი გვერდები აქვს, მათ შორის, ქართულიც. ეს დეზინფორმაციული სააგენტო რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმში დაფუძნდა და ერთ-ერთი “ფეიკნიუსით” გვეუბნებოდა, რომ კორონავირუსი ადამიანების „სტერილიზაციისთვის“ გამოიგონეს. ჩინური ოფიციოზის, მედიისა და სოციალური ქსელების კოორდინირებული შეტევა საკუთარი ქვეყნის იმიჯის გამოსწორებისთვის მას მერე დაიწყო, რაც მთელმა მსოფლიომ ოფიციალური პეკინი კორონავირუსის გავრცელების შესახებ ინფორმაციის დამალვის გამო გააკრიტიკა.

რაც შეეხება რუსეთს – ბუნებრივია, რუსული დეზინფორმაციის გამტარებელ ერთ-ერთ ყველაზე მოქნილ და მძლავრ იარაღად EastStratcom-ი რუსულ Sputnik-ს მიიჩნევს. მაგალითად, საუბარია იმაზე, რომ SputnikЛатвия-მ გამოაქვეყნა მასალა იმ ვარაუდით, რომ კორონავირუსი სწორედ ლატვიაში მოიგონეს, რადგან იქ ბევრი ნიჭიერი მეცნიერი-ბიოლოგი და ფარმაცევტი ჰყავთ.

ფაქტია, რომ რუსეთის მიზანი მსოფლიო წესრიგის, დემოკრატიების შერყევაა, ასევე, ადამიანების დარწმუნება იმაში, რომ მათ ხელისუფლებებს პრობლემების გადაწყვეტის უნარი არ გააჩნიათ. რუსეთის ხელისუფლების მოთხოვნილებაა, ადამიანებს შეურყიონ რწმენა იმის მიმართ, თუ რას ამბობს მათი მთავრობა, მედია, სამოქალაქო სექტორი. არა და, იმის მაგივრად, რომ საკუთარი მოქალაქეების ჯანმრთელობასა  და პანდემიის დროულ შეჩერებაზე იზრუნოს, კრემლი მთელს მსოფლიოში ჰიბრიდულ ომს აწარმოებს. უფრო მეტიც, ისევე – როგორც ჩინეთი, რუსეთიც კარგა ხანს არ აღიარებდა კორონავირუსის პანდემიის გავრცელებას, რადგან ვლადიმერ პუტინს აპრილში სახალხო რეფერენდუმი ჰქონდა დაგეგმილი. მას სამეფო ტახტზე განუზომელი დროით ჯდომა იმდენად სურდა, რომ კორონავირუსი რუსეთში, უბრალოდ, „არ იყო“. ხოლო რადგან რუსეთში დაავადებულები „არ ჰყავდათ“, სამხედრო ექიმებით იტალიას ეხმარებოდნენ. იტალიურმა მედიამ  სადაზვერვო ფანდი, სახელად – „სიყვარულით რუსეთისგან“ მალევე გაშიფრა. მართალია, კრემლთან დაკავშირებული იტალიელები სხვადასხვა ვიდეომიმართვას აქვეყნებდნენ და რუსეთს ჰიმნებს უმღერდნენ, მაგრამ საბოლოოდ ყველაფერი ნათელი გახდა. პარალელურად, ჩნდებოდა ყალბი ამბები იმის შესახებ, რომ გერმანია მეზობლებს დროულად არ დაეხმარა, მიატოვა, ხოლო რუსეთმა იტალიელები გადაარჩინა, თუმცა ასე არ ყოფილა. მალევე, იტალიელების მაგალითზე სხვა ქვეყნებიც მიხვდნენ, თუ როგორია რუსული „სიყვარული“ სინამდვილეში. ბოსნია-ჰერცოგოვინამ კრემლის „სადეზინფექციო“ სამხედრო კონვოის ქვეყანაში შესვლის უფლებაც კი არ მისცა.

შესაბამისად, ისევე, როგორც ხელების დაბანა, ინფორმაციული ჰიგიენა ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა და მას სიცოცხლის გადარჩენაც კი შეუძლია! ასე რომ, როცა ვკითხულობთ „ინფორმაციას“, რომ მეცნიერები, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვირუსის ვაქცინისშექმნის შემთხვევაში მასთან ერთად უხილავ „ჩიპებს“ ჩაგვიკერავენ, გავითვალისწინოთ, რომ ამ ცრუ ამბავს ჩვენს შიშებზე მონადირე რუსები ან ჩინელები „დიდი სიყვარულით“ ქმნიან.

ნიკოლოზ თუთისანი

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები