სააკაშვილმა რეფორმების საკითხებში ზელენსკის მრჩევლობაზე უარი თქვა

უკრაინის პრეზიდენტის, ვლადიმირ ზელენსკის თქმით, საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს რეფორმების საკითხებში მის მრჩევლობას სთავაზობდა, მაგრამ სააკაშვილმა უარი თქვა, რადგან “ეს მისი დონე არ არის”.

ამის შესახებ ზელენსკიმ “უკრაინსკაია პრავდა”-სთან საუბარში განაცხადა.

“მიხაილ ნიკოლოზოვიჩს შევხდი, მან თქვა: “მინდა, დაგეხმაროთ”. რამდენიმე შეხვედრა იყო, რამდენჯერმე მოვიდა სხვადასხვა რჩევით, ადეკვატური რჩევებით. მან მკითხა: “სად მხედავთ?”. მას ვუთხარი: “მინდა, თავად დაფიქრდეთ, საკუთარი სტატუსი დაინახოთ”. მერე შევთავაზე: “შეგიძლიათ, რეფორმების საკითხებში ჩემი მრჩეველი გახდეთ”. მან თქვა: “ეს ჩემი დონე არ არის”, – თქვა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, სააკაშვილმა რეფორმების საკითხებში ვიცეპრემიერად დანიშვნა შესთავაზა.

“მას ვუპასუხე: თუ ვიცეპრემიერი – იყო ვიცეპრემიერი, მაგრამ პრემიერმინისტრს დაველაპარაკები, როგორ იქნება და როგორ იმუშავებთ”, – განმარტა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, სააკაშვილი ვიცეპრემიერად იმიტომ არ დაინიშნა, რომ დანიშვნის მიმართ განსხვავებული მიდგომა იყო, მათ შორის, ფრაქციის შიგნით.

ზელენსკიმ ასევე თქვა, რომ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა იმიტომ დაუბრუნა, რომ “სამართლიანია”. მისი აზრით, მას პასპორტი უსამართლოდ წაართვეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები