გიორგი გახარია: ჩვენ ვერცერთ შემთხვევაში, ვერანაირი ტურისტის მიღების ფასად, ჩვენი მოქალაქის ჯანმრთელობას კითხვის ნიშნის ქვეშ ვერ დავაყენებთ

“ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ტურიზმიდან შემოსული იმპორტირებული ინფიცირება ქვეყანას შემდგომ შეიძლება, იმდენი დაუჯდეს, რომ არანაირი ფასი იმ ტურისტს არ ექნება. ამიტომ ფრთხილი, გონივრული, დაბალანსებული ნაბიჯებია საჭირო”, – ამის შესახებ პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ სოფელ ნიქოზის სანერგე მეურნეობაში განაცხადა, სადაც შიდა ქართლის რეგიონის ფერმერებს ხვდება.

მისივე თქმით, ეპიდემიასთან ბრძოლაში საქართველო ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია.

„ბოლომდე გვაქვს მიყვანილი, ხელმოწერის დონეზე ისრაელთან შეთანხმება ტურისტების ისრაელიდან შემოყვანაზე. მწვანე კოლიდორი, პირველი, რომელთანაც დავალაგეთ, იყო ისრაელი. მე პირადად ვესაუბრე პრემიერმინისტრს და ყველაფერი მზად იყო, შეთანხმებული ვიყავით იმაზე, რომ პირველი რეისები უნდა გაგვეშვა. ჩვენ რომ დავთქვით თარიღი, 15 ივლისი ვთქვით საერთაშორისო ტურისტების გასახსნელად. ისრაელი იყო პირველი შესაძლებლობა, რომ უფრო ადრე გაგვეკეთებინა ეს ყველაფერი. ზუსტად ერთი კვირის წინ იქ უბრალოდ ეპიდემიოლოგიური სიტუაცია აფეთქდა და ათასობით ადამიანი გადაჰყავთ კარანტინში. რამდენიმე ქვეყანაა კიდევ ასეთი. რა თქმა უნდა, ჩვენ ვერცერთ შემთხვევაში, ვერანაირი ტურისტის მიღების ფასად, ჩვენი მოქალაქის ჯანმრთელობას კითხვის ნიშნის ქვეშ ვერ დავაყენებთ. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ტურიზმიდან შემოსული იმპორტირებული ინფიცირება ქვეყანას შემდგომ შეიძლება, იმდენი დაუჯდეს, რომ არანაირი ფასი იმ ტურისტს არ ექნება. ამიტომ აქ ფრთხილი, გონივრული, დაბალანსებული ნაბიჯებია საჭირო, როგორც ეპიდემიოლოგიური რისკების დასაზღვევად, ასევე, ეკონომიკის აღსადგენად. ეს არის ერთადერთი შესაძლებლობა, რომ ასე ფრთხილად და გონივრულად, ყველამ ერთად გავიაროთ სამშვიდობოს. ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია დღეს საქართველო. როგორ ნაბიჯ-ნაბიჯ, ფრთხილად, უსაფრთხოდ, მოქალაქეზე, ადამიანზე ზრუნვით ვუძლებთ ამ გამოწვევას. ეს უნდა შევინარჩუნოთ ბოლომდე და არ უნდა გამოვეკიდოთ მაღალი რისკის შემცველ იდეებს”, – განაცხადა გახარიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები