სტეფან გრიგორიანი: ქართველებისგან დახმარება უნდა მივიღოთ, რადგან ეს ძალიან გვჭირდება
“ის, რომ ბოლო ორი კვირის განმავლობაში ერთ ღამეში შესაძლოა 600-ზე მეტი კაცი დაინფიცირდეს კორონავირუსით, კატასტროფაა სომხეთისთანა პატარა ქვეყნისთვის. ვფიქრობ, ქართული მხარის ინიციატივა სომხეთის დახმარების თაობაზე უნდა მივიღოთ, რადგან ეს ძალიან გვჭირდება”,- ამის შესახებ პოლიტოლოგი, გლობალიზაციისა და რეგიონული თანამშრომლობის საკითხებში ანალიტიკური (სომხეთის განყოფილების) ცენტრის ხელმძღვანელი, სტეფან გრიგორიანი გაზეთ “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში საუბრობს.
პოლიტოლოგმა ინტერვიუში სომხეთში არსებული მდგომარეობა, ასევე სომხეთის ჯანდაცვის მინისტრ არსენ ტოროსიანის ის განცხადება შეაფასა, რომლის მიხედვითაც მან საქართველოს ჯანდაცვის სისტემის მუშაობასა და სტატისტიკას საეჭვო უწოდა.
“ყოფილი ხელისუფლების წევრების ავტორიტეტი ნულამდეა დაცემული. ისინი თავიანთი ბიზნესწილებისა და კეთილდღეობის დასაცავად იბრძვიან, მით უფრო, რომ ბევრ მათგანს სასამართლოს სკამზე მოუწევს დაჯდომა წლების განმავლობაში კორუფციული საქმეების კეთებისთვის. ამიტომ დაიწყეს მედიის, ვითომ დამოუკიდებელი ექსპერტებისა და პოლიტიკოსების დაფინანსება. თუ არ ჩავთვლით 4-5 ტელეკომპანიას, ყველა დანარჩენი მათი პოლიტიკის გამტარებელია. მათ მართლაც უზარმაზარი ფინანსური და ადმინისტრაციული რესურსი აქვთ და დაუღალავად ებრძვიან ხელისუფლებას. მათი მთავარი იარაღია “ფეიკნიუსები”, რომელთა ტირაჟირებას მათი დაფინანსებული მედია ეწევა. ეს მოიცავს ფაშინიანისა და მისი გამოუცდელი გუნდის დამცირებას.
ყოფილმა ხელისუფლებამ და მისმა მომხრეებმა ამ ორი წლის განმავლობაში მიაღწიეს პოლიტიკური ველის “შავებად” და “თეთრებად” დაყოფას. ასეთმა დამოკიდებულებამ მიიყვანა ქვეყანა იქამდე, რომ დღეს პოლიტიკური დისკუსია აღარ არსებობს. ეს ჩვენზე, ექსპერტებზეც აისახება. ჩვენც ხშირად ვაკრიტიკებთ ხელისუფლებას, რადგან რევოლუციის დროს მათ გვერდით ვიდექით და პასუხისმგებლობას ვგრძნობთ.
ჩვენ ქვეყნის წინსვლა გვინდა, მაგრამ ხანდახან მათ შეცდომებზე არაფერს ვამბობთ, რათა ყოფილი ხელისუფლება არ გავაძლიეროთ. იმავდროულად, ამ ორი წლის განმავლობაში ძალიან მწვავედ ესხმიან თავს არასამთავრობო ორგანიზაციებსაც. შეტევის გამორჩეული ობიექტები არიან პროევროპული ორიენტაციის მქონენი. ტრადიციულად, მათ ჯორჯ სოროსს უკავშირებენ. ამ გლობალური პანდემიის დროს კი “ყველა გზა” ბილ გეითსთან მიდის – მათი მოსაზრებით, “კოვიდ-19” მისი ორგანიზებული და მართულია. რაც უნდა გასაკვირი იყოს, ამ პროპაგანდას შედეგი აქვს. ასე რომ, ახლა სომეხ საზოგადოებაში დომინირებს აზრი, რომ უამრავი სამოქალაქო აქტივისტი, მათ შორის დასაქმებულებიც, განსაზღვრული თანხის, ზოგჯერ კი გრანტის საფასურად ავრცელებენ ინფორმაციას, თითქოს კორონავირუსი არ არსებობს, რომ ბილ გეითსმა და სხვა მდიდარმა ადამიანებმა მოიფიქრეს ეს “მსოფლიო აფერა” საყოველთაო ჩიპიზაციისთვის, რათა ჩვენ სამსახურები წაგვართვან. თავიდან მეგონა, ასეთი თემები არასერიოზული იყო, მაგრამ უამრავმა ადამიანმა, მათ შორის ინტელექტუალებმაც დაიჯერეს. სომხეთში სასამართლო ხელისუფლება და პოლიცია ჯერჯერობით არ არის რეფორმირებული. ორივე ჯერ კიდევ ყოფილი ხელისუფლების ბასტიონია, ეს კი ძალიან აფერხებს ახალი მთავრობის მუშაობას. ამას ფაშინიანიც ხშირად ამბობს, თუმცა ვითარების შესაცვლელად ქმედით ზომებს არ მიმართავს, ეს კი ყოფილ ხელისუფლებას რევანშის შესაძლებლობას აძლევს. ახლა მთავარია პერსონის შერჩევა, რომელსაც ისინი ფაშინიანთან გადამწყვეტი ბრძოლისთვის აირჩევენ”,- განმარტავს პოლიტოლოგი.
ჟურნალისტის კითხვაზე -“ფაშინიანს ოპოზიცია მუდმივად ადანაშაულებს ვირუსთან არაეფექტურ ბრძოლაში და თუ შედეგს გადავხედავთ, სათქმელიც აქვს”, – სტეფან გრიგორიანი პასუხობს, რომ ოპოზიციას სათქმელი აქვს, რადგან ფაშინიანის ხელისუფლება არაეფექტურად მუშაობს”.
“ოპოზიციას აქვს სათქმელი, რადგან ფაშინიანის ხელისუფლება მართლაც არაეფექტურად მუშაობს, ხალხს კი ხშირად ამის მიზეზები არ აინტერესებს. არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ სომხეთს არა აქვს დიდი რესურსები და არ შეუძლია მკაცრი საკარანტინო ვითარების ხანგრძლივად დაწესება. ის, რომ ბოლო ორი კვირის განმავლობაში ერთ ღამეში შესაძლოა 600-ზე მეტი კაცი დაინფიცირდეს, კატასტროფაა სომხეთისთანა პატარა ქვეყნისთვის. ამიტომაც, ვფიქრობ, ჩვენმა ქვეყანამ საერთაშორისო საზოგადოებრიობას დახმარება უნდა სთხოვოს”,- აღნიშნავს პოლიტოლოგი.
კითხვაზე – “სომხეთში ვირუსით გამოწვეული მძიმე მდგომარეობის გამო საქართველოში უკვე დაიწერა პეტიცია სომხეთის დახმარების თაობაზე. როგორ მიიღებს სომეხი ხალხი ამას? ასევე შეგახსენებთ სომხეთის ჯანდაცვის მინისტრ არსენ ტოროსიანის განცხადებას, როდესაც მან საქართველოს ჯანდაცვის სისტემის მუშაობასა და სტატისტიკას საეჭვო უწოდა…”, – გრიგორიანი პასუხობს, რომ ქართული მხარის ინიციატივას სომხეთში დადებითად შეხვდებიან, თუმცა ხელისუფლება მიიღებს თუ არა დახმარებას ამაზე პასუხის გაცემა უჭირს.
“დავიწყოთ კითხვის პირველი ნაწილით – ვფიქრობ, ქართული მხარის ინიციატივას სომხეთში დადებითად შეხვდებიან, თუმცა ხელისუფლება მიიღებს თუ არა დახმარებას, ამაზე პასუხი გამიჭირდება. პრობლემა ის არის, რომ ამ ხელისუფლებას ხმა ამომრჩევლის 70%-მა მისცა და მაღალი ლეგიტიმურობით სარგებლობს. ამიტომაც მიაჩნიათ, რომ არ სჭირდებათ პოლიტიკური მხარდაჭერა, მათ შორის არც ჩვენი, ექსპერტების, რადგან იმდენად ძლიერები არიან, შეუძლიათ უცხო ქვეყნების დახმარებაზე უარი თქვან. ამას კიდევ ერთი ახსნა აქვს – შესაძლოა ეს თემა ოპოზიციამ სპეკულაციისთვის გამოიყენოს. არადა, თავად უწყობს ხელს ვირუსის გავრცელებას, რათა ეს პრობლემა ხელისუფლების დასასუსტებლად გამოიყენოს. ჩემი პოზიცია ასეთია – მეგობრული ქართველი ხალხისგან დახმარება უნდა მივიღოთ, რადგან ეს ძალიან გვჭირდება. გარდა ამისა, აუცილებლად უნდა მივმართოთ დახმარებისთვის საერთაშორისო საზოგადოებრიობას, რადგან სომხეთში “კოვიდ-19”-ის გავრცელების ტემპი კატასტროფულად დაჩქარდა.
რაც შეეხება სომხეთის ჯანდაცვის მინისტრ არსენ ტოროსიანის განცხადებას, მედიამ, რომელიც ყოფილი ხელისუფლების ინტერესების გამტარებელია, მისი ფრაზა სპეციალურად დაჩეხა. ეს იმ თემის გაგრძელებაა, რაზეც ინტერვიუს დასაწყისში ვისაუბრე. ისინი საქართველოსა და სომხეთის ურთიერთობის გამწვავებას ცდილობენ. ეს იყო კრემლის ერთ-ერთი შეკვეთა იმ უამრავისგან, რომელთაც სარგსიანის გუნდის წევრები ასრულებენ. თუმცა ისიც ფაქტია, რომ ტოროსიანმა მცდარად გამოხატა თავისი აზრი “კოვიდ-19”-თან საქართველოს ბრძოლის შესახებ. დამიჯერეთ, არ ღირდა სომხეთში ტოროსიანის გამო ასეთი ხმაური, მაგრამ მედიას აწყობდა ხელოვნური შუღლი. ვფიქრობ, საქართველოს ხელისუფლებამ შეძლო ვირუსთან ეფექტიანი ბრძოლა. თქვენმა სახელმწიფომ ჯანდაცვის სისტემასა და საზოგადოებასთან ერთად თანამიმდევრულად იმოქმედა და წარმატებასაც მიაღწიეთ. ეს ძალიან სასიხარულოა! საქართველოს მაგალითი ცხადყოფს, რომ “კოვიდ-19″-ის დამარცხება შეიძლება. ამის შესახებ არაერთხელ ვისაუბრე ჩვენს მედიაში”, – განმარტავს პოლიტოლოგი.