ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი სვანიძე პროექტის „გმირის დღე“ ღონისძიებას დაესწრო
დღეს, სოფელ ტანძიაში, სულხან-საბა ორბელიანის სახელობის ლიტერატურულ მუზეუმში ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე პარლამენტის დროებითი კომისიის მიერ ინიცირებული პროექტის „გმირის დღე“ ღონისძიება გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ავრცელებს.
მათივე ცნობით, ღონისძიებას ორგანიზება ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის განათლებისა და ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილებამ გაუწია.
„პროგრამის ფარგლებში პრეზენტაციის სახით წარმოდგენილი იყო ორი თემა: სულხან-საბა ორბელიანი და წუღრუღაშენის ტაძარი, რომლებიც განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებენ როგორც ქვეყნის ისტორიის, ისე კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციის თვალსაზრისით.
დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი სვანიძემ, რომელმაც ხაზი გაუსვა ინიციატივის მნიშვნელობას.
„მოხარული ვარ, რომ დღეს ბოლნისში ვმასპინძლობთ პროექტს „გმირის დღე“, რომლის მიზანია ქართველი გმირების, ისტორიული მოღვაწეებისა და კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაცია. ეს ინიციატივა აერთიანებს საგანმანათლებლო და კულტურულ მიმართულებებს და განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ახალგაზრდებში ეროვნული თვითშეგნების გაძლიერებას“, – განაცხადა სვანიძემ.
ღონისძიებას განსაკუთრებული ელფერი შესძინა ანსამბლ „ორბელის“ მიერ შესრულებულმა „მრავალჟამიერმა“, ხოლო ბავშვთა და მოზარდთა თეატრალურმა სტუდია „საღაპრეთმა“ თემატური კომპოზიცია წარმოადგინეს.
ღონისძიებას ესწრებოდნენ მერიის მოადგილეები: ვალენტინა ნავერიანი, თურალ ვალიევი, საკრებულოს ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე იოსებ მუხაგულიშვილი, სამანდატო, საპროცედურო და ეთიკის კომისიის თავმჯდომარე გიორგი მჭედლიძე, ფრაქცია „ხალხის ძალა“-ს თავმჯდომარე ირაკლი ჯაფარიძე და ბოლნისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი იამზე სვანიძე.
მერიის განათლებისა და ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილების უფროსის გიორგი საცკოვის განცხადებით, პროექტის „გმირის დღე“ ფარგლებში მომავალშიც დაგეგმილია მრავალი საინტერესო და საგანმანათლებლო ღონისძიება“, – ნათქვამია ინფორმაციაში.