ფერმერების პროტესტი პოლონეთში – რას ითხოვენ მომიტინგეები
14 ნოემბერს, შუადღისას, პოლონეთში ფერმერების საყოველთაო საპროტესტო აქცია დაიწყო.
Business Insider-ის ცნობით, ისინი სხვა საკითხებთან ერთად მერკოსურის შეთანხმებას და უკრაინიდან პროდუქციის იმპორტს აპროტესტებენ.
ქვეყნის მასშტაბით დაახლოებით 50 ქალაქში პიკეტები და ტრაქტორებით მოძრაობაა დაგეგმილი, რომელთა უმეტესობა პოლონეთის ჩრდილო-დასავლეთით, დასავლეთ პომერანიის სავოევოდეში მდებარეობს. მომიტინგეები ამტკიცებენ, რომ გზების გადაკეტვას არ აპირებენ.
როგორც ორგანიზატორებმა ადგილობრივი მედიისთვის გაკეთებულ კომენტარებში აღნიშნეს, პოლონეთის სოფლის მეურნეობის სექტორში არსებული ვითარება სულ უფრო რთულდება. მომიტინგეები შესაბამის მინისტრთან მოლაპარაკებებს ითხოვენ.
უკმაყოფილო ფერმერები მთავარ პრობლემებად უკრაინიდან პროდუქციის იმპორტს და ევროკავშირის სასოფლო-სამეურნეო პოლიტიკას ასახელებენ, მათ შორის მერკოსურთან მარცვლეულის, ხორცის და ა.შ. იმპორტის შესახებ შეთანხმებას.
აღსანიშნავია, რომ მერკოსური სახელმწიფოთაშორისი თავისუფალი სავაჭრო ზონაა, რომელიც სამხრეთ ამერიკის ქვეყნების უმეტესობას მოიცავს. პოლონელი ფერმერები შიშობენ, რომ ევროკავშირისა და მერკოსურის შეთანხმება რეგიონიდან სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების ჭარბ იმპორტს გამოიწვევს, რაც პოლონეთის ბაზარზე ჭარბ პროდუქციას შექმნის და მათი პროდუქციის ფასებს დაწევს.