ნინო წილოსანი: ვეღარ განასხვავებ ადამიანებს, ვინც თავს უწოდებს სამოქალაქო საზოგადოებას, რომ არ არიან პოლიტიკური პარტიები, ისინი პირდაპირ მოქალაქეებს და სახელმწიფოს ურტყამენ
მე პირადად, ეჭვი არ მეპარება, რომ ეს არასწორი აგენტურული მოძრაობა გარედან იმართება, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
„თუმცა, საზოგადოებამაც რომ კარგად გაიაზროს, რა ვნახეთ ჩვენ იმ დღეს, ვნახეთ, რომ ზუსტად 3 საათზე, „რუსთავი 2“-ის ეთერში გავიდა Prime Time-ის მიერ მოპოვებული ინგლისურენოვანი ტექსტი, რომელზეც ითქვა, რომ ბრიუსელიდან არის მითითება წამოსული და დაახლოებით 10 წუთში ვნახეთ, სიტყვა-სიტყვით როგორ წაიკითხეს ამ ტექსტის ქართული ვერსია. ამის შემდგომ, იმისგან განსხვავებით, რომ წერილი სიტყვა-სიტყვით წაიკითხეს, ამ შემთხვევაში ეტყობა, სათანადო მითითება არ ჰქონდათ მიღებული და ვნახეთ, რომ დაიკარგნენ ახსნა-განმარტებებში; ვნახეთ, რომ როგორც თამარ ჩერგოლეიშვილი ამბობდა, ვიღაც ლევან ლემონჯავას დაწერილია; ვნახეთ, რომ ვიღაცამ ძილში დაწერა ტექსტი; ვნახეთ და მოვისმინეთ, რომ პოლიტიკური პარტიები და ორგანიზაციები ერთობლივად იღებდნენ მონაწილეობას ამ ტექსტის დაწერაში. მოკლედ, იმდენად განსხვავებული და დაბნეული პასუხები იყო, რა თქმა უნდა, ეს კიდევ ერთხელ გვაჩვენებს და გვარწმუნებს, რომ ის ინფორმაცია ამ ტექსტის უცხოეთიდან მიღების თაობაზე, სწორია“, – აღნიშნა წილოსანმა.
მისი თქმით, ეს ფაქტიც რომ გვერდით გადავდოთ, რეალურად ძალიან კარგად ჩანს, როგორ სინქრონში მოქმედებს გარედან წამოსული დავალებები და განცხადებები აქაურ აგენტურაზე, იმ ადამიანებზე, ვინც ანტისახელმწიფოებრივ მოქმედებებს აკეთებენ.
„უკვე ვეღარ განასხვავებ ადამიანებს, ვინც თავს უწოდებს, რომ არ არიან პოლიტიკური პარტიები, არამედ სამოქალაქო საზოგადოებას წარმოადგენენ. ალბათ, სამოქალაქოსი არაფერი არ უჩანთ ამ ადამიანებს, რადგან პირდაპირ, სწორედაც რომ მოქალაქეებს და ქართულ სახელმწიფოს ურტყამენ; მეორე ნაწილი, ე.წ. ოპოზიცია, პოლიტიკური პარტიები, რადიკალიზმით გამორჩეული, რომელმაც ყველა ნიშან-თვისება დაკარგა ოპოზიციური პარტიების. ვგულისხმობ განსაკუთრებით იმათ, ვინც არჩევნებში მონაწილეობაზე უარი თქვა, ანუ, პირდაპირ დაადასტურა, რომ არანაირ პოლიტიკურ საქმიანობასთან არ აქვთ კავშირი და ასევე ისინი, ვინც თავისი საქმიანობით არათუ ხალხის ინტერესს, არამედ წარმოუდგენელია, ამ ქვეყანაში ზოგადად, ვის ინტერესს ატარებენ, პოლიტიკური პარტია კი უნდა ემსახურებოდეს საკუთარი ამომრჩევლის და ხალხის ინტერესს. ამიტომ, ამ ჰარმონიას, გარედან წამოსულ დავალებებსა და აქ მათ მოქმედებას შორის, იმდენი ხანია ჩვენ ვუყურებთ და ვრწმუნდებით, რომ ალბათ, არავისთვის გასაკვირი არ იყო ამ წერილის წაკითხვის ამბავი. ამავდროულად, ფაქტია, მათი მოქმედებები უკვე იმდენად მილევად რეჟიმშია გადასული, რომ ყველაზე ელემენტარულ ფეხის ნაბიჯზეც კი ბორძიკებენ“, – განაცხადა წილოსანმა.