„მხიბლავს გია ყანჩელის მუსიკის მელოდიის ემოცია და ხასიათი“ – ვინ არის 13 წლის მომღერალი და მოდელი მარიამ თადუმაძე, რომელიც წლის საუკეთესო მოსწავლედ დაასახელეს ბაქსვუდის სკოლაში

ჯერ მხოლოდ 13 წლისაა და უკვე წარმატებული მომღერალია. შეყვარებულია გია ყანჩელის სიმღერებზე. მისი რეპერტუარით მიიწვიეს კიდეც Post Tv-ზე.
ამავდროულად, მოდელობაც მოსწონს. სამოდელო სააგენტოსთან დადებული ხელშეკრულებით ოფიციალური მოდელის სტატუსი აქვს.  სწავლაშიც გამოირჩევა – არის ბაქსვუდის სკოლის თბილისის ფილიალის  წლის საუკეთესო მოსწავლე, რის გამოც, გაცვლითი პროგრამით მიემგზავრება დიდ ბრიტანეთში.
როგორ ასწრებს ამდენ რამეს? ამბობს, რომ მშვენივრად ასწრებს, უყვარს ცეკვაც, მუსიკაც, მეგობრებთან ყოფნა და გართობაც და საკმარისი თავისუფალი დროც რჩება. – მარიამ თადუმაძის პერსონა.

 – სიმღერა… როდის შემოვიდა თქვენს ცხოვრებაში?
– სიმღერა ჩემს ცხოვრებაში ადრეული ასაკიდან შემოვიდა. ძალიან მიყვარდა პატარაობისას სიმღერაც, ცეკვაც და ინსტრუმენტებით თამაშიც. ეს არის ოჯახის დამსახურება. 2 წლის ასაკში ვმღეროდი ნიაზ დიასამიძის „ბეჩა ყირამალას“. 5 წლის ასაკში შევედი „ბასტი ბუბუ“-ში.
–  პირველი მელოდია, რომელმაც თავი შეგაყვარათ…
– პირველი მელოდია, რომელმაც თავი შემაყვარა,  მამაჩემს უკავშირდება. ბავშვობაში სულ მასმენინებდა კლასიკურ და 90-იანების როკს. პირველი მელოდიები, რომლებმაც თავი დამამახსოვრა, არის „დიფ ფარფლის“ „Child in time“. „მეტალიკის“ სიმღერა “Nothing Else Matters” და „ლედ ზეპელინის“ „კაშმირი“. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ კვირას მივდივარ „დიფ ფარფლის“ კონცერტზე.
– გია ყანჩელის რეპერტუარით მიწვეული იყავით პოსტ TV-ზე…
– მხიბლავს გია ყანჩელის მუსიკის მელოდიის ემოცია და ხასიათი.  ეს არის არაამქვეყნიური  მელოდია, რომელიც ძალიან სასიამოვნოა მოსასმენად და სამღერლად. მიყვარს მისი სიმღერების მოსმენა და სიმღერაც.– ამჟამად თუ ამზადებთ ახალ სიმღერას ყანჩელის რეპერტუარიდან?
–  ყანჩელის რეპერტუარიდან ვამზადებ ორ სიმღერას. ერთ-ერთია „სევდა“ და „ნუ მეძახი“.
– რას ნიშნავს სიმღერა თქვენთვის?
– ჩემთვის სიმღერა არის ემოციის გამოხატვის საშუალება, სიამოვნებაც, განტვირთვაც და ყველაფერ სასიამოვნოსთან არის დაკავშირებული.
– სწავლობთ ბაქსვუდის სკოლის თბილისის ფილიალში,  წლის საუკეთესო მოსწავლე გაცვლითი პროგრამით მიემგზავრებით დიდ ბრიტანეთში… ალბათ იოლი არ იყო ამ წარმატების მიღწევა?
– ბედნიერი ვარ, რომ დიდი შრომით და ბევრი სწავლით შევძელი და ვარ ბაქსვუდის სკოლის საუკეთესო მოსწავლე. გაცვლითი პროგრამით მივემგზავრები ლონდონში და ძალიან ბედნიერი ვარ. გამიხარდა, რომ საუკეთესო მოსწავლედ დამასახელეს. მადლობა ბაქსვუდის სკოლას ამ შესაძლებლობისათვის.
– წარმატებული მოდელი ხართ. სამოდელო სააგენტოც დაინტერესდა… რას გვეტყვით ამ წარმატებაზე?
– ბავშვობიდან ვოცნებობდი მოდელობაზე და სამოდელო სფეროში მოხვედრაზე. არცთუ დიდი ხნის წინ დავიწყე მოდელობა და მოვხვდი სამოდელო სფეროშიც. ახლა მაქვს მოდელის სტატუსი და ვმუშაობ ჩემი ოცნებისათვის.
– კარგად სწავლობთ, დადიხართ ცეკვაზე, მუსიკაზე… მეგობრებთან გასართობადაც გრჩებათ დრო…
– მეგობრებთან გართობა ძალიან მიყვარს. ამისთვის სულ მრჩება დრო. ვცდილობ ყველაფერი მოვასწრო და მათ შორის გართობაც.
– ჰობი…
– სიმღერა, ცეკვა, პიანინოზე დაკვრა, ცურვა, თხილამურებით სრიალი და ჩოგბურთი.
–  როგორ ფიქრობთ, რა არის აუცილებელი იმისთვის, რომ ადამიანმა წარმატებას მიაღწიოს?
– წარმატებისთვის აუცილებელია მიზანდასახულობა, უნდა გიყვარდეს ის, რასაც აკეთებ და რისთვისაც იბრძვი. ნიჭი და შრომა.
–  ვის ეტყოდით მადლობას კარიერაში წინსვლის გამო?
– ჩემი წარმატებისთვის მადლობას ვეტყვი მშობლებს და განსაკუთრებით დედას, ასევე ჩემს მასწავლებლებს, მათ შორის, სიმღერის მასწავლებლებს – ანუკი ცქვიტინიძეს, მეკო ქავთარაძეს და მარიამ ლიკლიკაძეს.
–  უახლოესი მომავლის გეგმები…
– მომავალ გეგმებში, უკვე აღვნიშნე, შედის  ლონდონში წასვლა სკოლიდან გაცვლითი პროგრამით, ასევე ბევრი შრომა, განვითარება.

 

                                                                                       თამარ შაიშმელაშვილი

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები