რუსუდან თევზაძე: ნათელია, რომ ყველაზე მძლავრი ოპოზიციური გაერთიანება პრაქტიკულად შეგუებულია მწარე მარცხს არჩევნებში

“ყურადღებით ვაკვირდები რა, ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრების ბოლოდროინდელ პერიპეტიებს, სულ უფრო აშკარად იკვეთება ე.წ. ოპოზიციურ გაერთიანებაში შემავალი პარტიების დესტრუქციული მიდგომები, უკვე შეთანხმებულ საარჩევნო ცვლილებებთან დაკავშირებით”, – აცხადებს საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელ-კანცლერი.

მისივე თქმით, ნათელია, რომ ყველაზე მძლავრი ოპოზიციური გაერთიანება პრაქტიკულად შეგუებულია მწარე მარცხს არჩევნებში.

“დღეს, როდესაც ოპოზიციური ფლანგის ერთ-ერთი ოდიოზური წარმომადგენლის მხრიდან, უკვე ხმამაღლა გაისმა რევოლუციური სცენარით სიტუაციის განვითარებისათვის მზადების მოწოდება, ნათელია, რომ ყველაზე მძლავრი ოპოზიციური გაერთიანება პრაქტიკულად შეგუებულია მწარე მარცხს არჩევნებში და გამოსავალს მხოლოდ მდგომარეობის არევასა და ამღვრეულ წყალში თევზის დაჭერის შესაძლო პერსპექტივაში ხედავს.

ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის ანალიზისა და ხელისუფლების ბოლო თვეების ქმედებებისადმი საზოგადოების დიდი ნაწილის დადებითი განწყობების ფონზე, რაც თავის მხრივ „გორბის“ სოციოლოგიური კვლევითაც გამყარდა, ცალსახაა, რომ ოპოზიციურ ეკლექტიკურ კონგლომერატს არჩევნების პირობებში არ შეიძლება ჰქონდეს არა თუ გამარჯვების, არამედ მრავალრიცხოვანი დეპუტაციის იმედი.
ბუნებრივია, ამ პირობებში, პრაქტიკულად განწირულია ოპოზიციის ხელოვნური ერთობის შენარჩუნება და ამ ფლანგის ყველა ანგარიშგასაწევი მოთამაშე, დამოუკიდებლად ეცდება საკუთარი კანდიდატებისათვის მაქსიმალური რაოდენობის ადგილების მოპოვებას.

ამდენად, ყველაზე მეტად მოსალოდნელია, რომ ისევე როგორც ყოველთვის, ოპოზიციური „ძლევამოსილი ერთობა“ არჩევნებამდე მარტივ მამრავლებად დაშლილი მიაღწევს და მათი ძირითადი ამოცანა არა სახელისუფლო პარტიასთან ბრძოლა, არამედ ოპოზიციურ ფლანგზე, საკუთარი თავის გადარჩენა და კონკურენტი პარტიებისათვის ხმების წართმევა იქნება”, – აღნიშნავს რუსუდან თევზაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები