“საერთაშორისო გამოხმაურება მიუთითებს იმაზე, რომ საერთაშორისო პარტნიორები ენდობიან საქართველოს ხელისუფლებას კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლის მიმართულებით”
“ცხადი ხდება, რომ თანამედროვე მსოფლიოში, სადაც შეზღუდული ტურისტული შესაძლებლობებია, საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი სახელმწიფო, რომელიც გახსნის საკუთარ საზღვრებს საერთაშორისო ტურისტებისთვის და მათ უსაფრთხო დასვენების შესაძლებლობას შესთავაზებს”, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერმინისტრის მრჩეველი საერთაშორისო ურთიერთობათა საკითხებში, ირაკლი ჩიქოვანი The Washington Post-ის სტატიას, რომელშიც საუბარია საქართველოს წარმატებაზე კორონავირუსთან ბრძოლის პროცესში.
პრემიერის მრჩევლის შეფასებით, ის, რომ მრავალი ავტორიტეტული საერთაშორისო მედიასაშუალება ღიად საუბრობს საქართველოს წარმატებაზე კოვიდ-19-თან ბრძოლის თვალსაზრისით, საერთაშორისო პარტნიორების ნდობაზეც მიუთითებს.
„მსგავსი საერთაშორისო გამოხმაურება მიუთითებს იმაზე, რომ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები ენდობიან საქართველოს ხელისუფლებას, რომ მას შესწევს უნარი, ეფექტიანი იყოს კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში, მეორეს მხრივ ისინი ენდობიან ჩვენს კერძო სექტორს, სასტუმროებსა და ტურისტულ ბიზნესს, რომელმაც უზარმაზარი გამოცდილება მიიღო ბოლო თვეების განმავლობაში. დაგროვილი გამოცდილება კი მათ აძლევს საშუალებას, თავიდან აირიდონ ნებისმიერი ფორმით კოვიდ-19-ის გავრცელება”, – აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.
“შავ ზღვაზე საქართველო პანდემიისგან დასვენების ნავსაყუდელად წარმოგვიდგება” , – ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას გავლენიანი გამოცემა The Washington Post-ი.
„გვერდზე გადავდოთ უძველესი ვენახები, სათხილამურო კურორტები და შავი ზღვის სანაპიროები. საქართველოს ახალი ტურისტული არეალი აქვს – ადგილი, სადაც პანდემიისგან დაისვენებ”, – წერს Washington Post-ი.
სტატიის თანახმად, კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში საქართველო წარმატების მაგალითია, ახლა კი სურს, რომ ეს წარმატება დასვენებისკენ მიმართოს.