თენგიზ ცერცვაძე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გადაწყვეტილებაზე: “პლაქვენილს” ჩვენ ჯერ არ ამოვიღებთ, მაგრამ შესაძლო გვერდით მოვლენებზე კონტროლს გავამკაცრებთ

“მკურნალობიდან მედიკამენტ “პლაქვენილის” ამოღებას ჯერ არ ვაპირებთ, ჩვენი ქვეყნის მაგალითზე არცერთი გვერდითი მოვლენა არ გვქონია”, – ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომლის მიხედვითაც უსაფრთხოების, მიზნებიდან გამომდინარე, COVID-19-ის სამკურნალოდ “პლაქვენილის” ტესტირება შეწყდა.

“საქართველოში ჯერ ამოღება არ მოხდება. ჯერჯერობით, ის არ ამოუღია ამერიკის და ევროპის არცერთ წამყვან კლინიკასა და უნივერსიტეტს. რაც მთავარია, ის არ ამოუღია ამერიკის საკვები პროდუქტებისა და წამლის სააგენტოს. მთავარი მისი გადაწყვეტილებაა, რადგან ის აანალიზებს ყველაფერს და ის იღებს გადაწყვეტილებას. ჩვენ, საქართველოს მაგალითზე არცერთი გვერდითი მოვლენა  გვქონია. ჩვენ ჯერ არ ამოვიღებთ, მაგრამ გავამკაცრებთ კონტროლს შესაძლო გვერდით მოვლენებზე, ანუ ყველა პაციენტს ისედაც ასე ვიქცეოდით, მაგრამ წინასწარ ჩავუტარებთ გულის სრულფასოვან გამოკვლევას”, – განაცხადა ცერცვაძემ.

ცნობისთვის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გადაწყვეტილებით, უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე, COVID-19-ის სამკურნალოდ მალარიის საწინააღმდეგო პრეპარატის, “პლაქვენილის” (ჰიდროქსიქლოროქინის) ტესტირება შეწყდა. ამის შესახებ განცხადება ჯანმო-ს გენერალურმა დირექტორმა გააკეთა. მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება უკავშირდება კვლევის შედეგებს, რომლის თანახმადაც კორონავირუსით ინფიცირებულთა შორის, რომლებსაც ამ მედიკამენტით მკურნალობდნენ, სიკვდილიანობის უფრო მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. ჯანმო-ს გადაწყვეტილებით, ასევე, შეჩერებულია “ქლოროქინის” გამოცდაც.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები